ბარბადოსელი მომღერალი რობინ ფენტი, მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც რიანა, ოფიციალურად უკვე Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. აღსანიშნავია, რომ მომღერლის წარმატება არა მუსიკალურმა კარიერამ, არამედ 2017 წელს, მის მიერ დაარსებულმა კოსმეტიკის ბრენდმა (Fenty Beauty) განაპირობა.
Forbes-ის ოფიციალური მონაცემებით, რიანას ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში უმდიდრეს ქალ მომღერლად, ხოლო ოპრა უინფრის შემდეგ, მეორე ყველაზე მდიდარ მეწარმე ქალად აქცევს. რიანას ქონების უდიდესი წილი, 1.4 მილიარდი აშშ დოლარი, მის მიერ დაარსებული კოსმეტიკური კომპანია, Fenty Beauty-ის დამსახურებაა, $270 მილიონი თეთრეულის კომპანია Savage x Fenty-ის აქციებზე, დანარჩენი კი მომღერლისა და მსახიობის კარიერიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.
კოსმეტიკის ბრენდი Fenty Beauty რიანამ 2017 წელს, ფრანგულ კომპანია LVMH-ს მფლობელ ბერნარდ არნოსთან ერთად დააარსა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია. კოსმეტიკური კომპანიის წარმატება მომღერლის პოპულარობასთან ერთად, მრავალფეროვანმა პროდუქციამ განაპირობა, რაც მომხმარებლისთვის ყველა ტიპისა და ტონალობის კანისთვის, 50-მდე ფერის ტონალური ფუძის შეთავაზებას გულისხმობს.
2018 წელს, ბრენდის დაარსებიდან 1 წელიწადში, კომპანიის შემოსავალმა 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და სხვა ცნობილი სახეების ბრენდების, მათ შორის კენდალ ჯენერის „Kylie Cosmetics“-ის და კიმ კარდაშიანის „KKW Beauty”-ის მნიშვნელოვან კონკურენტად იქცა. ბოლო მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, გაყიდვები იზრდება და კომპანიის ღირებულება 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
Fenty Beauty-ის გარდა, თებერვალში, რიანას მიერ წარმოებული თეთრეულის ხაზი Savage x Fenty-ს ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. მომღერალმა Savage x Fenty 2018 წელს წარადგინა, ინვესტიცია კი იმ დროისთვის მხოლოდ 115 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. რიანას აქციების წილი თეთრეულის ბრენდის 30%-ს მოიცავს. მიუხედავად სილამაზის ინდუსტრიაში მიღწეული წარმატებისა, არ გაამართლა რიანას მოდის ხაზმა, რომელიც მომღერლისა და ფრანგული LVMH-ის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი იყო. საკუთარი მოდის ხაზი რიანამ პირველად 2019 წელს გამოუშვა, უკანასკნელი ჩვენება კი გასული წლის ბოლოს შედგა.
მილიარდერი ამჟამად სრულად სილამაზის ინდუსტრიაზეა კონცენტრირებული, რაც მომღერლის გულშემატკივრებში ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევს. ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა ბოლო ალბომი 2016 წელს გამოუშვა. მიუხედავად ამისა, რიანა სოციალურ ქსელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მომღერალს ინსტაგრამზე 103 მილიონი, ხოლო ტვიტერზე 102.5 მილიონი გამომწერი ყავს.