Qualcomm-ი ისრაელის ავტოჩიპების კომპანია Autotalks-ის შეძენას გეგმავს

Qualcomm-ი ისრაელის ავტოჩიპების კომპანია Autotalks-ის შეძენას გეგმავს

ჩიპების ამერიკული მწარმოებელი Qualcomm-ი, თავისი საავტომობილო ბიზნესის განვითარების ფარგლებში, ისრაელში დაფუძნებული კომპანია Autotalks-ის შეძენას აანონსებს. ცნობისთვის, Autotalks-ი ავტოჩიპებს აწარმოებს, რომლებიც ავარიის პრევენციისთვის საჭირო ტექნოლოგიაში გამოიყენება.

ელექტრომობილების წარმოებისა და მანქანებში ავტომატური მახასიათებლების ზრდასთან ერთად, ავტოინდუსტრიაში მომუშავე კომპანიების მიერ გამოყენებული ჩიპების რაოდენობაც იზრდება. შედეგად, უკანასკნელ წლებში საავტომობილო ბაზარი ჩიპების წარმოებისთვის ძირითად მზარდ სფეროდ გადაიქცა.

ისრაელის კომპანია Autotalks-ი V2X (ავტომობილი ყველაფრისთვის) საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩიპებს ამზადებს, რომლებიც პილოტირებული და თვითმართვადი ავტომობილებისთვის საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. როგორც ცნობილია, ამერიკული კომპანია Autotalks-ს მის საკუთრებაში არსებული Qualcomm Technologies-ის საშუალებით შეისყიდის. გარიგების ღირებულება ამ ეტაპისთვის არ გასაჯაროებულა.

Qualcomm Technologies-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნაკულ დაგელის ინფორმაციით, კომპანია V2X-ის ტექნოლოგიის კვლევაში, განვითარებასა და დანერგვაში ინვესტიციებს 2017 წლიდან ახორციელებს. მისივე განცხადებით, კომპანიაში მტკიცედ სწამთ, რომ ავტომობილების ბაზრის მომწიფებასთან ერთად, დამოუკიდებელი V2X-ის უსაფრთხოების არქიტექტურა საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდება.

გასულ წელს Qualcomm-ის საავტომობილო ბიზნესი, ივლისში გამოცხადებული $10 მილიარდიდან, $30 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიაში ზრდას Snapdragon-ის „ციფრული შასის“ წარმოებას უკავშირებენ. Snapdragon Digital Chassis-ი საავტომობილო ქლაუდ-პლატფორმაა, რომელიც მძღოლის დამხმარე და ავტონომიური მართვის ტექნოლოგიისთვის გამოიყენება.