საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4% განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.0%-ით, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (4.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.7%).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (30.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-8.5%), პური და პურპროდუქტები (-3.0%), თევზეული (-1.9%).
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (7.7%) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (6.5%).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (4.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.3%).