Tav Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 2005 წლიდან მართავს. სახელმწიფოსთან გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად, Tav-ი თბილისის აეროპორტის ოპერატორი 2027 წლის 21 იანვრის ჩათვლით იქნება.
2019 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 36,428 ფრენას მოემსახურა, საიდანაც 35,224 საერთაშორისო რეისი იყო. ანგარიშის თანახმად, რეისების რაოდენობა 2019-ში 4%-ით შემცირდა, რაც რუსეთის მიერ 20 ივნისის შემდეგ დაწესებულ საჰაერო ემბარგოს უკავშირდებოდა. ჯამურად, კომპანიის შემოსავალმა 2019 წელს 260.6 მილიონი ლარი (ზრდა 3.8%), წმინდა მოგებამ კი, 163.6 მილიონი ლარი (კლება 0.3%) შეადგინა.
ცალკეული წყაროების მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავლები ასეთი იყო:
შემოსავალი ავიამომსახურებიდან – 158.6 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.3% ;
შემოსავალი სახმელეთო მომსახურებიდან – 63.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 3.9% ;
საკომისიო მოსაკრებელი – Duty Free მაღაზიები – 16.7 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -0.4% ;
შემოსავალი ფართობის განაწილებიდან – 8.0 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 14.0% ;
შემოსავალი ავტომანქანების პარკირების მომსახურებიდან – 3.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან -2.6% ;
საკონცესიო მოსაკრებელი – საკვები და სასმელი პროდუქტები – 2.9 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5.5% ;
შემოსავალი ლაუნჯის მომსახურებიდან – 2.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 9.8% ;
სხვა შემოსავალი – 4.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 27.4% ;
რაც შეეხება აეროპორტის ძირითად ხარჯებს, ის შემდეგნაირად ნაწილდება:
საოპერაციო ხარჯები – 27.6 მილიონი ლარი; სახელფასო ხარჯები – 23.4 მილიონი ლარი; ცვეთა – 20.9 მილიონი ლარი და მოგების გადასახადი – 31.9 მილიონი ლარი.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად 2020 წელს Tav Georgia-ს მიერ დაგეგმილი მგზავრთა ნაკადი 86%-ით არის შემცირებული, თანხობრივად კომპანია მიმდინარე წელს შემოსავლების 133 მილიონი ლარით კლებას პროგნოზირებს.
“2020 წლის 8 თვის რეალური მგზავრთა ნაკადი 86%-ითაა შემცირებული წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მაშინ, როცა 2019 წლის 8 თვის განმავლობაში აეროპორტი მოემსახურა 2 მლნ 652 ათას მგზავრს, 2020 წელს იმავე პერიოდში მხოლოდ 515 ათასი მივიღეთ, რაც 5-ჯერ ნაკლებია.
რაც შეეხება საჰაერო ხომალდების რაოდნეობას 2020 წლის პირველი 8 თვის მონაცემებს, წინა წელთან შედარებით შემცირება შეადგენს 78%-ს ხოლო ბიუჯეტირებულთან შედარებით 79%-ს. ამდენად, პანდემიის გავლენა ბიზნესზე აღმოჩნდა ძალიან დიდი.
შემოსავლების ნაწილში 2019 წელთან შედარებით 2020 წლის 8 თვის მონაცემები საკმაოდ სუსტია. ბიუჯეტირბეულთან შედარებით შემოსავლები შემცირებულია 144 მილიონ ლარამდე [-74%], ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 133 მილიონ ლარამდე [-73%]. კომპანიის წლიური საპროგნოზო მონაცემებით 2020 წელი დაიხურება შემოსავლების ნაწილში 64%-იანი კლებით”, – ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.
“ტავ ურბან” საქართველო არის TAV Airports Holding-ის ჯგუფის წევრი, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო. არსებული კონტრაქტის მიხედვით, კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი 2027 წლამდე იქნება. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, თავად Tav Holding-ის ძირითადი მაკონტროლებელი მხარე ფრანგული Aéroports de Paris-ია.