THE: ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

THE: ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

2023 წელს „გლობალური ტოპ-100 უნივერსიტეტის“ რეიტინგში 36 სასწავლო დაწესებულება ევროპიდან იქნება წარმოდგენილი, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2011 წელს გამოქვეყნებულ Times Higher Education-ის ანგარიშთან შედარებით, რომელშიც მხოლოდ 28 ევროპული უნივერსიტეტი მოხვდა.

თუმცა 2023 წელი, უკანასკნელი ცამეტი წლის განმავლობაში, გამორჩეული არ იქნება, რადგან საუკეთესო მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2016 წელს დაფიქსირდა: გლობალური ასეულიდან ევროპამ 42 ადგილი დაიკავა. სამი ბრიტანული უნივერსიტეტის, კერძოდ „ოქსფორდის“, „კემბრიჯისა“ და „ლონდონის იმპერიული კოლეჯის (ICL) გარდა, ერთადერთი, რომელიც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში ტოპ-10-ში მოხვდა, შვეიცარიის „ETH ციურიხია“.

Times Higher Education-ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება, 2023 წლის სიაში კი 104 ქვეყნისა და რეგიონების 1799 უნივერსიტეტს აერთიანებს. რეიტინგი ცამეტი ინდიკატორის საფუძველზეა შედგენილი, რომლებიც დაწესებულების მუშაობას ოთხი მიმართულებით ზომავს: სწავლება, კვლევა, ცოდნის გადაცემა, საერთაშორისო პერსპექტივა.

„ოქსფორდის უნივერსიტეტი“ 2023 წლის Times Higher Education-ის რეიტინგში ზედიზედ მეშვიდედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად. 13-წლიანი პერიოდის განმავლობაში, ტოპ-10-ში მუდმივად სახელდებოდა „კემბრიჯის უნივერსიტეტი“, ICL-ს კი უკვე თერთმეტი წელია, ათეულში ვხვდებით. რაც შეეხება შვეიცარიის უნივერსიტეტს, „ETH ციურიხმა“, 2016 და 2017 წლებში – მეცხრე, ხოლო 2018 წელს მეათე ადგილი დაიკავა.

ამ პერიოდის გლობალურ ტოპ-10-ში დასახელებულ ამერიკულ სასწავლებლებს შორის იყო: „ჰარვარდის უნივერსიტეტი“, „სტენფორდის უნივერსიტეტი“, „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (MIT), „კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“, „პრინსტონის უნივერსიტეტი“, „კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი“, „იელის უნივერსიტეტი“, „ჩიკაგოს უნივერსიტეტი“ და „პენსილვანიის უნივერსიტეტი“.

Times Higher Education-ის 2023 წლის რეიტინგში, გლობალურ ტოპ-50-ში, ევროპის 15 უნივერსიტეტი მოხვდა, ხოლო ასეულში 36-მა ევროპულმა უნივერსიტეტმა მოახერხა ადგილის მოპოვება.

„ოქსფორდის“, „კემბრიჯის“, ICL-ისა და „ციურიხის ETH“-ის გარდა, რეიტინგში შემდეგ უნივერსიტეტებს ვხვდებით: „ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი“ (22), „ედინბურგის უნივერსიტეტი“ (29), „მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი“ (30), „მიუნხენის LMU“ (33), „ლონდონის სამეფო კოლეჯი“ (35), „ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა“ (37), ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა (41), ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (42), „ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი“ (43), PSL პარიზის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითი  ინსტიტუტი  (47) და შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტი – „კაროლინსკას ინსტიტუტი“. (49).

აღსანიშნავია, რომ ევროპული უნივერსიტეტების რაოდენობა, გლობალურ ასეულში, უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. 2011 წელს რეიტინგში 28 სასწავლებელი მოხვდა, 2016 წელს კი რაოდენობამ რეკორდულ 42-ს მიაღწია. ამ პერიოდში რეიტინგში ევროპის უნივერსიტეტების მოხვედრის საშუალო წლიური მაჩვენებელი 35.4 უნივერსიტეტს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, ყველაზე მეტი უნივერსიტეტით, რეიტინგში ბრიტანეთი იყო წარმოდგენილი. უნივერსიტეტების რაოდენობა, ცამეტი წლის განმავლობაში, ათიდან თექვსმეტამდე მერყეობდა.

Times Higher Education-ის ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული ასე გამოიყურება:
  1. „ოქსფორდის უნივერსიტეტი“ – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N1)
  2. „კემბრიჯის უნივერსიტეტი“ – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N3)
  3. „ლონდონის იმპერიული კოლეჯი“ – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N10)
  4. „ციურიხის ETH“ – შვეიცარია – (გლობალურ რეიტინგში N11)
  5. UCL – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N22)
  6. „ედინბურგის უნივერსიტეტი“ – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N29)
  7. „მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი“ – გერმანია – (გლობალურ რეიტინგში N30)
  8. „მიუნხენის LMU“ – გერმანია – (გლობალურ რეიტინგში N33)
  9. „ლონდონის სამეფო კოლეჯი“ – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N35)
  10. „ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებების სკოლა“ – გაერთიანებული სამეფო – (გლობალურ რეიტინგში N37)
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *