რას წარმოადგენს ზელენსკის მშვიდობის 10-პუნქტიანი გეგმა?

რას წარმოადგენს ზელენსკის მშვიდობის 10-პუნქტიანი გეგმა?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენერგიულად უჭერს მხარს მის 10-პუნქტიან მშვიდობის გეგმას, რომლის შესახებაც პირველად ნოემბერში, G20-ის სამიტზე განაცხადა. ზელენსკიმ გეგმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად უკვე განიხილა და მსოფლიო ლიდერებს, მასზე დაყრდნობით, გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩატარებისკენაც მოუწოდა. პრეზიდენტ ზელენსკის გეგმა მშვიდობის 10 პუნქტს ეფუძნება, რომლებიც ასე გამოიყურება:

  1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება – მთავარი აქცენტი ევროპის უდიდესი ატომური სადგურის, „ზაპოროჟიეს“ გარშემო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეეხება, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
  2. სასურსათო უსაფრთხოება – მათ შორის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის დაცვა და მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მიწოდების უზრუნველყოფა.
  3. ენერგეტიკული უსაფრთხოება – რუსულ ენერგორესურსებზე ფასების შეზღუდვა, ისევე როგორც ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინის დახმარება.
  4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის, მათ შორის ომის ტყვეებისა და რუსეთში დეპორტირებული ბავშვების განთავისუფლება.
  5. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამის დადასტურება რუსეთის მიერ, გაეროს წესდების შესაბამისად.
  6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა, რუსეთთან უკრაინის სახელმწიფო საზღვრების აღდგენა.
  7. მართლმსაჯულება, მათ შორის რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.
  8. ეკოციდის პრევენცია, გარემოს დაცვა, წყლის გამწმენდი ნაგებობების განაღმვა და აღდგენა.
  9. კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა.
  10. ომის დასრულების დადასტურება, მონაწილე მხარეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ჩათვლით.

დეკემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის” ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ზამთარში, მის გლობალური სამშვიდობო სამიტის იდეას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მის სამშვიდობო გეგმაზე, სრულად ან ცალკეული პუნქტების გათვალისწინებით. მიმდინარე თვეში რუსეთმა ზელენსკის სამშვიდობო წინადადება უარყო და განაცხადა, რომ არ აპირებს ანექსირებული ტერიტორიის დათმობას, რომელიც, მისივე შეფასებით, უკრაინის თითქმის მეხუთედია.

ზელენსკიმ გეგმა წარუდგინა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, რომლის ქვეყანამაც G20-ის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. დასავლური სამყაროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის სამხედრო დანიშნულებით, ურყევია, თუმცა ზელენსკის სამშვიდობო სამიტისადმი ქვეყნების სიფრთხილე იგრძნობა.

22 დეკემბერს, ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ის და ზელენსკი იზიარებენ ზუსტად ერთნაირ ხედვას მშვიდობის მიმართ და შეერთებული შტატები მზადაა უკრაინის დაცვის უზრუნველსაყოფად. მოდიმ, რომლის მთავრობამაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა ცალსახად არ დაგმო, ზელენსკის მიერ გეგმის წარდგენის შემდეგ მტკიცედ გაიმეორა მისი მოთხოვნა საომარი ქმედებების შეწყვეტის შესახებ და ნებისმიერი სამშვიდობო ძალისხმევისადმი მისი მხარდაჭერა დაადასტურა.

G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან დაამყარონ მშვიდობა უკრაინაში „მისი უფლებების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში”. თუმცა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშის აზრით, უახლოეს მომავალში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის ალბათობა საკმაოდ დაბალია. როგორც გუტერეში მიიჩნევს, სამხედრო დაპირისპირებები კვლავ გაგრძელდება მანამ, სანამ შესაძლებელი არ გახდება მშვიდობის დასამყარებლად სერიოზული მოლაპარაკებების წარმოება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *