2025 წლის იანვრის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი ხელფასის სახით წელიწადში $400,000-ს იღებს, რომელიც მას ყოველთვიურად, შესაბამისი ოდენობით ერიცხება.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტები წლიურად 50,000 აშშ დოლარის დანამატს იღებენ. გარდა ამისა, მათ სამოგზაურო ანგარიშზე დამატებით 100,000 აშშ დოლარი ერიცხებათ, 19,000 აშშ დოლარის ბიუჯეტი კი ოფიციალური გართობისთვის აქვთ გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გამოუყენებელი თანხა აშშ-ის ხაზინას უბრუნდება.
ხელფასისა და დანამატების გარდა, აშშ-ის ლიდერები სერიოზული პრივილეგიებითაც სარგებლობენ. მაგალითად, პრეზიდენტი და მისი ოჯახი თეთრ სახლში ქირის გადასახადის გარეშე ცხოვრობს. 5,109 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება 132 ოთახს მოიცავს. მათ შორის, შენობაში განთავსებულია კინოთეატრი, ბოულინგის სათამაშო სივრცე და ყვავილების მაღაზიაც კი.
აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი ბოლოს 1999 წელს შეტანილი შესწორებით გაიზარდა. ეს გასულ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი მატება იყო. თუმცა, მიუხედავად ამ ნომინალური ზრდისა, ხელფასმა, დროთა განმავლობაში ინფლაციის მიხედვით კორექტირებისას, ღირებულება დაკარგა.
1969 წლიდან 1999 წლამდე აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ხელფასი $200,000-ს შეადგენდა. დღევანდელი ღირებულებით, 1969 წელს ეს დაახლოებით $1.7 მილიონი იყო. 1949 წლიდან 1969 წლამდე აშშ-ის პრეზიდენტები ყოველწლიური ხელფასის სახით $100,000-ს იღებდნენ, რაც, დღევანდელი ღირებულებით, 1949 წელს დაახლოებით $1.3 მილიონს უტოლდებოდა.
კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს თუ გადავხედავთ, აშშ-ის პრეზიდენტს 1909 წლიდან 1949 წლამდე წლიურად $75,000-ს უხდიდნენ (დაახლოებით $2.6 მილიონი დღევანდელი ღირებულებით). 1873 წლიდან მათი ხელფასი $50,000-ს შეადგენდა (დაახლოებით $1.3 მილიონი), 1789 წლიდან კი – $25,000-ს (დაახლოებით $896,000).
აღსანიშნავია, რომ წარსულში აშშ-ის პრეზიდენტების მცირე ნაწილმა ხელფასზე უარი თქვა. მათ შორის იყო მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომელსაც ყოველწლიურად 400 000 დოლარი უნდა აეღო. ამის ნაცვლად, ხელფასიდან მხოლოდ $1 დაიტოვა, დანარჩენი კი სხვადასხვა სამთავრობო უწყებას გადასცა, მათ შორის ეროვნული პარკის სამსახურს, აშშ-ის ქირურგიის გენერალურ ოფისს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ა.შ.
თუმცა, პარალელურად, ტრამპის ქონება სასტუმროების, გოლფის მოედნებისა და სხვა ბიზნესების მეშვეობით იზრდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, მან $1.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს არის დაგეგმილი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამ დროისთვის $6.8 მილიარდის ქონებას ფლობს. ეს მას მილიარდერების რეიტინგში 452-ე ადგილს ანიჭებს.