სად არის ძაღლის თავი დამარხული?

სად არის ძაღლის თავი დამარხული?

რაიან ჰოგანი და დერიკ სმიტი პანდემიის მიერ გაჩენილ მოწყენილობისა და ეკრანთან მავნე მიჯაჭვულობის ლეტალურ კომბინაციაზე აკეთებენ კაპიტალიზებას და, ყოველთვიური გამოწერების სანაცვლოდ, ყუთებში შეფუთულ მკვლელობათა ჩამთრევ მისტერიებს ყიდიან. Hunt a Killer-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რაიან ჰოგანი.

[MAINPICTURE]

ქსბრიჯში (მასაჩუსეტსი) შაბათი ღამე დგას, 31 წლის გრაფიკული დიზაინერი, ჰიდერ ნიკოლი კი მკვლელობას იძიებს. ახლო მეგობართან ერთად, ის ძველი საგაზეთო ამონარიდებით, ფინანსური დოკუმენტებითა და პოლიციის ოქმებით სავსე ყუთში იქექება და ცდილობს, ფიქციური ბოი-ბენდის, Just4fun-ის სოლისტის, ჯეიკ მორგანის შემაძრწუნებელი სიკვდილი ამოხსნას. ყოველთვე, ნიკოლი, სხვა 100,000 ადამიანთან ერთად, დაახლოებით $30-ს უხდის ბალტიმორში დაფუძნებულ სტარტაპ Hunt A Killer-ს, რათა თამაშის ახალი ულუფა მიიღოს. სრული “სეზონი“ ექვს ყუთს მოიცავს, ჯამში, $180-ის ტოლფასს, და ექვსივე გჭირდება, თუ გინდა, რომ მორგანის სიკვდილი ბოლომდე გამოიძიო. “ამ საქმეების ამოხსნისას სრულიად სერიოზული ვარ, – ამბობს ნიკოლი, რომელიც თავის შედეგებს ბაინდერში ფანქრით აღნიშნავს. – ახლა მთლიანად დამოკიდებული ვარ საქმეების გამოძიებაზე“.

Hunt A Killer-ის თამაში, ფაქტობრივად, მარტო ოფლაინ ხდება.. და, დიდწილად, სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. “ამაზე უკეთეს დროს როდის ვნახავდით – დროს, როცა საჭიროა, ტელეფონი გვერდზე გადადო, გამოხვიდე Twitter-იდან და მოსწყდე ყველა ასეთ ხელსაწყოს, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, 36 წლის რაიან ჰოგანი, აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერი. – ამწუთას ყველანი გაგიჟების პირას ვართ. ყველას გვჭირდება ერთგვარი დეტოქსი“.

გასულ წელს ჰოგანის კომპანიამ, რომელიც ბავშვობის მეგობართან, 37 წლის დერიკ სმიტთან ერთად დააფუძნა, $27 მილიონი გააკეთა შემოსავლის სახით, ამისთვის კი ყიდდა გამოწერებს, პრემიუმ-„ყველაფერი ერთში“ – გამოცემებსა და თამაშების წინა ნაწილების კოლექციებს (საწყისი ფასი: $140 ექვსი ყუთისთვის). პანდემია რიცხვებს მნიშვნელოვნად ასტიმულირებს: წელს Hunt A Killer-ის შემოსავალმა შესაძლოა, $50 მილიონი შეადგინოს და ჩნდება იმედიც, რომ პირველად არსებობის მანძილზე, მოგებაზეც გავლენ. ორი თანადამფუძნებელი კომპანიის 85%-ს – $65 მილიონზე ოდნავ მეტს – ფლობს.

დუეტი სამაგიდო თამაშების უეცარი ბუმის ბენეფიციართა ბოლო თაობას წარმოადგენს – ბუმისა, რომელიც 1990-იანების შუა პერიოდიდან იღებს სათავეს, როცა გერმანული წარმოშობის რთულმა სტრატეგიულმა თამაშმა, Settlers of Catan-მა პირველად მოიპოვა პოპულარობა ამერიკული კოლეჯის კამპუსებში. Catan-ს, მსოფლიო მასშტაბით, 30 მილიონზე მეტი თამაში აქვს გაყიდული და დღემდე – ჩაშვებიდან თითქმის 25 წლის შემდეგ – მისი შემოსავალი $100 მილიონს აღემატება. საბოლოო ჯამში, Euromonitor-ის პროგნოზით, ჩრდილოეთ ამერიკაში სამაგიდო თამაშების გაყიდვები $3.4 მილიარდიდან (2019 წლის მაჩვენებლით) $4.1 მილიარდამდე გაიზრდება 2024-ში.

“ამ წლის პირველ ნახევარში თამაშების ფეთქებადი ზრდის მომსწრენი ვართ, – ამბობს სტეფანი ვისინკი, რომელიც ინდუსტრიას Jefferies-ისთვის ადევნებს თვალს. – ეს კატეგორია წელს 37%-ით გაიზრდა. ამ სივრცეში უკვე ოცი წელია, ვმუშაობ და ასეთი რამ არასდროს მინახავს“.

Hunt A Killer-ის ფესვები ტანსაცმლის წარუმატებელ კომპანია Warwear-ში უნდა ვეძიოთ, რომელიც ჰოგანმა, ცოლთან ერთად, ჯერ კიდევ საზღვაო ძალებში ყოფნისას წამოიწყო. $100,000- ის ტოლფასი გაუყიდავი მაისურების ამარა, 2011-ში, ჰოგანი სმიტთან გაერთიანდა, რათა საშინელებათა ჟანრის თემაზე შექმნილი 5K-ის რბოლათა სერიები, სახელად Run for Your Lives-ი შეექმნა (თამაშის მონაწილეები სარბენ მოედანზე ჩასაფრებულ ზომბიებს უნდა გაჰქცეოდნენ). ეს კომპანია გაკოტრდა, მაგრამ გამოცდილებამ დუეტი ანტრეპრენიორულ გზაზე დააყენა, რომელიც 2016-ში Hunt A Killer-ის პირველ თამაშად გარდაიქმნა.

სმიტის სარდაფში მომუშავე თანადამფუძნებლები ყველაფერს თავად აკეთებდნენ, თამაშების დიზაინით დაწყებული, მათი შეფუთვითა და დაგზავნით დამთავრებული. 2017-ისთვის კომპანიას 25,000 გამომწერი და ერთგვარი სექტანტი მიმდევრების ჯარი ჰყავდა Facebook-ზე. “კოვიდმა უდავოდ დააჩქარა ჩვენი ტემპები, – ამბობს ჰოგანი, – მაგრამ კოვიდზე დაფუძნებული კომპანია არა ვართ“.

მომდევნო ნაბიჯები ვაჭრობის სფეროს უკავშირდება. სექტემბერში Hunt A Killer-ს თავისი ფლაგმანი თამაშის დებიუტი ჰქონდა Amazon-ზე $30-ად. იგივე პროდუქტი, ოქტომბრიდან, Target-შიც გაიყიდება. განიხილება ბრენდებთან თანამშრომლობაც, მაგალითად, Lionsgate-თან (მათი ფილმის “ალქაჯი ბლერიდან” საფუძველზე) და Simon & Schuster-თან (მხატვრული პერსონაჟის, ნენსი დრიუს წიგნების გარშემო).

“თუ შევძლებთ და შევქმნით ამ ზღაპრულ გამოცდილებას, რაც რეალობიდან გაქცევასაც გთავაზობს და ამბავშიც ბოლომდე გითრევს, – ამბობს ჰოგანი, – ამაზე კარგს რას გავაკეთებთ?!“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.