საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზები დააფუძნებენ ერთობლივ კომპანიას, რომლის მიზანიც აზიიდან მომავალი ტვირთების ეფექტიანი გატარება იქნება.
„ამ კომპანიის ჩამოყალიბების პროცესი ახლა მიდის. საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის მიერ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომლის ამოცანაც იქნება შუა დერეფანში ჩინეთიდან კონტეინერებით მომდინარე ტვირთების გადაზიდვების ეფექტიანი კოორდინაცია, ტარიფების გამჭვირვალე და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბება.
ეს არის კრიტიკული საკითხები, რომლებსაც ჩინეთი სვამდა ჩვენთან და სხვა ქვეყნებთან. ჩვენი მარშრუტი რომ კონკურენტუნარიანი იყოს, მათ სჭირდებათ სტაბილური ტარიფები, მათ სჭირდებათ იაფი გადაზიდვები და ამისთვის აუცილებელია მაქსიმალური კოორდინაცია რკინიგზებს შორის. სწორედ ამ მიზნით სამი რკინიგზა ჩამოაყალიბებს ერთობლივ კომპანიას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ერთობლივი კომპანიის შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშიც საუბრობდნენ, თუმცა ჯერ ყველა დეტალი ცნობილი არაა. ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ამის თაობაზე ხელშეკრულება ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა და ამ მიზნით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი საქართველოშიც იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.
სმაილოვის თანახმად, კომპანია გადაზიდვების დროს 18 დღით შეამცირებს ამ წელს და 10-15 დღით – მომდევნო წლებში. ვიცით ისიც, რომ ერთობლივი კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფი მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
ცნობისთვის, ირაკლი დავითაშვილმა ბრიფინგზე სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის იმაზე, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს და საქართველო შესაძლოა, ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.