კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დაახლოებით ერთი კვირა რჩება. შეიძლება ითქვას, რომ ტურნირი სენსაციურად მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპის გადალახვა ისეთი ქვეყნების ნაკრებებმა ვერ შეძლეს, როგორიც ბელგია, ურუგვაი და გერმანიაა.
მოულოდნელი ანგარიშები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშიც დაფიქსირდა – მაროკოსთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ ტურნირს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები გამოეთიშა. მომდევნო ეტაპზე კი მაროკომ პორტუგალიაც დაამარცხა, რისთვისაც მატჩის ძირითადი დრო საკმარისი აღმოჩნდა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში 32 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, მომდევნო მუნდიალზე ეს რიცხვი 48-მდე გაიზრდება.
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდებისთვის, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, FIFA-მ $440-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო. შედარებისთვის, 2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში ჩატარდა, ეს თანხა 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციისთვის თითოეულ გუნდს 2.5 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა. აღნიშნული თანხა ტურნირისთვის მოსამზადებლად იყო გათვალისწინებული.
გარდა ამისა, ქვეყნების ნაკრებებს, რომელთაც მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს FIFA-ს საპრიზო ფონდიდან 9-9 მილიონი აშშ დოლარი ერგოთ.
მერვედფინალში გასული გუნდები, რომლებიც აღნიშნულ ტურში დამარცხდნენ, ჯგუფური ეტაპის თანხაზე დამატებით 13 მილიონ აშშ დოლარს მიიღებენ; ხოლო მეოთხედფინალში დამარცხებული ნაკრებები – 17-17 მილიონ აშშ დოლარს.
რაც შეეხება ნახევარფინალებსა და ფინალს, ამ შემთხვევაში გუნდებზე თანხა ადგილების მიხედვით გადანაწილდება. მეოთხე ადგილზე გასული ქვეყნის ნაკრები 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მესამე ადგილზე გასულ ნაკრებს მასზე $2 მილიონით მეტი, 27 მილიონი აშშ დოლარი ერგება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხებულ გუნდს 30 მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა, ტურნირის გამარჯვებული ნაკრები კი 42 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ წინა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს საპრიზო თანხის სახით 38 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა. აქედან გუნდის 23 მოთამაშეზე 11 მილიონი აშშ დოლარი გადაანაწილა, რაც საშუალოდ ფეხბურთელზე დაახლოებით 480,000 აშშ დოლარს უდრის.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის დათვლებით, კატარს ტურნირის მასპინძლობა, რომელიც შუა აღმოსავლეთში პირველად იმართება, 229 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. რეკორდული დანახარჯის ფონზე, ქვეყანა ელის, რომ ტურნირი ადგილობრივ ეკონომიკას $17 მილიარდის მოგებას მოუტანს.
FIFA-ს განცხადებით კი, ორგანიზაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან 7.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს მიიღებს. შედარებისთვის, 2018 წელს FIFA-მ $6.4 მილიარდის შემოსავალი მიიღო.