გუშინ, 26 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. შედეგად, მან EURO 2024-ის F-ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ტურნირის მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ UEFA-ს ტურნირზე თითოეული წარმატებული მატჩისა და ეტაპის გადალახვისთვის საპრიზო ფონდიდან გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი. საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა EURO 2024-ზე ამ დრომდე?
EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვისა და ტურნირზე მოხვედრისთვის საქართველოს ნაკრებს €9.25 მილიონი ერგო. ჩეხეთთან შეხვედრის ფრედ დასრულებითა და ერთი ქულის მოპოვებით ჩვენმა გუნდმა €500 000 გამოიმუშავა, პორტუგალიასთან მოგებით კი – €1 მილიონი. ეს ყველაფერი არ არის, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისა და მერვედფინალში მოხვედრისთვის დამატებით €1.5 მილიონი გადაეცემა. შესაბამისად, ამ დრომდე გუნდს EURO 2024-ზე უკვე €12.25 მილიონი აქვს გამომუშავებული.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ესპანეთს, ევროპის სამგზის ჩემპიონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.