რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა EURO 2024-ზე?

რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ნაკრებმა EURO 2024-ზე?

გუშინ, 30 ივნისს, საქართველოს ნაკრები UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 4:1 დათმო. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან მარცხის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა EURO 2024-ზე საერთო ჯამში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რაც ნაკრების საბრძოლო სულისკვეთებასთან ერთად, მისი წევრების მიერ ნაჩვენები შედეგების დამსახურებაა.

გიორგი მიქაუტაძე, სამ მატჩში გატანილი სამი გოლით, ტურნირის ბომბარდირებს შორის კვლავ ლიდერია, თუმცა პირველობას ახლა უკვე ჯამალ მუსიალასა (გერმანია) და ივან შრანცთან (სლოვაკეთი) იზიარებს. ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. აქვე აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

გარდა ამისა, მოგერიებული ბურთების რაოდენობით უპირობო ლიდერია გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც EURO 2024-ის ოთხ შეხვედრაში 29 სეივი დაუგროვდა. შედარებისთვის, მეორე ადგილზე მყოფ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად ტურნირს ასევე მერვედფინალში გამოეთიშა, ამდენივე შეხვედრაში 14 მოგერიება აქვს.

აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ტურნირზე თითოეული წარმატებული მატჩისა და ეტაპის გადალახვისთვის საპრიზო ფონდიდან გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი. საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ზე?

EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვისა და ტურნირზე მოხვედრისთვის საქართველოს ნაკრებს €9.25 მილიონი ერგო. ჩეხეთთან შეხვედრის ფრედ დასრულებითა და ერთი ქულის მოპოვებით ჩვენმა გუნდმა €500 000 გამოიმუშავა, პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვებით კი – €1 მილიონი. ამასთანავე, საქართველოს ნაკრებს მერვედფინალში მოხვედრისთვის €1.5 მილიონი გადაეცემა. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა EURO 2024-ზე €12.25 მილიონი გამოიმუშავა.