რა ვიცით Trump Accounts-ზე? | აშშ-ში ბავშვებისთვის საინვესტიციო ანგარიშები ამოქმედდა

რა ვიცით Trump Accounts-ზე? | აშშ-ში ბავშვებისთვის საინვესტიციო ანგარიშები ამოქმედდა

ფოტო: Brendan Smialowski/AFP/Getty Images

 

აშშ-ში ამერიკელი ბავშვებისთვის განკუთვნილი ახალი საინვესტიციო პროგრამა, Trump Accounts-ი, ოფიციალურად ამოქმედდა. პროგრამა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიქმნა, „დიდი ლამაზი კანონპროექტის“ ნაწილია.

პროგრამას, რომელიც ადრე MEGA ანგარიშების სახელით იყო ცნობილი, ტრამპმა გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი. Trump Accounts-ი აშშ-ის ფედერალური პროგრამაა, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის საინვესტიციო ანგარიშების შექმნას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანი არასრულწლოვანებისთვის დანაზოგის შექმნა და გრძელვადიანი ინვესტირებაა.

თავდაპირველი გეგმით, Trump Accounts-ი მხოლოდ გარკვეულ წლებში დაბადებული ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა თეთრი სახლის საბოლოო გადაწყვეტილებით, ანგარიშები სოციალური უსაფრთხოების ნომრის მქონე 18 წლამდე ყველა ამერიკელისთვის ავტომატურად გაიხსნება.

Forbes-ის ფინანსური ექსპერტები პროგრამის მუშაობის პრინციპს განმარტავენ — ვინ შეძლებს ანგარიშზე თანხის შეტანას და რა შეზღუდვები თუ უპირატესობები აქვს მას.

არასრულწლოვანებისთვის განკუთვნილ Trump Accounts-ის საინვესტიციო ანგარიშებს მშობელი ან მეურვე მართავს. სტრუქტურა საპენსიო ანგარიშების მსგავსია, თუმცა ინვესტიციების არჩევანი შეზღუდულია, არსებული თანხა კი საფონდო ბირჟის საინდექსო ფონდებში ინვესტირდება.

პროგრამის მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდან დაიწყონ კაპიტალის დაგროვება და უკვე სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას გარკვეული ფინანსური რესურსი ჰქონდეთ.

თავდაპირველი გეგმა 2025 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე პერიოდში აშშ-ში დაბადებული ბავშვების საინვესტიციო ანგარიშებში აშშ-ის ხაზინის მიერ $1,000-ის დაბანდებას ითვალისწინებდა. ანგარიშის მისაღებად ბავშვს სოციალური უსაფრთხოების ნომერი უნდა ჰქონოდა.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, სოციალური უსაფრთხოების ნომრის მქონე 18 წლამდე ყველა ამერიკელისთვის ანგარიშები ავტომატურად შეიქმნება. შესაბამისად, მშობლებს მხოლოდ ანგარიშის გააქტიურება ან მასზე წვდომის მიღება დასჭირდებათ.

ოჯახებს ანგარიშზე წლიურად მხოლოდ $5,000-ის შეტანა შეეძლებათ. ბავშვების ანგარიშებზე დამატებითი თანხის გადარიცხვის საშუალება ექნებათ დამსაქმებლებსაც — სავარაუდოდ, $2,500-მდე. ასევე, ანგარიშების შევსება შეეძლებათ საქველმოქმედო და სამთავრობო პროგრამებსაც, თუმცა ეს თანხები ოჯახის წლიურ ლიმიტში არ ჩაითვლება. ცნობისთვის, პროგრამა გრძელვადიან ინვესტირებაზეა გათვლილი და არა აქციებით აქტიურ ვაჭრობაზე.

ბენეფიციარის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას ანგარიში საპენსიო საინვესტიციო ანგარიშის მსგავს ფორმატში გადავა. მფლობელს შეეძლება, ის ტრადიციულ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშად (IRA) შეინარჩუნოს ან Roth IRA-დ გადააკეთოს.

რით განსხვავდება Trump Accounts-ი 529 გეგმისგან?

ამერიკის შეერთებულ შტატებში 529-ის ტიპის ანგარიშები ძირითადად საგანმანათლებლო ხარჯებისთვის დანაზოგის შესაქმნელად გამოიყენება. ასევე, შესაბამისი პირობების დაცვით, ის თანხის საგადასახადო შეღავათით გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

Trump Accounts-ის მთავარი განმასხვავებელი კი გამოყენების ფართო შესაძლებლობაა. ანგარიშის მფლობელმა სამომავლოდ თანხა შეიძლება განათლების მისაღებად, პირველი საცხოვრებლის შესაძენად, მცირე ბიზნესის დასაწყებად ან საპენსიო დანაზოგის შესაქმნელად გამოიყენოს.

ექსპერტების შეფასებით, ეს ორი პროგრამა ერთმანეთის შემცვლელად არ უნდა განვიხილოთ. 529-ის ანგარიშები კვლავ უფრო ხელსაყრელად შეიძლება ჩაითვალოს საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ხოლო Trump Accounts-ი გრძელვადიანი ინვესტირებისა და სხვადასხვა მიზნისთვის კაპიტალის დაგროვების ალტერნატივას ქმნის.