მილიარდერი ბრიტანელი მეწარმის, რიჩარდ ბრენსონის მფლობელობაში არსებულმა Virgin Orbit-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.
კომპანიის ძირითადი საქმიანობა მზიდი თვითმფრინავის დახმარებით კოსმოსში რაკეტებისა და სატელიტების გაშვება იყო. გარდა ამისა, Orbit-ის ხომალდი აქტიურად გამოიყენებოდა კვლევითი პროექტებისა და ექსპერიმენტების განსახორციელებლად.
2017 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ სატელიტების გაშვების მიმართულებით არაერთ წარმატებას მიაღწია და ის ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა, თუმცა 2021 წელს ბრიტანეთში დაგეგმილი მისია კრახით დასრულდა, რის შემდეგაც კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო.
აღნიშნული მოვლენიდან მალევე კერძო კონტრაქტორებმა Orbit-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კი მკვეთრად გაუარესდა. გასული წელი Virgin Orbit-მა $50-მილიონიანი ზარალით დაასრულა და საბოლოო ჯამში ის გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა.
Orbit-ი რიჩარდ ბრენსონის ჰოლდინგის, Virgin Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია გასულ წელს 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამჟამად მისი ღირებულება საფონდო ბირჟაზე 98%-ითაა შემცირებული.