ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Compound Foods-მა, რომელიც ყავას სინთეტიკური ბიოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით, მოლეკულების ექსტრაქციით და არა ყავის მარცვლების გამოყენებით ამზადებს, ბუნების დაცვაზე ორიენტირებული ფონდებისა და ანტრეპრენერებისაგან $4.5 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. დღემდე, საერთო ჯამში, კომპანიას $5.3 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული. კომპანიის დამაარსებლის, მარისელ საენზის თქმით, მოზიდულ ინვესტიციას კომპანია ტექნოლოგიური პროცესების დასახვეწად და ბრენდის მასშტაბირებისთვის გამოიყენებს, რათა წლის ბოლოს, ის გასაშვებად მზად იყოს.
„ტემპერატურა იმატებს, რაც ერატიკულ წვიმებთან ერთად მოსავალს საგრძნობლად ამცირებს. მცენარეები ერთსა და იმავე ადგილას ფეხს აღარ იკიდებენ, ან თუ იკიდებენ, მოსავალი დაბალი ხარისხით გამოირჩევა. კოსტა-რიკელ ფერმერებს საკუთარი მიწების გაყიდვა და ზემოთ, მთაში გადაბარგება უწევთ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ ათწლეულებში, სახნავ-სათესი მიწების 50% გამოუსადეგარი იქნება“, – აღნიშნავს Compound Foods-ის დამაარსებელი, მარისელ საენზი.
რაც უნდა უცნაური იყოს, ბუნების დაბინძურების კუთხით, მცენარეებს შორის ყავა მეხუთე ადგილს იკავებს – Compound Foods-ის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ყავის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაა. კომპანიაში საკვების მეცნიერებას ეყრდნობიან: მათ საბაზისო ფორმულის აღდგენა, ერთი მხრივ, მდგრადი ინგრედიენტების გამოყენებით, ხოლო მეორე მხრივ, რაც შეიძლება ნაკლები წყლის დახარჯვით სურთ – საენზის თქმით, ერთი ჭიქა ყავის დასამზადებლად, 140 ლიტრი წყალი არის საჭირო. ტექნოლოგიის გარდა, კომპანიაში გემოებითაც ექსპერიმენტირებენ – კოსტა-რიკული არომატული ყავის გარდა, ისინი ბრაზილიური ყავის შოკოლადისეულ ნოტებსაც ეთამაშებიან.
საენზი ხაზს უსვამს, რომ მისი კომპანია ყავის კონკურენტ პროდუქტს არ ჰქმნის: „ყავა გვიყვარს და ფერმერებსაც ვიცნობთ, უბრალოდ ალტერნატიულ პროდუქტზე ვმუშაობთ. გვსურს, ის ხელახლა შევქმნათ და ერთ დღეს, მარსზეც დავლიოთ, იმ ფერმერებთან ერთად, რომელთაც სამოგზაუროდ ჩვენთან ერთად წავიყვანთ“.
აღსანიშნავია, რომ Compound Foods-ს კონკურენტები არ აკლია: სიეტლში დაარსებული Atomo-ც უყავო ყავას ამზადებს, ოღონდ განსხვავებული ტექნოლოგიით: ისინი იმ მცენარეების ნაყოფს იყენებენ, რომელთაც ყავის მარცვლების მსგავსი თესლები აქვთ.