რატომ გვატყუებს სტატისტიკა?

რატომ გვატყუებს სტატისტიკა?

„შენ თქვი – მე დაგიჯერე, გამიმეორე – ეჭვი შემეპარა, მტკიცება დაიწყე – მივხვდი, რომ იტყუები“ – ჩინური ანდაზა 

დიდი კომბინატორი, ილფისა და პეტროვის ავანტიურისტი გმირი, გაქნილი და მატყუარა ოსტაპ ბენდერი, დიდ პატივს სცემდა სტატისტიკას. სტატისტიკამ ყველაფერი იცისო, ამბობდა იგი. „სტატისტიკას ვერსად დაემალები. მას ზუსტი ცნობები აქვს არა მარტო კბილის ექიმების, შპრიცების, ძეხვეულის მაღაზიების, მეეზოვეების, კინორეჟისორების, მეძავების, ისლის სახურავების, ქვრივების, მეეტლეებისა და ზარების შესახებ, მან ისიც კი იცის, თუ რამდენი სტატისტიკოსია ქვეყნად და მხოლოდ ერთი რამ არ იცის – მან არ იცის, რამდენი სკამია ქვეყანაში“. სკამები კი, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრია. ამ მილიონობით სკამიდან მას სჭირდება 12 რბილი სკამის პოვნა, რომელთაგან ერთ- ერთში ბრილიანტებია მოთავსებული. სკამების პოვნაში სტატისტიკა ვერ დაეხმარებოდა, ამიტომაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა, გაბრაზებულიყო მის საყვარელ საგანზე.

ჩვენ რაღა გვაბრაზებს, ჩვენმა სტატისტიკამ, წესით, ხომ ყველაფერი უნდა იცოდეს? აქ კი ცოტა უნდა დავფიქრდეთ: ბევრი რამ იცის, ბევრი რამ – არა, ბევრ რამეში იტყუება. მაგალითად, იცის, რამდენია ქვეყანაში გასულ 2020 წელს ინფლაციის ზუსტი მაჩვენებელი, მაგრამ გაჩნდა ეჭვი, რომ შეგნებულად აყალბებს. შეგნებული გონიერში რომ არ აგერიოთ, დავაზუსტებ – მიზანმიმართულად აყალბებს. მიზანი ერთია – მოემსახუროს ხელისუფლებას, ლამაზად წარმოაჩინოს მისი საქმიანობა და შეარბილოს ფასების ზრდის შედეგად მოსახლეობის გაღარიბებაში მთავრობისა და ეროვნული ბანკის წვლილი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ (დეკემბრის თვის ფასები წინა წლის დეკემბერთან შედარებით) 2.4 პროცენტი შეადგინა, არადა, პანდემიის პერიოდში მრავალი დასახელების საქონელზე ფასების საგრძნობი მატება აშკარა იყო და ყველას გაუჩნდა განცდა, რომ გათვლებში რაღაც არ იყო წესრიგში. სტატისტიკის სამსახური ინფლაციის ასეთ დაბალ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ თურმე ქვეყანაში 21.7 პროცენტით შემცირებულა ფასები ისეთ სასაქონლო ჯგუფში, როგორიცაა საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა დეკემბრის ინფლაციაზე, ანუ რომ არა, ჩვენი აზრით, ასეთი მანიპულაცია, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იქნებოდა არა 2.4 არამედ 4.13 პროცენტი, რაც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3-პროცენტიან მაჩვენებელზე მაღალია. სხვაობა ნამდვილად დიდია. ეჭვი კიდევ უფრო ღრმავდება, თუ ამ ჯგუფში შემავალ ცალკეულ მომსახურებაზე დეკემბრის თვეში ფასების საოცარ კლებას დავაკვირდებით: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული მომსახურება (-36.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.1 პროცენტი). საქსტატის განმარტებით, ფასების აღნიშნული მასშტაბით შემცირება განაპირობა მთავრობის მიერ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისათვის კომუნალური გადასახადების (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება) დაფარვამ (სუბსიდირებამ). სწორედ აქედან ჩნდება ბევრი კითხვა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქსტატის მიერ არსებული მეთოდოლოგიის არასწორი (შერჩევითი) გამოყენება და შედეგებით მანიპულირება ხდება.

მეთოდოლოგია პოლიტიკური მანიპულაციის სამსახურში

სამომხმარებლო ფასების ინდექსის დადგენისას, საერთაშორისო მეთოდოლოგიით, მართლაც ხდება სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯების ოდენობით ფასების სიდიდის კორექტირება (შემცირება). თუმცა მეთოდოლოგია ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ თავისებურებებს და ზოგიერთ შემთხვევაში ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. რა და როგორ უნდა იქნას გამოყენებული, ეს ქვეყნის სტატისტიკური ორგანოების გადასაწყვეტია. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია თავად ტერმინების ინტერპრეტაციასაც. მაგალითად, მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის კომუნალური ხარჯების დასაფარავად გამოყოფილი ფული რომ ყოფილიყო განმარტებული როგორც „ერთჯერადი სოციალური დახმარება“, მაშინ, ბუნებრივია, როგორც ბევრი სხვა სახის სოციალური შემწეობა, არ იქნებოდა გათვალისწინებული ფასების განსაზღვრისას. ასეთი სახის ე.წ. ვაუჩერები (დენის, ბუნებრივი აირის, საწვავის, მინერალური სასუქების, სასოფლო-სამეურნეო იარაღების, სურსათის და ა.შ.) წინა წლებშიც არაერთხელ ყოფილა გამოყენებული, მაგრამ იგი ფასების მაკორექტირებლად არ გამოყენებულა. პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა თავისი ბუნებით მართლაც უფრო სოციალურ დახმარებას ჰგავს, რადგან მხოლოდ იმ დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის „გაიცემა“, რომლებიც თვეში 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს და 200 კილოვატ-საათზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ. რა გამოდის, ის, რაც ჩემი მეზობლისათვის დეფლაციაა, ჩემთვის ინფლაცია ყოფილა ან პირიქით.

მეთოდოლოგიისადმი უნდობლობას ბადებს ის ფაქტიც, რომ ზუსტად მსგავსი სახის სუბსიდირება მოახდინა მთავრობამ 2020 წლის მარტ-აპრილ-მაისის განმავლობაში, თუმცა საქსტატს ინფლაციის გაანგარიშებისას ეს არ გაუთვალისწინებია. ეს უკვე აშკარა ორმაგი სტანდარტით მოქმედებაა სუბსიდირების გავლენის განსაზღვრისას.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ პანდემიის საწინააღმდეგო ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში გაწეული სუბსიდირების მიუხედავად, აღნიშნული კატეგორიის სასაქონლო ჯგუფში, საქსტატის მიხედვით, იანვარ-ნოემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით ერთი პროცენტიდან სამი პროცენტის ფარგლებში მერყეობდა (მარტ-აპრილ-მაისში საშუალოდ 3.8 პროცენტი იყო), მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, დეკემბერში მნიშვნელოვანი სიდიდის დეფლაცია (ფასების კლება) დაფიქსირდა. ამით კიდევ უფრო მეტად დადგა ეჭქვეშ ოფიციალური მონაცემების სანდოობის საკითხი.

ნათელია, საქსტატს ან „გადაავიწყდა“ სუბსიდირების თანხების ყოველთვიური ასახვა სამომხმარებლო ფასების ინდექსში, წლის ბოლოს კი „გაახსენდა“ და დეკემბრის თვის მაჩვენებელს ერთბაშად დაუმატა „გადავიწყებული“ ფული, ან შეგნებულ მანიპულაციას მიმართა სურათის შესალამაზებლად. მეთოდოლოგიის ორმაგი სტანდარტით გამოყენებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ უკვე 2021 წლის იანვრის ინფლაციის წლიურ მაჩვენებელში, 2020 წლის დეკემბრის მსგავსად, ზემოთ ნახსენებ სასაქონლო ჯგუფში დაფიქსირდა ფასების კლება 20.5 პროცენტის ოდენობით (რადგან იანვარშიც გაგრძელდა კომუნალური ხარჯების სუბსიდირება), რამაც, ბუნებრივია, ასევე გავლენა მოახდინა ამ თვის წლიური ინფლაციის (იანვარი-იანვართან) მოცულობაზე (-1.8 პროცენტული პუნქტით). ამ „შეცდომას“ განგრძობითი ეფექტი ექნება და ინფლაციის მომავალი თვეების მაჩვენებლები ზუსტი ვეღარ იქნება. მაგალითად, 2021 წლის მარტის თვის წლიური ინფლაცია უფრო ნაკლები გამოვა, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, 2020 წლის მარტში (შემდგომ თვეებშიც) სუბსიდირების თანხები დროულად რომ ყოფილიყო გათვალისწინებული.

მეთოდოლოგიაზე აპელირება ბევრ სხვა კითხვასაც ბადებს. საქსტატი წინა წლებში (გასულ 2020 წელსაც) ითვალისწინებდა თუ არა თავისი შინაარსით ანალოგიურ დანახარჯებს, რომელთაც მთავრობა ეწეოდა და დღემდე ეწევა. მაგალითად, სვანეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის საფასურის დაფარვას. ან, სამომხმარებლო კალათაში შეტანილი საქონლისა და მომსახურების ცალკეული ჯგუფების ფასების ცვლილების განსაზღვრისას და, შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელში მათი წვლილის ასახვისას იყო თუ არა (ან მო მავალში იქნება თუ არა) გათვალისწინებული მთავრობის ისეთი ხარჯები, რომლებიც პანდემიის პერიოდში იქნა გაწეული, მაგალითად, როგორიცაა 9 დასახელების სასურსათო საქონლის ფასების სუბსიდირება, ჯანდაცვის ობიექტებისადმი ფინანსური, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა სახის დახმარება, ფქვილის სუბსიდირება (10 მილიონი ლარის ოდენობით), ბინათმშენებლობის სესხების პროცენტის სუბსიდირება (25 მილიონი ლარი), სკოლის მოსწავლეებისათვის ინტერნეტით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურება, რკინიგზის სამგზავრო ბილეთების სუბსიდირება და ასე შემდეგ. ვეჭვობ, რომ არა. ეს რომ გა კეთებულიყო, ქვეყანაში ინფლაცია კიდევ უფრო დაბალი გამოჩნდებოდა.

არ არის გამორიცხული, სუბსიდირების ორმაგი სტანდარტის გამოყენებამ გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ინფლაციის ზომის დადგენაზე, არამედ ისეთ მაჩვენებელზეც, როგორიცაა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდე, რადგან რეალური მშპ-ის დასადგენად ხდება ნომინალური მშპს-ის კორექტირება დეფლატორის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, ფასების ინდექსს წარმოადგენს. რაც უფრო ნაკლები იქნება ეს ინდექსი, მით უფრო მეტი იქნება მშპ, ანუ მარტივი მანიპულაციით შეიძლება მშპ-ის ხელოვნურად გაზრდა. განსხვავებით სამომხმარებლო ფასების ინდექსისა, ფასების დეფლატორის გაანგარიშებისას გამოიყენება ყველა საქონელი და მომსახურება, რომლებიც შედის მშპ-ში, თანაც, აღნიშნული ინდექსი არ შეიცავს იმპორტირებულ საქონელს. ამიტომ ინფლაციის მაჩვენებლის შესაძლო დამახინჯება ავტომატურად არ გულისხმობს დეფლატორის დამახინჯებასაც, რომელიც განსხვავებული წესით გამოითვლება, მაგრამ რადგან გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, ესეც ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს. გარდა ამისა, ინფლაციის არასწორად გაანგარიშება გავლენას მოახდენს საარსებო მინიმუმისა და პენსიის ოდენობის დადგენაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ყოველი მომდევნო წლის პენსიის ოდენობის განსაზღვრის საკითხი, რადგან ახალი კანონი ითვალისწინებს მის ინდექსაციას ინფლაციის სიდიდის მიხედვით. რა თქმა უნდა, ინფლაციის არაზუსტი მაჩვენებელი უარყოფით გავლენას ახდენს მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვაზე და ცრუ ორიენტირებს აძლევს ბიზნესს.

პარადოქსები ჭეშმარიტების დადგენის სამსახურში

როგორც თავში გავიხსენეთ, ოსტაპ ბენდერი დიდი მანიპულატორი იყო. ის რომ საქსტატის ხელმძღვანელი ყოფილიყო და პოლიტიკური ინტერესებით (ხელისუფლების საამებლად) ემოქმედა, ინფლაციის მაჩვენებელს სრულიადაც ნულამდე დაიყვანდა. ამისთვის შორს წასვლა არც დასჭირდებოდა: ფასებში მხოლოდ რამდენიმე „ოპერაციას“ ასახავდა და ისიც, ვთქვათ, მხოლოდ თბილისის მაგალითზე. როგორც ვიცით, თბილისში ბევრი რამის სუბსიდირება ხდება ქალაქის ბიუჯეტიდან. გასულ წელს სუბსიდირებაზე 272 მილიონი ლარი დაიხარჯა. მხოლოდ ტრანსპორტის (53 მილიონი ლარი) და დასუფთავების (64 მილიონი ლარი) სუბსიდირებისათვის გამოყოფილმა თანხებმა 117 მილიონი ლარი შეადგინა. ეს სფეროები იმიტომ გამოვყავი, რომ იმავე კატეგორიის ხარჯებია, რომლებიც მთავრობამ კომუნალური გადასახადების დასაფარავად გამოიყენა. თუ თბილისის მონაცემებს ასევე დავუმატებთ ქვეყნის დიდი ქალაქების მხოლოდ ტრანსპორტისა და კომუნალური ხარჯების სუბსიდირების თანხებს და მათაც ისევე გავითვალისწინებთ ინფლაციის გაანგარიშებისას, როგორც მთავრობის მიერ მომხმარებლებისათვის კომუნალური ხარჯების დაფარვისას მოხდა, შეიძლებოდა, სიამაყით გვეთქვა, რომ გასულ წელს საქართველოში ინფლაცია მინიმალურზე მინიმალური ყოფილა. ეს ერთი თვალსაჩინო მაგალითია, თორემ სახელმწიფო ბიუჯეტში მსგავსი ისეთი ხარჯები (ინფლაციის გაანგარიშებაში აუსახავი) მოიძებნება, რომლებიც იმის თქმის საფუძველს მოგვცემს, რომ ფასები არათუ გაზრდილა, სულაც შემცირებულა.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით არაერთხელ გამოთქმულა ეჭვი უმუშევრობის დონის, საარსებო მინიმუმის, მიგრაციის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და სხვა მაჩვენებლების სიზუსტის თაობაზე. ახლა ამ ეჭვს ინფლაციის მაჩვენებელიც დაემატა. საქსტატმა ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას ამ და სხვა კითხვებზე და ახსნას, თუ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული ის მეთოდოლოგია, რომელმაც ასეთი გაუგებრობა წარმოშვა.