რობერტ დე ნიროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში კინოსტუდია გაიხსნება

რობერტ დე ნიროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში კინოსტუდია გაიხსნება

ამერიკელი მსახიობის, რობერტ დე ნიროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში კინოსტუდია გაიხსნება, რომლის ბიუჯეტიც 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ცნობილი გახდა, ნიუ-იორკის შენობების დეპარტამენტმა კომპლექსის მშენებლობისთვის ნებართვა უკვე გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას არქიტექტურული კომპანია Bjarke Ingels Group-ი ავრცელებს, რომელიც პროექტის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც კინოსტუდიის გახსნის გეგმა გაჟღერდა, დაახლოებით ორი წელი გავიდა. Bjarke Ingels Group-ის ინფორმაციით, Wildflower Studios-ის სახელწოდებით ცნობილი კინოსტუდიის შვიდსართულიანი შენობა 72 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ნიუ-იორკის ქუინსის რაიონში აშენდება. წინასწარი ცნობით, მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის უკან მანჰეტენზე დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპერი Wildflower-ი დგას. მას ასევე მხარს უჭერენ ნიუ-იორკში დაბადებული მსახიობი რობერტ დე ნირო და პროდიუსერი ჯეინ როზენთალი. გარდა ამისა, პროექტში ჩართულია დე ნიროს ვაჟი, რაფაელი, რომელიც უძრავი ქონების ბროკერია. ნიუ-იორკის ქალაქის დაგეგმარების დეპარტამენტს გასული წლის ივნისში კინოსტუდიის მშენებლობის გეგმა სწორედ მან წარუდგინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტრუქტურის ექსტერიერზე ბეტონის პანელები განლაგდება. შენობაში კი წარმოდგენილი იქნება კაფეები, ოფისები და ლაუნჯები. ნაგებობის სახურავზე მზის პანელების დამონტაჟდება იგეგმება.

Wildflower-ი იმედოვნებს, რომ პროექტი ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *