რა არის მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი?

რა არის მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი?

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) დეფლატორი არის ფასების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ფასები ადგილობრივი წარმოების საქონელსა და მომსახურებაზე. დეფლატორს ქვეყნების სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურები ითვლიან, ძირითადად კვარტალურად და წლიურად. მაგალითად, წლიური დეფლატორი გვიჩვენებს ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ რამდენით გაძვირდა ადგილობრივი წარმოების საქონელი და მომსახურება. 2020 წელს საქართველოში მშპ-ის დეფლატორი 7.3% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ დეფლატორი ფასების ზრდას უჩვენებს, მას ინფლაციის დონის დასადგენად არ იყენებენ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ მასში იმპორტირებულ საქონელზე ფასების ცვლილება არ შედის. ამ დროს, ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა თავისი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯავს. შესაბამისად, როდესაც გვინდა, გავიგოთ ფასების ზრდის (ინფლაციის) ტვირთი მოსახლეობაზე, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების  ზრდაც უნდა დავითვალოთ და ამის შემდეგ დავადგინოთ ინფლაციის მაჩვენებელი.

მშპ-ის დეფლატორს ძირითადად ნომინალური მშპ-დან რეალური მშპ-ის დასათვლელად იყენებენ. ნომინალური მშპ არის მიმდინარე, საბაზრო ფასებში გამოხატული მშპ. თუ გვინდა, გავიგოთ, ქვეყანაში არის თუ არა ეკონომიკური ზრდა, ანუ თუ გაიზარდა მშპ, ამ დროს რეალური მშპ-ის ცვლილებას უნდა დავაკვირდეთ. რეალურ მშპ გამორიცხავს ფასების ცვლილებით მშპ-ის ზრდას და ეკონომიკის რეალურ ზრდას გვიჩვენებს. ნომინალური მშპ-დან რეალური მშპ რომ მივიღოთ, დეფლატორის პროცენტული ცვლილება უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, 2019 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 10.2%-ით გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს დეფლატორი იყო 5.2%. რეალური ეკონომიკის ზრდამ 5% (10.2%-5.2%) შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.