ფარმაცევტულმა კომპანია Gilead Sciences-მა 2020 წლის გაყიდვების პროგნოზი შეამცირა. როგორც Reuters-ი წერს, ამის მიზეზი მის მიერ წარმოებული პრეპარატის “რემდესივირის“ გაყიდვების პროგნოზირების სირთულე გახდა. ცნობისთვის, აღნიშნული მედიკამენტი მოიაზრება როგორც კორონავირუსის სამკურნალო საშუალება. ის აშშ-ში ერთადერთი პრეპარატია, რომელიც წამლისა და საკვების სააგენტომ დაადასტურა, და რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს მკურნალობენ. მედიკამენტი ავტორიზებულია კიდევ დაახლოებით 50 ქვეყანაში.
მიუხედავად ამისა, Gilead-მა წლიური გაყიდვების პროგნოზი $25 მილიარდიდან $23.5 მილიარდამდე შეამცირა, მაშინ როდესაც Wall Street-ი კომპანიას $24.1 მილიარდის მოცულობის გაყიდვებს უწინასწარმეტყველებს. შედეგად კომპანიის აქციები ბირჟებზე 1.5%-ით შემცირდა.
რაც შეეხება მესამე კვარტალს, ფარმაცევტულმა კომპანიამ $6.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $6.31 მილიარდს პროგნოზირებდნენ.