Meta-ს ახალი პროდუქტის, Threads-ის გამოჩენასთან ერთად მომხმარებლების ათვისების ახალი რეკორდი დამყარდა. კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, აპლიკაციას 100 მილიონ მომხმარებელზე გასასვლელად მხოლოდ 5 დღე დასჭირდა. ამ მაჩვენებელს კი ახალმა პლატფორმამ რეკლამის გარეშე, ორგანული მოთხოვნით მიაღწია. საინტერესოა, თუ, რა დრო დასჭირდათ მსოფლიოს სხვა პოპულარულ პლატფორმებს ამავე შედეგის გასამეორებლად.
PwC-სა და Yahoo-ს მონაცემებით 100 მილიონ მომხმარებელზე Threads-ის შემდეგ ყველაზე სწრაფად ChatGPT ავიდა. ამისათვის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ-პლატფორმას მხოლოდ 2 თვე დასჭირდა. ChatGPT-ი OpenAI-ის პროდუქტია, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს.
მესამე სწრაფი მაჩვენებელი ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ აპლიკაციას, TikTok-ს აქვს. 2017 წელს ჩაშვებულმა ჩინურმა პლატფორმამ 100 მილიონ მომხმარებელს 9 თვეში მიაღწია. ამ მაჩვენებლით ხუთეულში WeChat-ი და Instagram-ი ხვდებიან. WeChat-მა ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და 100 მილიონი მომხმარებელი 1 წელსა და 2 თვეში შეიძინა, Instagram-ი კი 2010 წლიდან ფუნქციონირებს და იმავე შედეგის გასამეორებლად 2 წელი და 6 თვე დასჭირდა.
საინტერესოა, რომ Threads-ის კონკურენტმა Twitter-მა 100 მილიონი მომხმარებელი ჩაშვებიდან 5 წელსა და 5 თვეში მოიზიდა. ყოველთვიურად ყველაზე მეტი აქტიური მომხმარებლის მქონე Facebook-ს შედეგის გასამეორებლად 4 წელი და 6 თვე დასჭირდა. World Wide Web-მა 100 მილიონ მომხმარებელს ამოქმედებიდან 7 წლის თავზე, 1998 წელს მიაღწია.
რა დრო დასჭირდათ პოპულარულ აპლიკაციებს 100 მილიონი მომხმარებლის მოსაზიდად?