XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ეს ამბები ხშირად იმდროინდელ ქართულ პრესაშიც პოვებდა ასახვას. ყველაფერთან ერთად, ცნობები, ზოგჯერ სულაც მწირი და ერთი შეხედვით – უმნიშვნელო, ძველი თბილისის ყოველდღიურობასა და ეკონომიკაზე მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგჯერ კი სრულიად უჩვეულო რაკურსით გვაჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას და გვიხსნის მათ მნიშვნელობას.
რუბრიკაში „ტფილისის დღიური“ ძველი ქართული გაზეთებიდან ამოკრეფილ სწორედ ამ ტიპის პატარ-პატარა ამბებს გაგაცნობთ, რომელთა მთხრობელნი, არცთუ იშვიათად, თავად თფილისის მოქალაქეები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რა ხდებოდა ქალაქში…
„ტფილისის დღიური“ | 1878 წელი
ამბავი #1 – „ყალბი ფულის მჭრელები“
ამ წლის დღიური ყალბი ფულის მჭრელების გახმაურებული ამბით დავიწყოთ, მით უფრო, რომ თფილისში ყალბი ფულის გავრცელება ხშირი მოვლენა იყო, ყალბი ფულის მჭრელებისა და გამავრცელებლების დახლართულ სქემათა გაშიფვრა კი – ერთობ რთული ამოცანა იმ დროის პოლიციისათვის.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, XIX საუკუნის თბილისში, კავკასიის ვაჭრობის ცენტრად ქცეულ ქალაქში, ყალბი ფულის მოჭრა-გავრცელება იმდენად იყო გახშირებული, რომ სხვადასხვა მანქანებით, დამნაშავეები თუ დამნაშავეთა ჯგუფები სამართალდამცავებს მაინც უვარდებოდნენ ხელში.
ამ საქმეს, ყალბი ფულის მოჭრას და გავრცელებას, ბუნებრივია, თავისი სპეციფიკა ჰქონდა. როგორც იმდროინდელი პრესის ფურცლებზე ვკითხულობთ, ქაღალდის ყალბი ბანკნოტების გამავრცელებლები ძირითადად კარგად ნაცნობ, აპრობირებულ მეთოდს მიმართავდნენ, როდესაც სანდოდ მიჩნეულ პირებს, შედარებით მცირე ოდენობის, ოღონდ ნამდვილი ფულის სანაცვლოდ, გაცილებით უფრო დიდ თანხას, ოღონდ ყალბ ბანკნოტებს სთავაზობდნენ. თუკი გარიგება შედგებოდა, ახლა უკვე ყალბი ფულის შემსყიდველის შნოსა და მოხერხებაზე იყო დამოკიდებული, შეძლებდა თუ არა ყალბი ფულის გასაღებას. ზოგჯერ ისეც მოხდებოდა, რომ ამ შემსყიდველს დააკავებდნენ და ისიც თავიდან ბოლომდე, დეტალურად მოჰყვებოდა, ვისგან, როდის და რა ვითარებაში შეიძინა ყალბი ბანკნოტები. ამიტომაც ამ საქმეში ნაცნობობა და ნდობა დიდად მნიშვნელოვანი რამ იყო.
სწორედ ასე – დასმენით, არაერთი დამნაშავე აღმოუჩენია და დაუჭერია ქალაქის პოლიციას. მათ შორის ყოფილა თფილისის მოქალაქე, გვარად – პაპოვი, თუმცა, უიღბლობა რომ არა, ყალბი ფულის ეს გამავრცელებელი შესაძლოა სულაც „მშრალად გამოსულიყო“ საქმიდან.
აი, როგორ განვითარებულა მოვლენები:
პაპოვს თავისი ნაცნობისთვის 500 მანეთად – 2500 მანეთის ყალბი ფული „შეუძლევია“. ნაცნობიც დათანხმებულა, თუმცა, სანამ გარიგება ფაქტობრივად შედგებოდა, პაპოვის შეთავაზების შესახებ პოლიციისთვის უცნობებია.
დანიშნულ დროს მყიდველი მისულა პაპოვის სახლში, რომელსაც მაგიდაზე 2500 მანეთის ყალბი ბანკნოტები დაულაგებია. თავის მხრივ, მყიდველსაც ამოუღია 500 მანეთი ჯიბიდან და მასაც მაგიდაზე დაუდვია თანხა. ამ დროს კი, საიდანღაც, პოლიციის ჩასაფრებული ჩინოვნიკები შევარდნილან სახლში.
სამართალდამცავთა გამოჩენისთანავე, საქმეში გაწაფულ პაპოვს ფულისთვის ხელი „უტაცნია“ და ბუხარში შეუყრია, მაგრამ სამხილის განადგურების ნაცვლად, ყალბი ფულის უიღბლო გამავრცელებელს ნაღდი ფული დაუწვავს…
პაპოვთან ერთად, როგორც დანაშაულში თანამონაწილე, სამართალდამცავებს მისი ცოლიც დაუკავებიათ და როგორც „თფილისის მოამბეში“ „იწერებოდნენ“, იმ 30 კაცისთვის მიუსვამთ სატუსაღოში, ვინც 1878 წლის დასაწყისისთვის, „ყალბი ფულების გავრცელების თაობაზე“ იხდიდა სასჯელს.
ამბავი #2 – „ფულით შეწევნა“
ყალბი ფულის მოჭრისა და გავრცელების გარდა, ეკონომიკური ხასიათის დანაშაული 1878 წელს თფილისში სხვაც ბევრი მომხდარა. მაგალითად, ქალაქში ხმა სწრაფად გავრცელებულა „სინოდალნის კანტორის ხაზინდარის“, ახალგაზრდა, ყველასაგან პატივცემული, სარწმუნო, წყნარი კაცის გაქრობის შესახებ, რომლის გაქრობასთან ერთად, ხსენებული უწყების ხაზინიდან 30 000, ან, სხვა ვერსიით, 161 000 მანეთი დაკარგულა.
მაგრამ უფრო საგულისხმო ის ამბები უნდა ყოფილიყო, მთლად დანაშაულს რომ ვერ დაარქმევ, თუმცა, თავისი არსით, სწორედაც რომ დანაშაულად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან კეთილი საქმისთვის გამოყოფილი ფულის არადანიშნულებისამებრ გამოყენებას უკავშირდება.
მართალია, მთლად ლეგიონი არ ყოფილა მათი სახელი, მაგრამ ქალაქში არცთუ ცოტანი ყოფილან პირები, საქმისა და მეურნეობის განვითარებისთვის ინვესტირებულ „შეწევნას“ სხვა განზრახვით რომ იყენებდნენ.
ასე მაგალითად, „ჩვენი სამეურნეო საზოგადოება ხშირად სხვა-და-სხვა კერძო პირებს აძლევდა ხოლმე ფულით შეწევნას იმ განზრახვით, რომ ამ კერძო პირებმა მოაშენონ კარგი შინაური პირუტყვები, გამართონ სამაგალითო ბაღები, ვენახები და ბოსტნები და ამისაგან ხალხმა რამე შეიძინოსო, და ამ ნაირად კავკასიის მეურნეობამ წინ წაიწიოსო.
ეს განზრახვა არ აუსრულდა ჩვენს მეურნეობის საზოგადოებას: თითქმის ყველამ, ვინც კი რამე მიიღო ხსენებული საზოგადოებიდამ, თვითონ შესჭამა, თავის კერძო საჭიროებისათვის მოიხმარა და ხალხს ამათგან არავითარი სარგებლობა არ უნახავს.
ახლა ეს წესი მიატოვა საზოგადოებამ; კერძო პირს აღარავის აძლევენ ფულს.
მაგრამ საინტერესოა შევიტყოთ, ნუთუ ის ფულები, რომელიც ადრე დაურიგეს ზოგიერთებს, როგორც მაგალითად უფალ კუჩენბახს [სამი ათას თუმანზე მეტი] და სხვებს, სულ დაკარგულად უნდა ჩაითვალოს ჩვენი მეურნეობისათვის?“
რიტორიკულ კითხვას სვამდა გაზეთი „დროება“…
ამბავი #3 – „იკითხონ ტუსაღებმა“
ხსენებული ლეგიონის „ღირსეულ“ წევრად შეიძლება მიეჩნიათ თფილისელებს მეტეხის ციხის ზედამხედველი, პატიოსნებასთან მწყრალად მყოფი კაცი, რომელსაც ქალაქის ხაზინისა და პატიმრების კეთილდღეობის ხარჯზე საკუთარი ჯიბის გასქელება ჰქონია განზრახული.
„უფალ ზედამხედველს“ მოქმედების მარტივი სქემა ჰქონია. იქიდან გამომდინარე, რომ 1870-იანი წლების ბოლოს, სატუსაღოების, ყველაფერთან ერთად – გათბობაზე პასუხისმგებელი ქალაქი ყოფილა, სწორედ ქალაქს უნდა მოემარაგებინა შეშით თფილისის „საპყრობილეები“. დადგენილი წესის თანახმად, ამ საგანზე ქალაქს „ვაჭრობა“ უნდა გამოეცხადებინა, ანუ საპატიმროს შეშით მომარაგების საქმე იჯარით გაეცა.
პირობის თანახმად, მოიჯარეს, კონკრეტულად მეტეხის ციხის შემთხვევაში, 50 საჟენი შეშა უნდა გაემზადებინა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ თითო საჟენის ფასად 26 მანეთი იყო განსაზღვრული, რაც გვარიანად ჩამორჩებოდა იმ დროს ბაზარზე არსებულ შეშის ფასს, ამ იჯარით ძნელად თუ ვინმე დაინტერესდებოდა, რაც სავსებით ლოგიკურია, თუმცა…
ამ იჯარით თავად მეტეხის ციხის ზედამხედველი დაინტერესებულა და „გამოუცხადებია სურვილი, რომ მე ავიღებ ამ ფასათაო“:
„გასაკვირველია ამ გვარი გულ-კეთილობა უფალ მეტეხის საპყრობილის სმოტრიტელისა! გასაკვირველია იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ქალაქში საჟენ შეშას 35-40 მანეთ ნაკლებ კაცი არ დადგამს და ეს ზედამხედველი კი 26 მანეთად კისრულობს! მაშასადამე გამოდის, რომ თითოეულ საჟენზე უფალმა ზედამხედველმა უკანასკნელი ერთი თუმანი მაინც უნდა დაადვას თავის საკუთარი ჯიბიდამ!
მაგრამ ამბობენ, რადგან ეს ზედამხედველი თვითონ მიმღები არის იმ შეშისა, რომელიც ქალაქმა უნდა დაუდგას მეტეხის ციხეს და თვითონვე მეიჯარადრეც იქნება, ამის გამო იოლათ გამოვაო!..
იკითხონ ტუსაღებმა…“
ამბავი #4 – „საძაგელი სუნი ქვა-ნახშირისა“
ტუსაღების ბედისა რა მოგახსენოთ, მაგრამ „ალექსანდროვის ბაღში“ და მიმდებარედ გამვლელი თფილისელები კი დიდად შეწუხებულან იმ საძაგელი სუნით „გელათის ქვა-ნახშირისა“, უფალი შენინგი დღევანდელ ტყიბულის მუნიციპალიტეტში რომ მოიპოვებდა.
უფალ შენინგს „გელათის ქვა-ნახშირის“ მოპოვების უფლება იჯარით ჰქონია აღებული და საზოგადოებაში გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, სურდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ მოპოვებული წიაღისეული „საუკეთესო ქვა-ნახშირი არისო“.
შენინგი, ბიზნესპარტნიორ, ვინმე ნეიმანთან ერთად, თფილისის რკინიგზის სადგურზე და ქალაქის სხვადასხვა წერტილში ასაღებდა ქვანახშირს, ხოლო იმის საჩვენებლად, რომ „გელათის ქვა-ნახშირი“ საუკეთესო იყო, საკუთარ პავილიონში, „ალექსანდროვის ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ ამ ქვანახშირს იყენებდა, ამ ნახშირის წვისგან კი ისეთი მყრალი სუნი იდგა, ბაღში ვეღარ სეირნობდა ხალხი:
„ჩვენ, ქალაქის მცხოვრებლებმა, რომელთაც ამ ზაფხულში სხვაგან სადმე წასვლის ბედნიერება არ გვღირსებია და საღამოობით მაინც სულის მოსაბრუნებლად ეს ერთად-ერთი ბაღი დაგვრჩენია, ჩვენ რაღა დავაშავეთ, რომ სუნთქვას გვიგუბავს და ჰაერს გვიფუჭებს!“
რეალურად, როგორც პრესა წერდა, „გელათის ქვა-ნახშირი ცუდი, ძალიან ცუდი ქვა-ნახშირია, დასაწვავი და ალის, სითბოს მომცემი ნაწილები იმაში ერთობ ნაკლებია, ძალიან ადვილადაც იფხვნება. ამას გარდა, იმის ხმარება ჩვენებურს ფეჩში და ბუხარში ყოვლად შეუძლებელი საქმეა; არც დაიწვის რიგიანად და ისეთი ბოლი და მყრალი სუნი დადგება, რომ ერთ ვერსზე ვერ მიეკარება კაცი“.
ამბავი #5 – „იმოდენა“ ხალხი
„გელათის ქვა-ნახშირის“ მყრალი სუნი პრობლემა უნდა ყოფილიყო იმ თვალსაზრისითაც, რომ 1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, თფილისში იმოდენა ადამიანს მოუყრია თავი, „ქალაქს თავის დღეში რომ არ ენახა“.
თურმე ამიტომაც იყო, რომ რაც უნდა ბევრი გეძებნათ, ქალაქის სასტუმროებში თავისუფალ ოთახს ვერ ნახავდით, ისევე როგორც თავისუფალ სახლს დასაქირავებლად, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, ქირის საშუალო ფასი თითქმის გაორმაგებულიყო.
არსებული ვითარებისთვის თფილისელთა ნაწილს სწრაფად აუღია ალღო და თუკი იმდროინდელ გაზეთებს დავუჯერებთ, ვისაც კი ცოტაოდენი ფული ჰქონდა, ყველა მამულს ეძებდა შესაძენად და სახლის ასაშენებლად:
„ეს ძალიან კარგია უსახლ-კარო ხალხისათვის: ეს დროებით მოგროვილი ხალხი წავა თფილისიდამ და ვინც დავრჩებით, იმათთვის სახლი გაიაფდება“, – წერდა გაზეთი „დროება“.
ამბავი #6 – „დატყვევებული ოსმალოს სალდათები“
1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულებას კიდევ ერთი საინტერესო გარემოება უკავშირდება.
ომის პერიოდში თფილისში არცთუ იშვიათად ჩნდებოდნენ ბრძოლის შედეგად დატყვევებული „ოსმალო“ სამხედროები, რომელთაც ადგილზე მცირე ხნით ტოვებდნენ, შემდეგ კი რუსეთში გზავნიდნენ, „სანამ ტყვეების გაცვლა არ იქნებოდა“.
მათი შემხედვარე, ქალაქში ზოგიერთს აზრად მოსვლია, კარგი იქნება, „ტყუილად ყოფნას და უსაქმოთ რჩენას“, „ოსმალო“ ტყვეები მთავრობამ რაიმე საქმეში, მაგალითად, გზების დაგებისას მუშებად გამოიყენოსო.
ამ აზრის საპირისპიროდ, არსებულა მოსაზრებაც – დატყვევებულ სამხედროებს ყარაული დასჭირდებათ, თორემ გაიქცევიანო.
ასეა თუ ისე, როგორც „თფილისის განცხადებანი“ იუწყებოდა, „მომეტებული ნაწილი იმ ოსმალოს დატყვევებული სალდათებისა, რომელნიც 1878 წლისთვის თფილისში ცხოვრობდნენ“, სახლების შენებასა და ქუჩების გაწმენდაზე ყოფილან დასაქმებულნი და „ამნაირად, თურმე ცოტაოდენ ფულსაც“ იგებდნენ…
ამბავი #7 – მონოპოლისტი „ბაყლები“
ხალხმრავლობა მისწრება უნდა ყოფილიყო ქალაქელი ვაჭრებისთვის, მით უმეტეს, რომ ამ წელს, როგორც ყოველთვის, თფილისურ ბაზრებში დიდი ამბები დატრიალებულა.
ჯერ იყო და თურმე დღე ისე არ გაივლიდა, „შუა-ბაზარში“, სიონის მახლობლად, ერთი მუშტი-კრივი და ჩხუბი არ მომხდარიყო „მეფურგუნეებს“, მეფაიტონეებსა და მეურმეებს შორის:
„როგორც მოგეხსენებათ, შუა-ბაზრის ქუჩა ერთობ ვიწრო ქუჩაა და ურმები და ფაიტონები გვერდს ვერ უხვევენ ერთმანეთს; ხანდისხან კიდევ ვაჭრების საქონლით დატვირთული ფურგუნები ჩერდებიან დუქნების წინ და ამის გამო ქუჩა სრულებით გაკავებულია“.
ამასთანავე, ქალაქში სალაპარაკო თემად ქცეულა ფაქტი, რომ ერევნის მოედნისა და სასახლის ქუჩის გარდა, სადაც დუქნებისა და სახლების ქირაობა ერთობ ძვირი ღირდა, სხვაგან სავაჭრო პუნქტები ძირითადად ბაყლებს ჰქონიათ დაკავებული.
„საიდამ იხდიან ისინი თვეში 30, 35 მანეთს დუქნის ქირას, როდესაც იმათ დუქნებში 15-20 მანეთის სავაჭრო თუ ექნებათო?“, – სვამდნენ თფილისელები კითხვას, რომლის პასუხადაც, შესაძლოა ისევ საგაზეთო ცნობა გამოდგებოდეს, რომლის თანახმადაც, ქალაქის ბაღების დიდი ნაწილი სწორედ თფილისელ ბაყლებს ჰქონიათ იჯარით აღებული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ხილით ვაჭრობაზე ერთგვარი მონოპოლია მოეპოვებინათ, ამავდროულად კი, შემოსავლის მისაღებად, მათი დიდი ნაწილი, მკვახე, „შემოუსვლელი“ ხილის გაყიდვასაც კი არ ერიდებოდა.
ამბავი #8 – „ჭირი და ვაჭრობა“
ბაყლებისაგან განსხვავებით, ამ წელს მძიმე მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ მოგებაზე გავარჯიშებული თფილისელი ვაჭრები, რომლებიც „სავაჭროს“ სპარსეთიდან იღებდნენ…
იმის გამო, რომ 1878 წლის გაზაფხულზე სპარსეთში ჭირი გაჩენილა და „სამზღვრები შეკრულა“, არაერთ თფილისელ ვაჭარს, განსაკუთრებით სპარსელებს, რომელნიც სპარსული საქონლით, უფრო ქიშმიშით და სხვა ხმელი ხილით ვაჭრობდნენ, დიდი ზიანი მისცემიათ, რადგან საქონელი არ მოუდიოდათ“.
ამბავი #9 – თამბაქო
კიდევ ერთი სალაპარაკო თემა ამ წელს თამბაქოს ფასი და ხარისხი ყოფილა…
„კარგი თამბაქო ადგილობრივი 15 მანეთ ზევით არ ფასობს ფუთი, მდარე თამბაქო 5-6 მანეთ ქვევით არ იყიდება. ოსმალოს თამბაქო კი, ფოთოლი, 20-30 მანეთად იყიდება ფუთი, მაგრამ ახლა ოსმალოდამ ჩვენში თითქმის სულ აღარ მოდის თამბაქო“, – იუწყებოდა საგაზეთო ცნობა.
გაზრდილი ფასის გარდა, პრობლემა ყოფილა თამბაქოს ხარისხიც, ყოველ შემთხვევაში, „თამბაქოს მწეველნი“ თურმე ძლიერ უჩიოდნენ მეთამბაქოებს, ერთობ გააფუჭეს თამბაქო და პაპიროსებიო – „იმ თამბაქოს, რომელშიაც ადრე გირვანქაში ორ მანეთს ვაძლევდით, ახლა სამ მანეთ ნაკლებ ვერ ვშოულობთ და ისიც თითქო ბალახ-ნარევი და უგემურიაო“.
ამ ფონზე, ქალაქში შიშობდნენ, რუსეთ-ოსმალეთს შორის ომი კვლავ თუ განახლდა და ზღვა „შეიკრა“, თამბაქოს ფასი მეტად გაიზრდება, შესაბამისად კი, „ჩვენებურ თამბაქოს პატივი დაედებაო“.
გაზეთებში იმასაც წერდნენ, თუმცა ჩვენში ჩინებული ნიადაგი და ჰავაა თამბაქოს მოსაყვანად, მაგრამ ამ წარმოებამ რიგიანად მაინც ვერ მოიკიდა ფეხი, მრავლად არც მოჰყავთ და რაც მოჰყავთ, ისიც არ არის ხეირიანიო:
„მხოლოდ გურიის თამბაქო კი ისეთი კარგია, რომ კარგ ოსმალოს თამბაქოს ბევრად არ ჩამორჩება უკან. მაგრამ ამ საქმეში, როგორც ყველაფერში, ჩვენ უფულობა და უცოდინარობა გვაბრკოლებს, ამიტომ ეს წარმოება ჩვენში მაგრე რიგათ არ ვრცელდება“.
მიუხედავად ამისა, ქართულ თამბაქოს მაინც „დასდებია პატივი“, რადგან რიგი მიზეზების გამო, „ოსმალეთიდან“ თამბაქოს შემოტანა შეფერხებულა – თუკი იმერეთსა თუ გურიაში მოყვანილი თამბაქო ფუთი უწინ ექვს-შვიდ მანეთად ფასობდა, ამ შეფერხების გათვალისწინებით მისი ფასი თხუთმეტ მანეთამდე გაზრდილა:
„გურიის თამბაქოს მწარმოებლებს მიუღიათ მხედველობაში ეს კარგი გასავალი თამბაქოსი და ახლა უფრო ბლომათ სთესავენ“.
ყველაფერთან ერთად, ქალაქში ხმა გავრცელებულა, გაზრდილი ფასების გამო, თფილისელ მეთამბაქოებს კრება დაუნიშნავთ, რომელზეც პირობით უნდა შეკვროდნენ ერთმანეთს, რომ თავიანთი მუშებისთვის ჯამაგირი მოეკლოთ, ხოლო თუკი რომელიმე დასაქმებული ხელფასის შემცირების ნიადაგზე უკმაყოფილებას გამოხატავდა და სამსახურიდან წავიდოდა, ის თამბაქოს სხვა ფაბრიკაში არ აეყვანათ.
ამბავი #10 – „სპიჩკის ქარხანა“ თფილისში
დასასრულ კი გთავაზობთ ერთ ამბავს თფილისში გახსნილი „სპიჩკის ქარხნისა“, რომელიც ჯობდა, მეპატრონეს სულ არ გაეხსნა… ყოველ შემთხვევაში, თფილისელთათვის და არა საკუთრივ მისი ჯიბისათვის.
„თავიდან სიიაფით მოიზიდა ხალხი, თითო ყუთს თითო კაპეიკად ჰყიდდა და ამის გამო ყველა იმის სპიჩკას ჰყიდულობდა და ჰყიდულობს ახლაც.
მაგრამ უბედურება ეს არის, რომ ამ სპიჩკას ერთი პატარა ნაკლულევანი სჭირს: არ ეკიდება!
ორმოცი ღერი უნდა გააფუჭო, რომ ერთს როგორმე დიდს სიფრთხილითა და გაჭირებით მოეკიდოს.
ვინც ერთხელ იყიდა, მეორედ მგონია აღარ იყიდის, რადგან ისევ ვენის და იტალიის სპიჩკაში კარობკაში თუნდა სამი კაპეიკი მისცეს, მაინც უფრო იაფად დაუჯდება“.