Ray-Ban Stories: Facebook-ისა და Ray-Ban-ის ახალი ჭკვიანი სათვალე

Ray-Ban Stories: Facebook-ისა და Ray-Ban-ის ახალი ჭკვიანი სათვალე

Facebook-მა და EssilorLuxottica-მ ჭკვიანი სათვალე წარმოადგინეს, რომლითაც სურათების და ვიდეოს გადაღება, მუსიკის მოსმენა და ტელეფონზე საუბარი შეიძლება, – ეს ინფორმაცია Facebook-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა. სათვალე, სახელწოდებით Ray-Ban Stories, უკვე იყიდება ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაღაზიებში. სათვალე ოცი სხვადასხვა დიზაინით გამოდის და მისი საწყისი ფასი 299 აშშ დოლარია.

Ray-Ban-ის თითოეულ ჭკვიან სათვალეს ორი 5-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომლითაც სურათების და 30 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოს გადაღება შეიძლება როგორც ღილაკზე თითის დაჭერით, ასევე Facebook Assistant-ის ხმოვანი შეტყობინებების საფუძველზე. სათვალე აღჭურვილია LED-ნათურებით, რომლებიც, ერთი მხრივ, მაღალხარისხიანი სურათისა თუ ვიდეოს გადასაღებად საჭირო განათებას უზრუნველყოფენ, ხოლო მეორე მხრივ, დამსწრე საზოგადოებას ანიშნებენ, რომ ადამიანი სურათს ან ვიდეოს იღებს. ამას გარდა, Ray-Ban Stories-ი ორი ღია დინამიკითა და სამი მიკროფონითაა აღჭურვილი, რაც სხივწარმოქმნის ტექნოლოგიასთან ერთად, ყურსასმენების მსგავს აუდიოგარემოს  ქმნის. სათვალის სრულად დამუხტული ელემენტი დაახლოებით ექვს საათს გაძლებს – ელემენტის დამუხტვის დონის კონტროლი კი Facebook View-ს აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.

Ray-Ban Stories-ით გადაღებული სურათებისა და ვიდეოს გაზიარებას შეძლებთ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე, Whatsapp-ში, Messenger-ში, Twitter-ზე, TikTok-სა და Snapchat-ზე – დროთა განმავლობაში სიას სხვა აპლიკაციებიც შეემატება. აღსანიშნავია, რომ ჭკვიან სათვალეს მოჰყვება აპლიკაცია Facebook View, რომელშიც სათვალით გადაღებული მასალის რედაქტირებას შეძლებთ.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. Ray-Ban Stories-ით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმ მომავლისაკენ, რომელშიც ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი აღარ იქნება. არჩევა არ მოგიწევთ, მოწყობილობასთან დაამყაროთ ურთიერთობა, თუ თქვენ გარშემო არსებულ სამყაროსთან“, – აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი მსგავსი პათოსის იდეას ავრცელებს Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტი დამატებითი და ვირტუალური რეალობის საკითხებში, ენდრიუ ბოზუორთი – მისი თქმით, Ray-Ban Stories-ის მიზანი „მომხმარებლების გონებაში იმ ნიადაგის მომზადებაა, რომელზეც მომავალში ძალიან, ძალიან ბევრი პროდუქტი აღმოცენდება“.

თავისთავად ცხადია, რომ სათვალის მთავარ ჭკვიან მოწყობილობად გარდაქმნა  უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს ბადებს – ამ შეკითხვებს Facebook-მა ბლოგი მიუძღვნა. ნებისმიერ სოციალურ მედიას, რომელზეც სურათისა ან ვიდეოს განთავსება გსურთ, თქვენს მასალასთან ნებართვის გარეშე წვდომა არ ექნება – მეტიც, მასალა დაშიფრულია, ხოლო თქვენი Facebook-ის ანგარიშის დაცვაზე ალგორითმებთან ერთად ადამიანებიც მუშაობენ. გარდა ამისა, Facebook-ი ჭკვიანი სათვალის პატიოსნად ტარების გაიდლაინებს აქვეყნებს: კომპანია მის მომხმარებლებს ურჩევს, არ გადაიღონ სურათი ან ვიდეო, თუ ეს ვინმეს არ სურს, არ დაარღვიონ კანონი და საერთოდ, ნუ გამოიყენებენ სათვალის ჭკვიან ფუნქციებს გარკვეულ ადგილებში, მაგალითად, სალოცავში ან ექიმთან ვიზიტისას.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ისა და Ray-Ban-ის კოლაბორაციაზე მარკ ცუკერბერგი და Luxottica-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ლეონარდო დელ ვეკიო, ჯერ კიდევ 2019 წელს შეთანხმდნენ. იმ დროს ამერიკული გიგანტის ხელმძღვანელები ჩრდილოეთ იტალიას ეწვივნენ, სადაც ჭკვიანი სათვალის მთავარ ფუნქციონალს ერთი კვირის განმავლობაში ათანხმებდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ ეს მოწყობილობა Facebook-ის ბრენდინგით არ გამოდის, როგორც, მაგალითად, ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus VR. ამ შემთხვევაში, Facebook-ი ტექნოლოგიასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო Ray-Ban-ი სათვალის დიზაინსა და გაყიდვებს უხელმძღვანელებს.