გუშინ, 8 სექტემბერს, პარიზში 2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები დასრულდა. შეგახსენებთ, ღონისძიება ოფიციალურად 28 აგვისტოს გაიხსნა. ამ პერიოდის განმავლობაში 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 4,400 სპორტსმენი ერთმანეთს სპორტის 22 სახეობაში შეეჯიბრა.
პარიზის პარაოლიმპიადაზე საქართველო 14-მა პარასპორტსმენმა წარადგინა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ქართველებმა სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზეს და სამივე სინჯის ცხრა მედალი მოიპოვეს.
ჩვენს პარაოლიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი ანა ჯაფარიძემ მოუპოვა. ის პარატაეკვონდოში ბრინჯაოს დაეუფლა. პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი კი გიგა ოჩხიკიძემ მოიგო, რომელმაც ბადროს ტყორცნაში ჩემპიონობასთან ერთად, მსოფლიო რეკორდიც მიიწერა – გიგამ ბადრო 9.66 მეტრზე ისროლა.
ქართველი პარასპორტსმენების მიერ პარიზში მოპოვებული მედლები, სინჯის მიხედვით, ასე ნაწილდება:
ოქრო:
გიგა ოჩხიკიძე – ბადროს ტყორცნა
ვერცხლი:
ვლადიმერ ჭინჭარაული – სროლა
ზურაბ ზურაბიანი – პარაძიუდო
გიორგი ქალდანი – პარაძიუდო
რევაზ ჩიკოიძე – პარაძიუდო
ბრინჯაო:
ანა ჯაფარიძე – პარატაეკვონდო
ნინა თიბილაშვილი – პარაფარიკაობა
ინა ქალდანი – პარაძიუდო
აკაკი ჯინჭარაძე – პარაწოლჭიმი
პარიზის პარაოლიმპიადაზე მედლების მოპოვება სულ 85-მა ქვეყანამ შეძლო. მათ შორის საქართველომ, მედლების სინჯისა და რაოდენობის მიხედვით, 51-ე ადგილი დაიკავა. თუმცა პარაოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნები სხვადასხვა რაოდენობის პარასპოტსმენით იყვნენ წარმოდგენილნი.