მილიარდერთა სიაში შემავალი ადამიანები ასეთი მდიდრები ჯერ არასდროს ყოფილან, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება მათი საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირბადის ოდენობაც. ზოგიერთი მათგანი აქტიურად მონაწილეობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ზოგი კი არც ისე ძლიერაა დაინტერესებული ამ პრობლემით.
გაეროს ბოლოდროინდელმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი 1% ნახშირბადის საერთო ემისიის 15%-ს გამოყოფს.
„ამ სფეროში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მდიდრებს“, – წერია ანგარიშში. პასუხისმგებლობა კი მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას და ნახშირბადის დაბალ მოხმარებაზე გადასვლას გულისხმობს. მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია ფაქტი, რომ ამ ელიტარულმა ნაწილმა ნახშირბადის ემისია იმდენად უნდა შეამციროს, რომ პარიზის შეთანხმების მიზნებს მიესადაგოს.
და მაინც, რას აკეთებენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები თავიანთი პირადი ან კორპორაციული გავლენის მეშვეობით მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად?
ამ კითხვაზე პასუხი ყველა პიროვნების შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჯეფ ბეზოსმა დიდი პირობა დადო – 10 000 დოლარი გაეღო კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად – მან მხოლოდ ახლა დაიწყო ამ სფეროში წინსვლა.
ბილ გეიტსი აქტიურადაა ჩართული საკითხის შესწავლაში, მან წიგნიც კი დაწერა, სახელწოდებით „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატის კატასტროფა,“ რომელიც 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ცნობილია მისი განცხადებებით კლიმატის ცვლილების შესახებ და აღიარებულია ის ფაქტიც, რომ მან მრავალ სხვა ავტომწარმოებელს უბიძგა ელექტრომობილების დამზადებისკენ.
საინტერესოა, რომ მათი ბიზნესები უფრო მეტად გამოთქვამენ საზოგადოებრივ დაპირებას მდგრადობის მისაღწევად, ვიდრე მათი მფლობელები. რამდენიმე მათგანმა ხელი მოაწერა სამეცნიერო მიზნებზე დაფუძნებულ ინიციატივას (SBTi), საერთაშორისო ორგანიზაციების ისეთ კოალიციას, როგორიცაა, მაგალითად, გაეროს გლობალური კომპასი, რომელიც მხარს უჭერს და დამოუკიდებლად აფასებს ბიზნესების ქმედებებს ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად.
ექსპერტების პროგნოზით, ამგვარი მიზნების შესრულება ხელს უშლის გლობალური ტემპერატურის 1.5 გრადუს ცელსიუსზე მეტად მომატებას. SBTi-მ დაადგინა ორი ვადა: პირველი, სათბური გაზების გამოყოფის განახევრება 2030 წლისთვის და მეორე, ნახშირბადის ნულოვანი ემისია 2050 წლისთვის. ვალდებულების დადასტურების შემდეგ კომპანიებს აქვთ ორწლიანი ვადა, რათა თავიანთი მიზნები SBTi-ს წარუდგინონ.
ამ მილიარდერთა სხვა ინვესტიციები, საქველმოქმედო ინიციატივები თუ პირადი მოსაზრებები ავსებენ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ სრულ სურათს, თუ როგორ გამოიყურება მათი ვალდებულებები კლიმატური მდგრადობისა და ნახშირბადის ემისიის შემცირების მიზნების მიმართ.
ამ გადმოსახედიდან სტატიაში განვიხილოთ მსოფლიოს ხუთი ყველაზე მდიდარი ადამიანი:
(წმინდა ქონება 2021 წლის 21 აპრილის მდგომარეობით)
1.ჯეფ ბეზოსი
ქონება: 194,4 მლრდ დოლარი
სიმდიდრის წყარო: Amazon
SBTi ვალდებულება? დიახ, მაგრამ მიზნები ჯერ არ აქვს წარმოდგენილი. „ამაზონმა“ ახლახან დაიწყო საკუთარი ინიციატივის განხორციელება კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით Global Optimism Group-თან ერთად.
პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანს ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული დაპირებების დეფიციტი არ ჰქონია, იქნებოდა ეს Amazon’s Climate Pledge-ი თუ საკუთარი Bezos Earth Fund-ი. Climate Pledge-ი, რომელსაც ამ დროისთვის 104-მა სხვადასხვა კორპორაციამ მოაწერა ხელი, მიზნად ისახავს ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას 2040 წლისთვის. „ამაზონმა“ ასევე 2 მლრდ დოლარი გაიღო კლიმატის ფონდის შესაქმნელად, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკის მშენებლობისთვის საჭირო ახალ ტექნოლოგიებში. კომპანია აცხადებს, რომ ის მსოფლიოში განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილი მყიდველია და გარდა ამისა, ადგენს შიდა მიზნებს, რომ, მაგალითად, 2030 წლისთვის ბაზარზე განათავსებს 100 000 ელექტროძრავას და მხარს დაუჭერს ნახშირბადის შემცირების ტექნოლოგიებს.
„ამაზონის“ უახლესი მდგრადობის ანგარიში, რომელიც 2020 წლის ივნისით თარიღდება, გვთავაზობს მიზეზს ნახშირბადის ემისიის ზრდის იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგას ელექტრონული ვაჭრობის ბეჰემოთი: რადგან 2019 წელს კომპანიის შემოსავლები 22%-ით გაიზარდა, 15%-ით გაიზარდა ნახშირბადის კვალიც. „ამაზონი“ ნახშირბადის კვალის გასაზომად განსხვავებულ საზომს იყენებს, რაც „ნახშირბადის ინტენსივობის“ სახელითაა ცნობილი. ის ზომავს ნახშირორჟანგის იმ ეკვივალენტს, რომელიც დაკავშირებულია მთლიანი საქონლის გაყიდვების თითოეულ დოლართან. „ამაზონი“ ამბობს, რომ მისი ნახშირბადის ინტენსივობის მაჩვენებელი 2019 წელს 5%-ით შემცირდა 2018 წელთან შედარებით. Forbes-თან ინტერვიუში ედინბურგის უნივერსიტეტის ნახშირბადის მენეჯმენტისა და განათლების პროფესორმა დევიდ რეიმ განაცხადა, რომ გამონაბოლქვის ინტენსივობა შეიძლება სასარგებლოც კი იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედების წარმატების საჩვენებლად მაშინ, როცა ბიზნესი ფართოვდება.
პერსონალურ დონეზე, ბეზოსი შეუერთდა 20-მდე მაღალპროფილური ინვესტორის ჯგუფს ბილ გეიტსის ხელმძღვანელობით. ამ ინვესტორებმა 2016 წელს წამოიწყეს პროექტი Breakthrough Energy Ventures-ი იმ კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ნულოვან ემისიაზე ორიენტირებულ ახალ ტექნოლოგიებს აწარმოებენ.
გასულ წელს ბეზოსმა 10 მლრდ დოლარად დააფუძნა ბეზოსის „დედამიწის ფონდი“ და ჩამოაყალიბა 16 სამუშაო ჯგუფი, რომელთაც გამოეყოთ ბეზოსის სრული ქონების 0,4% ანუ 790 მლნ დოლარი.
2.ბერნარ არნო
ქონება: 179.9 მლრდ დოლარი
სიმდიდრის წყარო: LVMH
SBTi ვალდებულება? დიახ, მაგრამ მიზნები ჯერ არა აქვს წარმოდგენილი
არნო ფუფუნების მეფეა, რომელმაც LVMH-ში 75 ბრენდის იმპერია ააშენა, მათ შორისაა ლუი ვიტონი, ჟივანში, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების კომპანიები, სასმელების ბრენდები და იახტის მწარმოებლებიც კი – ფაქტობრივად, ყველა ის სექტორი, რომელთა წინაშეც მწვავედ დგას მდგრადობის გამოწვევა.
LVMH ხშირად ლაპარაკობს თავისივე გარემოსდაცვითი ინიციატივის პროგრამის (LIFE, ახლა უკვე LIFE 360) გაერთიანებული ხმით გარემოს მდგრადობაზე. პროგრამამ 2016 წელს შეიცვალა სახელი, დაირქვა LIFE 360 და გამოაქვეყნა ისეთი მიზნები, როგორიცაა 100 %-ით განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მიღწევა და პლასტიკური შეფუთვების გამოყენებიდან სრულად ამოღება 2026 წლისთვის. 2017 წელს LVMH-მ ასევე დადო პირობა, რომ 2020 წლისთვის 25%-ით შეამცირებდა ნახშირბადის ემისიას, შემდგომში კი განაცხადა, რომ მან არა მხოლოდ შეასრულა ეს მიზანი, არამედ გადააჭარბა კიდეც გეგმას და 37%-იან შემცირებას მიაღწია.
LVMH-მ უარი თქვა მისი მთავარი მეტოქის, კერინგის მიერ ჩამოყალიბებულ მოდის პაქტთან შეერთებაზე, რომელიც ხელმომწერებს აკისრებს ვალდებულებას, შეასრულონ გაეროს მოდის ქარტიის პრინციპები, და განაცხადა, რომ მათ მოქმედება ამჯობინეს პაქტებს. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ არნო ფლობს ინვესტიციებს ფრანგულ მოდის სახლ Hermes-სა და სასურსათო ქსელ Carrefour-ში და ორივე ეს კომპანია კერინგის პაქტის ხელმომწერს წარმოადგენს. Hermes-მა SBTi-ის ვალდებულება მიიღო დეკემბერში, მაგრამ მიზნები ჯერ არ დაუკონკრეტებია, Carrefour-მა კი უკვე მიზნებიც განაცხადა.
არნოს პირადი კონტრიბუციები და ერთგულება გარემოს მდგრადი განვითარებისადმი კარგადაა ცნობილი. ევროპის უმდიდრესი ადამიანის საკითხისადმი დამოკიდებულება გამოვლინდა ჯერ კიდევ 2019 წელს, მაშინ, როდესაც მან გააკრიტიკა ტინეიჯერი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი და პოზიტიური ცვლილებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
3.ილონ მასკი
ქონება: 175.5 მლრდ დოლარი
სიმდიდრის წყარო: ტესლა, SpaceX
SBTi ვალდებულება? არა
ილონ მასკმა მილიარდერის სტატუსს პირველად 2012 წელს მიაღწია ელექტრომანქანების მწარმოებელი „ტესლასა“ და კომპანია SolarCity-ში არსებული წილების წყალობით. ესაა ის ორი კომპანია, რომლებიც წიაღისეული საწვავის ალტერნატივას გვთავაზობენ. მასკმა ასევე გამოიყენა საკუთარი გავლენა ნახშირბადის გადასახადის ადვოკატირებისთვის, რაც აშშ-ში ჯერჯერობით არ მოქმედებს და განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის შეთანხმებიდან გამოეყვანა.
„ტესლას“ პირველ ანგარიშში, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა, აღნიშნულია კომპანიის პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიები 2017 წელს და ნაჩვენებია გზა, თუ როგორ შეუძლია „ტესლას“, მიაღწიოს ენერგიის დაზოგვას და თავიდან აიცილოს ნარჩენების გამოყოფა.
ზოგიერთმა კომენტატორმა, მაგალითად, Bloomberg Opinion-ის კონტრიბუტორმა დევიდ ფიკლინგმა, ცოტა ხნის წინ კომპანია იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ აღიარა ნახშირბადის ემისიის გაფართოებული კვალი.
თუმცა ნახშირბადის ემისიის შემცირება მასკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მან 100 მლნ დოლარით დააფინანსა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს, იპოვოს გამოსავალი და 2050 წლისთვის წლიური 10 გიგატონი ნახშირბადის ელიმინაციას მიაღწიოს.
ჩვენ ვიცით, რომ შეწირულებები კეთდება მასკისა და მისი ფონდის მიერ, თუმცა მათი საქმიანობა ფარულად მიმდინარეობს. კომპანიის ვებგვერდი მხოლოდ ინტერესის ხუთი სფეროს შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, მათ შორის ერთ-ერთი კი განახლებადი ენერგიის კვლევა და მისი ადვოკატირებაა (გასულ წელს Forbes–მა გააანალიზა მასკის ქველმოქმედება, მისი ფონდის მიერ შევსებული საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე).
მასკის ზოგიერთი ქველმოქმედება კარგად იქნა რეკლამირებული. 2018 წელს მასკმა 38, 900 დოლარის ოდენობის კონტრიბუცია გაიღო რესპუბლიკელი პოლიტიკოსებისთვის და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ 0.5% იყო თანხისა, რომლითაც მან სიერას კლუბის გარემოსდაცვითი ჯგუფი დააფინანსა.
4.ბილ გეიტსი
ქონება: 130,4 მლრდ დოლარი
სიმდიდრის წყარო: Microsoft, ინვესტიციები
SBTi ვალდებულება? დიახ, Microsoft-მა 2019 წელს მიზნად დაისახა, რომ 2030 წლისთვის მიაღწევს განახლებადი ენერგიის 100%-იან გამოყენებას და შეამცირებს სათბური გაზების გამოყოფას შემოსავლის ერთეულზე თითქმის 30%-ით 2017 წელთან მიმართებით. Microsoft ასევე არის Amazon-ის კლიმატის პირობების ხელმომწერი.
მართალია, ბოლო წლებში ბილ გეიტსმა დაკარგა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი, მაგრამ როცა საქმე კლიმატის ცვლილებას და ფილანთროპიას ეხება, ის ნამდვილად ლიდერია. მისი წიგნი „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატის კატასტროფა“ ბესტსელერად იქცა.
კომპანია, რომელმაც გეიტსი მილიარდერი გახადა (ვგულისხმობ Microsoft-ს), შეუერთდა თანადამფუძნებლის ეკოლოგიური მდგრადობის მიღწევის მცდელობებს და დაადგინა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიის მაჩვენებელი უარყოფითი გახადოს. ეს კი ნიშნავს ატმოსფეროდან იმაზე მეტი ნახშირბადის ამოღებას, ვიდრე საწარმოები გამოყოფენ. უფრო მეტიც, 2050 წლისთვის კომპანია მიზნად ისახავს გაასუფთაოს მის მიერ გამოყოფილი ნახშირბადის ისტორიული ნაკვალევი: ამოიღოს ატმოსფეროდან მის მიერ დაარსების დღიდან, ანუ 1975 წლიდან პირდაპირ ან ელექტროენერგიის მოხმარებით გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობა.
მაშინ, როცა მსოფლიო ლიდერები 2015 წელს მოლაპარაკებებს მართავდნენ პარიზის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბილ გეიტსმა 2 მლრდ დოლარი დახარჯა კლიმატის ცვლილების პრობლემის მოსაგვარებლად ორგანიზებულ პროგრამებში. იმავე წელს მან გააერთიანა ბიზნესის სხვა ლიდერები, მაგალითად, ბეზოსი და ცუკერბერგი, რათა Breakthrough Energy Coalition-ი წამოეწყო. მისი ახალი ინვესტიცია, სახელწოდებით Breakthrough Energy Ventures-ი, მომდევნო წელს 1-მილიარდიანი ბიუჯეტით დაიწყო. ეს ინვესტიცია ჯერჯერობით ორმოც კომპანიაშია განხორციელებული, თუმცა წლის დასაწყისში Forbes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გეიტსმა განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ის კიდევ 2 მლრდ-ის ჩადებას გეგმავს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიების ხელშეწყობაში.
5.მარკ ცუკერბერგი
ქონება: 110.3 მლრდ დოლარი
სიმდიდრის წყარო: Facebook
SBTi ვალდებულება? დიახ, თუმცა მას ჯერ არ წარუდგენია მიზნები
დედამიწის დღეს ცუკერბერგის Facebook-მა განაცხადა, რომ მან მიაღწია ნახშირბადის ნულოვან ემისიას პირდაპირი ემისიითა და მოხმარებული ენერგიით და რომ 2030 წლისთვის ის გეგმავს, ნულოვან გამოყოფას მიაღწიოს კომპანიის საქმიანობის სხვა მიმართულებებშიც, როგორიცაა მაგალითად, საქმიანი მივლინებები და სხვ.
Facebook-ისთვის მდგრადობის მისაღწევად მთავარი ძალისხმევა განახლებად ენერგიაზე უნდა დაიხარჯოს. კომპანია თავს იწონებდა, რომ ის 2019 წელს გახდა განახლებადი ენერგიის ყველაზე მსხვილი კორპორაციული მყიდველი, თუმცა მოგვიანებით ეს ტიტული ჯერ Google-ზე, ხოლო შემდეგ Amazon-ზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, კომპანია კვლავ გეგმავს ინვესტირებას ნახშირბადის ელიმინაციის პროექტებსა და ბუნების კეთილდღეობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებში.
Facebook-ის ბოლოდროინდელი მცდელობები პლატფორმაზე განთავსებული დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად წარმოადგენს ცუკერბერგის ერთგვარ გადახვევას, რადგანაც იგი ამ დრომდე უარს აცხადებდა ფაქტების შემმოწმებლის როლზე. თუმცა ახალი პოლიტიკა, მისივე თანხმობით, კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული მითების გადამოწმებასა და სტერეოტიპების დანგრევასაც ისახავს მიზნად.
პერსონალურ დონეზე, ცუკერბერგმა 2015 წელს განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ბილ გეიტსის Breakthrough Energy Coalition-ს, თუმცა უცნობია, რა ოდენობის კონტრიბუცია გაიღო მან. იმავე წელს მან და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა, დააარსეს ჩან-ცუკერბერგის ინიციატივა – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც საქველმოქმედო და საადვოკატო მიზნებით შეიქმნა.
ჩან-ცუკერბერგის ინიციატივამ დაარსების დღიდან დღემდე სხვადასხვა პროექტში 2 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ფონდის არც ერთი ფოკუსირებული სფერო არ ეხება კონკრეტულად კლიმატის ცვლილებას, მაგრამ მდგრადობა წარმოადგენს ერთ-ერთ კრიტერიუმს მათ მიერ გრანტების გაცემისას. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 და 2021 წლებში კალიფორნიის TransForm-ინიციატივამ, რომელიც მიზნად ისახავს იმ საზოგადოებრივი თემების განვითარებას, რომლებიც არ არიან დამოკიდებული მოტორიზებულ ტრანსპორტზე, ჩან-ცუკერბერგის ფონდისგან დაფინანსების სახით 725 000 დოლარი მიიღო.