ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონია

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონია

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი.

„ნაპოლიმ“ საჩემპიონო მატჩი „უდინეზესთან“ სტუმრად გამართა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ნეაპოლელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ქართველმა გარემარბმა მოედანი 85-ე წუთზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“, მიმდინარე სეზონის ჩათვლით, სერია A სულ სამჯერ აქვს მოგებული. კლუბი იტალიის ჩემპიონი პირველად 1986-87 წლების სეზონში გახდა, მეორედ კი 1989-90 წლების სეზონში, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ ქომაგები ტიტულის მოგებას 33 წელი ელოდნენ.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ის სერია A-ში 2022/23 წლების სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 38 შეხვედრაში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.