დღეს, 8 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ტურნირზე ლაშა გობაძე რეპეშაჟში გამოვა, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კი ვლადიმერ გამყრელიძეს ვიხილავთ.
ლაშა გობაძემ ოლიმპიადაზე ასპარეზობა გუშინ 87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დაიწყო და პირველ მეტოქეს, ალჟირელ ბაშირ სიდ აზარას 1:1-ზე, ქულის ბოლოს შესრულების უპირატესობით მოუგო. თუმცა ლაშა მეოთხედფინალში ბულგარელ სემიონ ნოვიკოვთან დამარცდა. ვინაიდან ნოვიკოვმა მომდევნო მეტოქეს, უნგრელ დავიდ ლოშონცის სძლია, გობაძეს ტურნირზე ასპარეზობის რეპეშაჟში გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა და ქართველმა მოჭიდავემ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიიღო.
რეპეშაჟში ლაშა გობაძე დანიის წარმომადგენელ ტურპალ ალი ბისულტანოვს დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი მერვედფინალში სწორედ ნოვიკოვთან დამარცხდა. თუ ლაშა შეხვედრას მოიგებს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დავიდ ლოშონცისთან მოუწევს. გობაძისა და დანიის წარმომადგენლის დაპირისპირება, სავარაუდოდ, თბილისის დროით 14:00 საათისკენ გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს მეორე წარმომადგენელს, ვლადიმერ გამყრელიძე თავისუფალი სტილით ჭიდაობის 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრას უზბეკ ჯავრალი შაპიევთან გამართავს. მეტოქეებს შორის დაპირისპირება ჩვენი დროით 13:00 საათის შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნა. საფრანგეთის დედაქალაქი სპორტულ ღონისძიებებს 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. ოლიმპიადაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს მთლიანობაში 28 წარმომადგენელი ჰყავს.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ამ დრომდე ოთხი მედალია – ერთი ოქრო (ლაშა ბექაური), ორი ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაო (ლაშა გურული).