მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. ქვეყნის 145 ლოკაციაზე ელოდებიან Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი და FDA-ს მიერ ახლახან ავტორიზებული ვაქცინის დისტრიბუციას. კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია ამერიკაში. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ჯანდაცვის მუშაკებს და მოხუცებს აცრიან. საერთო ჯამში, მიმდინარე თვეს მილიონობით ამერიკელის ვაქცინაცია იგეგმება. ელოდებიან ასევე Moderna-ს ვაქცინის დამტკიცებასაც.
პარალელურად, ამერიკაში კვლავ გაურკვეველია მორიგი ფისკალური პაკეტის ბედი. კონგრესმა პარასკევს მორიგ საბოლოო ვადას გადააცილა. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ამ საკითხზე შეთანხმებას უამრავი ადამიანი ელოდება. ვინაიდან 26 დეკემბრიდან 13 მილიონ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს ქვეყანაში დახმარება შეუწყდება.
აშშ-ში ასევე მიმდინარე კვირას ელოდებიან წლის ბოლო მონეტარული პოლიტიკის შესახებ შეხვედრას, რა დროსაც მოსალოდნელია გარკვეული ახალი გადაწყვეტილებები.
ჩიხშია შესული ბრექსითის შესახებ შეთანხმება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის. 31 დეკემბრამდე აქვთ მხარეებს ვადა მიაღწიონ შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება გარდამავალი პერიოდის ამოწურვის შემდეგ მათი სავაჭრო ურთიერთობები. როგორც ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, მეტწილად მოსალოდნელია რომ მხარეები შეთანხმების მიღწევის გარეშე დარჩნენ.
საინტერესო იქნება ასევე Tesla-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ამ კვირას, ვინაიდან ეს ელექტრომწარმოებელი გასულ პარასკევს S&P 500-ს შეუერთდა, ახლა კომპანიის საბაზრო ღირებულება $600 მილიარდს უახლოვდება. პორტოფლიოს მენეჯერები JPMorgan-ის ანალიტიკოსებს რჩევებით მიმართავენ, როგორ მოიქცნენ Tesla-ს აქციებთან დაკავშირებით, ანალიტიკოსების მოსაზრება კი შემდეგია: ამ ელექტრომწარმოებლის საბაზრო ღირებულება ზედმეტად გაზრდილია.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირას ჩინეთში რითეილ გაყიდვების და უმუშევრობის დონის განახლებულ მაჩვენებელს გამოაქვეყნებენ. ევროკავშირში კი ხელფასების შესახებ და ასევე სავაჭრო ბალანსის განახლებული მონაცემები გახდება ცნობილი.