Rivo ქართული ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რეკრუტინგის პროცესს გარდაქმნის – კომპანიებს ტალანტების სწრაფად აღმოჩენასა და შერჩევაში ეხმარება და რეკრუტინგის სრულ პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს, სამუშაოს მაძიებლებს კი მათ გამოცდილებასა და უნარებზე მორგებული შესაძლებლობების პოვნას უმარტივებს. პლატფორმაზე, რომელიც ოფიციალურად 2 თვეა გაეშვა, უკვე 5,000-ზე მეტი აქტიური პროფილია, ყოველთვიურად კი Rivo.ge-ს სამუშაოს მაძიებელი 50,000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს. ამჯერად, Rivo განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად მზადებას უკავშირდება. Forbes Georgia „რივოს” დამფუძნებელს, ირაკლი მაისურაძეს, პლატფორმის შექმნის იდეაზე, მის უპირატესობებსა და გლობალურ ამბიციებზე ესაუბრა.
ავტორი: იზა გვარამაძე
ირაკლი, საიდან გაგიჩნდათ Rivo-ს შექმნის იდეა? რა კონკრეტული პრობლემა დაინახეთ რეკრუტინგის ბაზარზე, რომლის გადაჭრაც ტრადიციული პლატფორმებითა თუ მეთოდებით ვერ ხერხდებოდა?
Rivo-ს იდეამ, რომელიც პირადი და პროფესიული დაკვირვებების კვეთაზე გაჩნდა, პრობლემა სამი განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინა.
პირველი იყო სამუშაოს მაძიებლის პერსპექტივა – აშშ-ში სწავლისა და მუშაობის პერიოდში ნათლად დავინახე, რომ ვაკანსიებისა თუ სტაჟირებების ძიების პროცესი გაუმართლებლად არაეფექტიანი იყო. სისტემა იმდენად მოუხერხებელი აღმოჩნდა, რომ კონკურენტუნარიან კადრსაც კი ზედმეტ ენერგიასა და დროს აკარგვინებდა.
მეორე რაკურსი უკვე დამსაქმებლის როლში იყო – დუბაიში, როდესაც ახალი სასტუმროს შექმნისას, როგორც ოპერაციების დირექტორს, გუნდის დაკომპლექტება მომიწია. იქ დავრწმუნდი, რამდენად რთული და ძვირი შეიძლება იყოს შესაბამისი ადამიანების მოძიება არსებული რეკრუტინგული ინსტრუმენტებით.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემი, როგორც მენეჯმენტ-კონსულტანტის გამოცდილებაა. მუდმივად ვისმენდი კლიენტი კომპანიების წუხილს იმაზე, თუ რამდენად რთული იყო კვალიფიციური კადრის პოვნა და რა დიდ დროს მოითხოვდა წასული თანამშრომლის სწრაფად ჩანაცვლება. აქვე, მეორე მხრივ, ვხედავდი სამუშაოს მაძიებლების პრობლემასაც: ადამიანებმა ხშირად არ იციან, კიდევ რა პოზიციებს შეიძლება შეესაბამებოდეს მათი გამოცდილება და უნარები და ამიტომ შესაძლოა მათთვის საინტერესო შესაძლებლობები, უბრალოდ, გამორჩეთ, რაც მათ პოტენციალს ზღუდავს. Rivo სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა – ჩვენი იდეაა, ტექნოლოგიის დახმარებით კომპანიებსა და ადამიანებს არა უბრალოდ მეტი არჩევანი, არამედ უფრო შესაბამისი არჩევანის აღმოჩენის შესაძლებლობა მივცეთ. რადგან სწორი ადამიანი სწორ პოზიციაზე ქმნის როგორც პიროვნულ კმაყოფილებას, ისე საუკეთესო ბიზნესშედეგებს.
Rivo ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს. როგორ ჩამოყალიბდა პროდუქტის ეს მოდელი და რომელი მხარის მოზიდვა და პრობლემის გადაჭრა აღმოჩნდა საწყის ეტაპზე უფრო რთული?
როგორც ყველა ორმხრივი მარკეტპლეისის შემთხვევაში, ჩვენც კლასიკური გამოწვევის წინაშე დავდექით. საწყის ეტაპზე დამსაქმებელი კომპანიების მოზიდვა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, რადგან პლატფორმაზე ჯერ კიდევ არ გვქონდა კანდიდატების დიდი ბაზა.
ამ ბარიერის გადასალახად, საწყის ეტაპზე, კომპანიებს ვაკანსიების გამოქვეყნების სრულიად უფასო შესაძლებლობა მივეცით, ხოლო სამუშაოს მაძიებლებისთვის შევქმენით ტექნოლოგიურად ისეთი დახვეწილი და კომფორტული პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ბაზარზე არსებულ ყველა ალტერნატივას და მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ, გამარტივებულ გამოცდილებას სთავაზობდა.
ამ მიდგომამ მალევე გამოიღო შედეგი – მომხმარებლების მხრიდან მივიღეთ საუკეთესო უკუკავშირი, გაიზარდა ორგანული ინტერესი, რეკომენდაციის ეფექტი და პლატფორმამ უსწრაფესი ზრდა დაიწყო. დღეს Rivo Google-ის საძიებო სისტემაში რამდენიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკვანძო მიმართულებით პირველ ადგილს იკავებს. როდესაც კომპანიებმა დაინახეს ტალანტებისგან მაღალი ინტერესი და ჩართულობა, მათი მხრიდან პლატფორმის ათვისების პროცესიც ბუნებრივად დაჩქარდა.
Rivo-ს მთავარი განმასხვავებელი – ხელოვნური ინტელექტია. კონკრეტულად რა საოპერაციო პროცესებს ამარტივებს და ცვლის AI პლატფორმაზე და სად ავლებთ ზღვარს – სად რჩება გადაწყვეტილების მიღების ადგილი ადამიანისთვის?
ჩვენი მიდგომა ასეთია: AI ამარტივებს რუტინას, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ადამიანი იღებს.
სამუშაოს მაძიებლისთვის AI ახდენს საუკეთესო ვარიანტების გენერირებასა და გასცემს რეკომენდაციას, თუმცა საბოლოოდ ადამიანის გადასაწყვეტია, რამდენად შეესაბამება კომპანიის კულტურა მის პიროვნულ ღირებულებებსა და განვითარების ხედვას. იგივე ეხება დამსაქმებელსაც – AI აწვდის რეკრუტერს ყველაზე რელევანტური კანდიდატების სიას, თუმცა უშუალოდ გასაუბრების პროცესში შესაძლოა გამოიკვეთოს ისეთი ნიუანსები, ინტერესთა შეუთავსებლობა ან პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც მხოლოდ ცოცხალი კომუნიკაციისას ვლინდება.
ზღვარი მკაფიოა: მონაცემთა დამუშავება, პირველადი ფილტრაცია და მანუალური ამოცანების ავტომატიზაცია AI-ის საქმეა, ხოლო ცოცხალი კომუნიკაცია, ინტერვიუს პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება – აუცილებლად ადამიანის.
ტექნოლოგიას სწორედ იმისთვის ვიყენებთ, რომ ორივე მხარეს ნაკლები დრო დაახარჯვინოს რუტინაზე და მეტი დრო დავუტოვოთ უშუალო, ადამიანური ურთიერთობებისთვის და, საბოლოოდ, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისთვის.
როგორ განსაზღვრავს Rivo კანდიდატისა და ვაკანსიის თავსებადობას და რა განასხვავებს ამ მიდგომას ჩვეულებრივი, საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული ძიებისგან?
ჩვეულებრივი, საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული ძიება ზედაპირულია და ეძებს მხოლოდ იმას, რაც CV-ში პირდაპირ წერია. ჩვენი ალგორითმი კი მონაცემებს სემანტიკურად აანალიზებს და ხედავს ადამიანის განვითარების ტრაექტორიას. ის პროგნოზირებს, საით მიდის კანდიდატი, როგორია მისი პოტენციალი და რა იქნება მისთვის საინტერესო შემდეგ ეტაპზე.
კომპანიისთვის თავსებადობის ასეთი სიღრმისეული განსაზღვრა ხშირად მოულოდნელ და მაღალეფექტიან სინერგიებს აჩენს, რაც ტრადიციული ძიების ფორმატში მარტივად იკარგება. Rivo-ს AI-მ შეიძლება აღმოაჩინოს კანდიდატი, რომელსაც კონკრეტულ მოთხოვნებთან ერთად აქვს ისეთი დამატებითი უნარები, რომლებიც ამ პოზიციაზე კომპანიისთვის სრულიად ახალ ღირებულებას შექმნის.
ჩვენთვის პრინციპი მარტივია: შესაბამისობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია – ასობით განაცხადი თუ ვაკანსია თავისთავად უკეთესი შედეგის გარანტია არ არის.

თქვენი პლატფორმა AI-ს კანდიდატების პირველადი სკრინინგისა და ვიდეო- და ხმოვანი ინტერვიუებისთვისაც იყენებს. როგორ მუშაობს ეს პროცესი და რა მექანიზმებით აზღვევთ AI-ის შესაძლო გადაცდომას, რათა პოტენციურად კარგი კანდიდატი შერჩევის ეტაპს უსამართლოდ არ გამოეთიშოს?
უპირველეს ყოვლისა, Rivo-ზე AI-ის ვიდეო- და ხმოვანი ინტერვიუების გამოყენება დამსაქმებლის არჩევანია. ინსტრუმენტის მიზანი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კი არა, პირველადი შეფასების პროცესის გამარტივებაა.
AI აანალიზებს კანდიდატის პასუხებს პოზიციის მოთხოვნებთან მიმართებით და დამსაქმებელს აწვდის შეფასებისთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას. ჩანაწერები ხელმისაწვდომია კომპანიისთვისაც და რეკრუტერს ნებისმიერ დროს შეუძლია თავად გადაამოწმოს კანდიდატის პასუხები. თუ ალგორითმი ვერ იგებს პასუხს ან არ არის დარწმუნებული თავის შეფასებაში, ის ამას არ მალავს – პირდაპირ მიანიშნებს დამსაქმებელს და სთხოვს, რომ კანდიდატის მონაცემები ადამიანმა დამატებით გადაამოწმოს.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ AI-ინტერვიუები უთანაბრებს შანსებს კანდიდატებს. ფიზიკურად შეუძლებელია ყველა აპლიკანტთან პირისპირ გასაუბრება. ტექნოლოგიის დახმარებით კი გაცილებით მეტი ადამიანი იღებს საკუთარი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენის შესაძლებლობას და აღარ ფასდება მხოლოდ მშრალი CV-ით. ეს ეხმარება „სწორ“ კანდიდატებს, უფრო მარტივად მოხვდნენ სწორ ადგილას.
ამასთან, Rivo-ში შეფასება მხოლოდ AI-ინტერვიუთი არ შემოიფარგლება. კანდიდატს შეუძლია გაიაროს DISC-შეფასებაც, რომელიც სამუშაო სტილის უკეთ დანახვაში ეხმარება, კომპანიას კი სხვადასხვა ინსტრუმენტის კომბინაციით შეუძლია კანდიდატის უფრო სრული სურათი დაინახოს.
Rivo-ს აქვს ხელფასის კალკულატორი, რომელიც ადგილობრივი შრომის ბაზრის მონაცემებს ეყრდნობა. რა წყაროებს ეფუძნება ეს ინსტრუმენტი და რამდენად რთულია საქართველოს შედარებით დახურულ ბაზარზე ისეთი რეალური მონაცემების შეგროვება, რაც ზუსტ სახელფასო სურათს ასახავს?
ჩვენი ხელფასის კალკულატორი ეყრდნობა ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომ და გამოქვეყნებულ მონაცემებს. მონაცემებში ხშირად გვხვდება ძალიან ფართო სახელფასო დიაპაზონი, რაც ართულებს რეალური სურათის დანახვას როგორც სამუშაოს მაძიებლისთვის, ისე დამსაქმებლისთვის.
ამიტომ მონაცემებს ვამუშავებთ და სტანდარტულ ფორმას ვაძლევთ – ალგორითმი ფილტრავს სტატისტიკურ გადახრებს (outliers), ატარებს ლოგიკურ შემოწმებას და ამის შემდეგ მომხმარებელს აძლევს პოზიციის, გამოცდილების დონისა და ადგილობრივი ბაზრის კონტექსტის მიხედვით შეფასებულ სახელფასო დიაპაზონს.
საქართველოს ბაზარზე, სადაც ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, ასეთი მონაცემები ორივე მხარეს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
როგორია კანდიდატისა და დამსაქმებლისთვის სრული გამოცდილება, რომელსაც პროდუქტი დღეს მათ სთავაზობს?
Rivo ორივე მხარისთვის – სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლებისთვის – სხვადასხვა შესაძლებლობას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
კანდიდატისთვის Rivo სამუშაოს ძიების სხვადასხვა ეტაპს ერთ სივრცეში უყრის თავს. მას შეუძლია ატვირთოს არსებული CV ან უფასოდ შექმნას ახალი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, მიიღოს გამოცდილებასა და უნარებზე მორგებული ვაკანსიების რეკომენდაციები და ნახოს შესაბამისობის მაჩვენებელი. Auto Apply ამცირებს განმეორებითი ფორმების შევსების საჭიროებას, DISC-შეფასება კი, როგორც პიროვნული ტესტი, კანდიდატს საკუთარი სამუშაო სტილის, კომუნიკაციის გზებისა და პროფესიული თვისებების უკეთ გაცნობაში ეხმარება. სურვილის შემთხვევაში მისი პროფილი ხილული ხდება იმ დამსაქმებლებისთვისაც, რომლებიც შესაბამისი გამოცდილებისა და უნარების მქონე ადამიანებს ეძებენ.
დამსაქმებლისთვის Rivo სრულფასოვანი ATS- და რეკრუტინგის მართვის სისტემაა. კომპანიას შეუძლია AI-ასისტენტის დახმარებით შექმნას ვაკანსია, მიიღოს და მართოს განაცხადები, მაგრამ მხოლოდ შემოსულ CV-ებს არ დაელოდოს – თავად მოძებნოს კანდიდატები Rivo-ს ბაზაში გამოცდილების, უნარებისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.
შემდეგ უკვე იმავე სივრცეში შეუძლია მართოს შესაბამისობის შეფასება, პირველადი სკრინინგი, AI ვიდეო- და ხმოვანი ინტერვიუები, კანდიდატებთან კომუნიკაცია და შერჩევის ეტაპები. გუნდს შეუძლია ერთობლივად შეაფასოს კანდიდატები, გააზიაროს უკუკავშირი და ნახოს მიმდინარე სტატუსები.
კომპანიას ასევე შეუძლია შექმნას საკუთარი კანდიდატების ბაზა – მიიღოს CV-ები მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ვაკანსია არა აქვს გახსნილი, შეინახოს რელევანტური პროფილები და ახალი საჭიროების გაჩენისას მოძიება უკვე საკუთარი ტალანტების ბაზიდანაც დაიწყოს.
ამ ყველაფერს ემატება რეკრუტინგის ანალიტიკა და ადგილობრივი ბაზრის სახელფასო მონაცემები. ჩვენი მიზანია, კომპანიას რეკრუტინგის სხვადასხვა ეტაპისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტში მუშაობა აღარ სჭირდებოდეს და ძიებიდან საბოლოო შერჩევამდე პროცესი ერთ სისტემაში მართოს.

საქართველოში დასაქმების არაერთი ტრადიციული თუ ახალი პლატფორმა მოქმედებს. რა არის ის კონკრეტული უპირატესობა, რომლის გარშემოც Rivo-ს განსხვავებული მიდგომა შენდება?
ჩვენთვის მთავარი განსხვავება მხოლოდ ფუნქციების რაოდენობა არ არის. Rivo-ს ვქმნით 4 ძირითადი პრინციპით: სისწრაფე ხარისხთან ერთად, შესაბამისობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია, ყველა პროცესი ერთ სივრცეში უნდა იმართებოდეს და ტექნოლოგია გადაწყვეტილებას კი არ ანაცვლებდეს, არამედ ადამიანს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებოდეს.
Rivo-ში ორივე მხარეს მეტი შესაძლებლობა აქვს:
სამუშაოს მაძიებლისთვის მთავარი უპირატესობა პერსონალიზებული გამოცდილებაა. CV-ის ერთხელ ატვირთვის შემდეგ იქმნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფიდი – თქვენ ხედავთ არა უბრალოდ ახალ ვაკანსიებს, არამედ მათ, რომლებიც ზუსტად თქვენს პროფილს ესადაგება. AI გაძლევთ შესაბამისობის ქულას, რაც ნიშნავს, რომ წინასწარ იცით პოზიციისა და კომპანიასთან თანხვედრის დონის შესახებ.. გვაქვს „Auto Apply“ ფუნქციაც, რომელიც განაცხადის გაგზავნას რამდენიმე წამში ხდის შესაძლებელს. ამასთან, მაძიებელს შეუძლია პასიურ რეჟიმში ეძებოს ახალი სამსახური – სანამ მისი პროფილი აქტიურია, დამსაქმებლები თავად პოულობენ მას და უკავშირდებიან.
დამსაქმებლისთვის Rivo არის სრულფასოვანი რეკრუტინგული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კანდიდატების მოზიდვას, AI-ის დახმარებით მათ ობიექტურ პრიორიტეტიზაციას და მთლიანი პროცესის ერთი სივრციდან, ქაოსის გარეშე მართვას.
საბოლოოდ, ორივე მხარეს ერთსა და იმავე პრობლემას ვუმარტივებთ – როგორ იპოვონ ერთმანეთი შესაბამისმა ადამიანმა და შესაძლებლობამ ნაკლები დროისა და ზედმეტი რუტინის ხარჯზე.
განვითარების რა ეტაპზე ხართ დღეს? როგორია მომხმარებლების, დამსაქმებლების, ვაკანსიებისა და განაცხადების რაოდენობისა და ბოლო პერიოდის ზრდის დინამიკა?
„რივო” განვითარების ძალიან დინამიკურ, აქტიური ზრდისა და კომერციალიზაციის ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი უკვე სრულყოფილია, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და მომხმარებლებს ძალიან მალე დამატებით საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ.
რაც შეეხება ციფრებს, ჩვენთვის გამჭვირვალობა სტრატეგიის ნაწილიცაა წარმატების მისაღწევად და ამ მონაცემებს ღიადაც ვაქვეყნებთ. ამჟამად პლატფორმაზე 5,000-ზე მეტი აქტიური პროფილია. ყოველთვიურად კი 50,000-ზე მეტი უნიკალური სამუშაოს მაძიებელი სტუმრობს ჩვენს საიტზე, რაც ჯამში თვეში 200,000-ზე მეტ ნახვას აგენერირებს. ეს მონაცემები და სწრაფი ზრდის დინამიკა ადასტურებს, რომ მომხმარებლების მხრიდან ინტერესი იზრდება და ბაზარზე მსგავს ტექნოლოგიურ და გამჭვირვალე გადაწყვეტაზე უდიდესი მოთხოვნაა.

Rivo Startupbootcamp Georgia-ს Market Entry პროგრამაში შეირჩა და GITA-ს 150,000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. კონკრეტულად რა მიმართულებებში ჩადებთ ამ რესურსს და რა არის ის ძირითადი შედეგები, რომელთა მიღწევასაც პროგრამის ფარგლებში გეგმავთ?
Startupbootcamp-ის პროგრამა ჩვენთვის მხოლოდ დაფინანსება არ არის – ეს არის შესაძლებლობა, პროდუქტის კომერციალიზაციის მოდელი კიდევ უფრო დავხვეწოთ და შემდეგი ზრდის ეტაპისთვის მოვემზადოთ.
რადგან Rivo ორმხრივი მარკეტპლეისია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორივე მიმართულების პარალელური განვითარება. ამ ინვესტიციას ვიყენებთ იმისთვის, რომ სწორად და სწრაფად მივაწოდოთ ხმა მიზნობრივ აუდიტორიას – მოვიზიდოთ საუკეთესო ტალანტები და დავაკავშიროთ ისინი იმ კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად ეძებენ მათ და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ პლატფორმაზე, გამარტივებული პროცესებით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ხდება. ამ პროცესის მთავარი მიზანი კი ქართული შრომის ბაზრის ტრანსფორმაციაა. ჩვენ ვქმნით რესურსს, რომელიც როგორც დამსაქმებლებს, ისე მაძიებლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაში დაეხმარება.
ბოლოს, რას გვეტყვით Rivo-ს უფრო შორეული გეგმების შესახებ? პროდუქტი ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზეა მორგებული – როგორია თქვენი საერთაშორისო განვითარების ხედვა და გეგმავთ თუ არა Rivo-ს სხვა ბაზრებზე გაფართოებას?
პროდუქტი ტექნოლოგიურად იმდენად დახვეწილი და ძლიერია, რომ ის არის მზად გლობალური მასშტაბირებისთვის. მსოფლიოში არაერთ ბაზარს აქვს ზუსტად ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვჭრით, ამიტომ გრძელვადიანი გეგმა ცალსახად საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაა. თუმცა ამჟამად ჩვენი მთავარი ფოკუსი საქართველოა. გვინდა, რომ ადგილობრივ ეკოსისტემაში უმაღლესი სტანდარტი დავამკვიდროთ. საერთაშორისო გაფართოების აქტიურ სტრატეგიაზე ფიქრს, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ.
S








