ქვეყნების რეიტინგი, საბრძოლო ტანკების ფლოტის სიდიდის მიხედვით

ქვეყნების რეიტინგი, საბრძოლო ტანკების ფლოტის სიდიდის მიხედვით

საბრძოლო ტანკების გამოჩენამ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის პროცესზე რევოლუციური გარდატეხა მოახდინა და საუკუნის გასვლის მიუხედავად, ტანკი დღესაც თანამედროვე არმიების შეიარაღების ქვაკუთხედად რჩება. Global Firepower-მა 2023 წლისთვის მსოფლიოში საბრძოლო ტანკების ყველაზე დიდი მარაგის მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

Global Firepower-ის 2023 წლის რეიტინგში ძირითად საბრძოლო ტანკებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების M1A2 Abrams-ი ან გერმანული Leopard 2-ი, შედარებით მსუბუქი ტიპის ტანკებიცაა წარმოდგენილი, მათ შორის ტაილანდური Stingray. თუმცა რეიტინგის შედგენისას ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა ქვეყნების საკუთრებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითი საბრძოლო მანქანები. Global Firepower-ის რეიტინგით დადგინდა, რომ დღეისათვის საბრძოლო ტანკების ყველაზე დიდი ფლოტით ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთია (12,566 ტანკი), მას მეორე ადგილით ჩრდილოეთი კორეა (6,645 ტანკი) მოსდევს, მესამე პოზიციას კი ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს (5,500 ტანკი).

რეიტინგის ლიდერ რუსეთის ფედერაციას, არსენალში ტანკების ყველაზე დიდი ფლოტი აქვს, დაწყებული T-72 სერიით, დასრულებული თანამედროვე T-14 Armata-თი. რუსეთის ფლოტში ჯამში 12,566 ტანკი აღირიცხება, უფრო მეტი, ვიდრე სიის მეორე და მესამე ადგილის მფლობელ ქვეყნებს ერთად აქვთ. მიუხედავად ამისა, რუსეთის თითქმის 13,000 აქტიური საბრძოლო ტანკიდან მხოლოდ მცირე ნაწილია ძირითადი საბრძოლო ტანკი.

გარდა ამისა, რუსეთის ფლოტიდან მხოლოდ ერთი მეოთხედი მიიჩნევა თანამედროვე ტანკებად (T-72B3/B3M-ი, T-80-BVM-ი და T-90A/M-ი). სწორედ თანამედროვე ტანკების სიმცირეა იმ რიგი წარუმატებლობების მიზეზი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში აწყდება, მიუხედავად იმისა, რომ ტანკების რაოდენობით რუსეთი უკრაინას თითქმის ექვსჯერ აღემატება (12,556 ტანკი 1,890-ის წინააღმდეგ).

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ შერაცხილი ომის დაწყების შემდეგ, პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით ტანკების თითქმის ნახევარი დაკარგა.

მსოფლიოში სიდიდით მეორე სატანკო ფლოტი ჩრდილოეთ კორეას ეკუთვნის, რომელშიც 6,645 ტანკია აღრიცხული. კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ჯავშანტექნიკა კორეის ომის შემდეგ (1950-1953) შეინარჩუნა, როდესაც მისი პირველი 105-ე არმირებული ბრიგადა, რომელიც საბჭოთა წარმოების T-34/85 ტანკებისგან შედგებოდა, სამხრეთ კორეაში შეიჭრა.

ომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის არმია გადაიარაღდება საბჭოთა T-34/85-ებით, მოგვიანებით კი T-55-ებით და ჩინური ვარიანტის Type 59 ტანკებით. მიუხედავად ათწლეულების გასვლისა, ტანკები დიდი ალბათობით კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეის ფლოტი მიუხედავად რაოდენობისა, მოძველებულ სისტემებადაა მიჩნეული.

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ (PLA) ახლახან დააჩქარა ფლოტის მოდერნიზაციის გეგმები. მოდერნიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2027 წელს ჩინეთის არმიის ასი წლისთავს ეძღვნება, პარტიის მე-20 კონგრესზე იქნა მიღებული. ამჟამად, ჩინეთი საბრძოლო ტანკების ფლოტით მეოთხე ადგილზეა და აერთიანებს როგორც მოძველებულ, ასევე თანამედროვე საბრძოლო  ტანკებს.

მიუხედავად 1,890 ტანკით რეიტინგში მხოლოდ მე-13 ადგილისა, უკრაინა ომის დაწყების შემდეგ წარმატებით უმკლავდება სიის ლიდერის, რუსეთის ფედერაციის საბრძოლო ტანკების ფლოტს. ომის დასაწყისში საბჭოთა პერიოდის განახლებული T-64-ებით შეიარაღებულმა უკრაინამ, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან T-72-ები მიიღო, ამასთან ერთად კი, გაქცეული რუსი ჯარისკაცების მიერ დატოვებული სამხედრო აღჭურვილობის წყალობით, სატანკო ძალები კიდევ უფრო გაზარდა. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებით, უკრაინას ახლა „შესაძლოა ბრძოლის ველზე რუსეთზე მეტი ტანკიც კი ჰქონდეს“.

წარმოგიდგენთ ქვეყნების რეიტინგს, საბრძოლო ტანკების ფლოტის სიდიდის მიხედვით:

  1. რუსეთი – 12,566 ტანკი
  2. ჩრდილოეთი კორეა – 6,645 ტანკი
  3. ამერიკის შეერთებული შტატები – 5,500 ტანკი
  4. ჩინეთი – 4,950 ტანკი
  5. ეგვიპტე – 4,664 ტანკი
  6. ინდოეთი – 4,614 ტანკი
  7. ირანი – 4,071 ტანკი
  8. პაკისტანი – 3,742 ტანკი
  9. სირია – 2,616 ტანკი
  10. სამხრეთი კორეა – 2,331 ტანკი
  11. თურქეთი – 2,229 ტანკი
  12. ისრაელი – 2,200 ტანკი
  13. უკრაინა – 1,890 ტანკი
  14. ვიეტნამი – 1,829 ტანკი
  15. მაროკო – 1,761 ტანკი
  16. ერიტრეა – 1,756 ტანკი
  17. ალჟირი – 1,700 ტანკი
  18. იორდანია – 1,588 ტანკი
  19. საბერძნეთი – 1,365 ტანკი
  20. საუდის არაბეთი – 1,273 ტანკი
  21. კუბა – 1,230 ტანკი
  22. ტაივანი – 1,012 ტანკი
  23. იაპონია – 1,004 ტანკი
  24. ერაყი – 923 ტანკი
  25. აზერბაიჯანი – 920 ტანკი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *