ყაზახეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევმა გაიმარჯვა

ყაზახეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევმა გაიმარჯვა

ყაზახეთის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გაიმარჯვა. ტოყაევი, რომელმაც ხმების 81.3%-ის მოპოვება შეძლო, ყაზახეთის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. აზიური სახელმწიფოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თოყაევის ხელახალი გამარჯვება და საპრეზიდენტო ვადის დამატებით შვიდი წლით გახანგრძლივება მოსალოდნელი იყო. 69 წლის თოყაევმა ჯერ კიდევ ეგზიტპოლების შედეგების გასაჯაროებისას განაცხადა, რომ ხალხმა მას, როგორც პრეზიდენტს და მის მთავრობას დამაჯერებელი ნდობა გამოუცხადა, კამპანია კი „ისტორიას დარჩება“.

აღსანიშნავია, რომ თოყაევს ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეალური ოპოზიციური კანდიდატი არც ჰყოლია და მისი ხუთივე კონკურენტი პრაქტიკულად უცნობი იყო. ამომრჩეველთა აქტივობამ 69.4%-ს მიაღწია, მოქმედი პრეზიდენტის გარდა კი ხუთივე კანდიდატმა ხმების დაბალი, ერთნიშნა ქულები მიიღო.

თოყაევმა, პირველი ვადით ყაზახეთის პრეზიდენტად გამარჯვება 2019 წელს, მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ გარდამავალ პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ შეძლო. თუმცა თოყაევი და ნაზარბაევი, მიმდინარე წელს, 20-მილიონიან ქვეყანაში ძალადობრივი არეულობის ფონზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს.

ცნობისთვის, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ბოლოსთვის იყო დანიშნული. მიუხედავად ამისა, იანვრის არეულობებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმების შემდეგ, თოყაევმა ხალხის მხარდაჭერის გასამტკიცებლად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *