როგორ აღმოჩნდა Credit Suisse-ი კოლაფსის ზღვარზე?

როგორ აღმოჩნდა Credit Suisse-ი კოლაფსის ზღვარზე?

Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია, რომელიც 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება.

ბანკს უდიდესი გავლენა აქვს შვეიცარიის ეკონომიკაზე, რადგან ის ქვეყნის რიგით მეორე უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციაა, UBS-ის შემდეგ.

ბოლო პერიოდში Credit Suisse-ის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაზეც არაერთი ინდიკატორი ცალსახად მიუთითებს. გარდა ამისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ დეფოლტის გამოცხადების რისკები სწრაფად იზრდება და, შესაძლოა, მსოფლიომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს Lehman Brothers-ის კოლაფსის მსგავსი მოვლენა იხილოს. ამას, Credit Suisse-ის მასშტაბებიდან გამომდინარე, გლობალურ ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება.

Credit Suisse-ის პრობლემები სათავეს საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს. წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკი არაერთ საერთაშორისო სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს ფულის გათეთრების შემთხვევები, მოსყიდვები, რეგულაციების უხეში დარღვევები თუ კლიენტების აქტივების არასათანადოდ განკარგვის შემთხვევები.

Credit Suisse-მა ზეობის მწვერვალს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საფონდო ბირჟაზე ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ Credit Suisse-ის დაღმასვლის ისტორია იწყება, რომელიც ამჟამად ერთგვარ კულმინაციურ წერტილს აღწევს. შედარებისთვის, ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად სულ რაღაც 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ვარდნის 88%-იანი მაჩვენებელია.

შვეიცარიული ბანკის კაპიტალიზაციის მკვეთრი შემცირება რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გლობალური საინვესტიციო ბანკების მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პრაქტიკის დასრულებას უკავშირდება. 2005-2008 წლებში Credit Suisse-ი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ტრეიდინგში იყო ჩართული, 2008 წლის კრიზისის გამო კი აღნიშნული პრაქტიკით მიღებული ზარალის მოცულობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გარდა ფინანსური ზარალისა, Credit Suisse-ის წინააღმდეგ არაერთ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება, რომელთაგან რამდენიმე დღემდეც კი გრძელდება. სწორედ 2008 წლის კრიზისის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო დავაში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, Credit Suisse-ს 495 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწია.

მართალია, 166-წლიან ისტორიის განმავლობაში Credit Suisse-ი არაერთი გამოწვევის წინაშე დამდგარა. თუმცა 2008 წლის კრიზისს მალევე მოჰყვა ბაზელის კონვენციის მიერ ახალი საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელმაც ყველა მსხვილს საინვესტიციო ბანკს მნიშვნელოვნად გაურთულა საქმიანობა, განსაკუთრებით კი Credit Suisse-ს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა უკანონობის ზღვარსა და მის მიღმაც.

2022 წელი Credit Suisse-ისთვის განსაკუთრებით გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. სულ რაღაც ერთ წელში ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 57%-ით შემცირდა, რაც იმას ცხადყოფს რომ ინვესტორები კომპანიის მიმართ ნდობას კარგავენ.

ამ შემთხვევაშიც, 2008 წლის მსგავსად, პრობლემებს გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება ამწვავებს. მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და საფონდო ბირჟების ვარდნის ფონზე, Credit Suisse-ის საინვესტიციო დეპარტამენტი ზარალზე გადის. ინფლაციის დონის ზრდის გამო, ბანკის საოპერაციო ხარჯები უჩვეულო ტემპით იზრდება; აშშ-ში დაწყებული გამოძიებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს გამკაცრების გამო კი, ბანკის ხელმძღვანელობა ქვეყნის ბაზრიდან გასვლასაც განიხილავს.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო სანქციების ფონზე, უმდიდრეს რუს მოქალაქეებს დასავლეთში საბანკო მომსახურების მიღება ურთულდებათ, Credit Suisse-ი კი წლების განმავლობაში არაერთი ოლიგარქისა თუ ბიზნესმენის რჩეული ბანკი იყო.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის II კვარტალში ბანკმა 1.6 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო; III კვარტალი Credit Suisse-მა რეკორდული $4.1-მილიარდიანი ზარალით დაასრულა; IV კვარტლისთვის კი კომპანიის მენეჯმენტი 1.6 მილიარდი დოლარის ზარალის მიღებას პროგნოზირებს.

ზარალის უჩვეულოდ დიდი მოცულობა არა უშუალოდ საოპერაციო ხარჯებით, არამედ კომპანიის ხელმძღვანელობის ახალი “რადიკალური რესტრუქტურიზაციის” სტრატეგიითაა განპირობებული.

საქმე ისაა, რომ მიმდინარე წელს კომპანიას სათავეში ახალი მენეჯმენტი ჩაუდგა, ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორად კი ულრიხ კორნერი დაინიშნა, რომელიც გეგმავს, რომ შვეიცარიულ ბანკს ძირითადი პროფილი შეუცვალოს, რისკები შეამციროს და Credit Suisse-ის შებღალული რეპუტაცია აღადგინოს.

რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ არაერთი სასამართლო დავის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც Credit Suisse-ს $1 მილიარდამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრა.

გარდა ამისა, Credit Suisse-ი აშშ-ში აქტივების მართვის დეპარტამენტს ყიდის და ქვეყნის ბაზრიდან გასვლას ცდილობს. ხაზგასასმელია ისიც, რომ Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ საინვესტიციო ბანკის სეკურიტიზებული პროდუქციის (SPG) პორტფელის Apollo Global Management-ზე გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. SPG-ს გაყიდვა ფაქტობრივად საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისებას გულისხმობს. წინასწარი შეფასებით, გარიგების დასრულების შემდეგ, Credit Suisse-ის სეკურიტიზებული პორტფელის მოცულობა $75 მილიარდიდან $20 მილიარდამდე შემცირდება, ანუ საინვესტიციო ფონდი Apollo Global-ი შვეიცარიული ბანკისგან $55 მილიარდის ღირებულების საკრედიტო პორტფელს გამოისყიდის.

Credit Suisse-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ეს გარიგება კომპანიას ორ შესაძლებლობას მისცემს: პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დაიკლებს რისკის დონე, რადგან პორტფელის მოცულობა მკვეთრად შემცირდება და მეორე – კომპანია ნაღდი ფულის სახით შემოსავლის მიღებას შეძლებს, რაც რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას და Credit Suisse-ის ოპერირებას მოხმარდება.

ულრიხ კორნერის განცხადებით, “რადიკალური რესტრუქტურიზაციის” სტრატეგია ოფიციალურად დაწყებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში ინვესტორები მაღალი ვოლატილობისთვის მზად უნდა იყვნენ.

კორნერის განმარტებით, Credit Suisse-ის საინვესტიციო პორტფელში მაქსიმალურად შემცირდება მაღალრისკიანი აქტივებისა და კრედიტების რაოდენობა, გარდა ამისა, ძირითად ბანკს გამოეყოფა დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკი, რომლის სახელწოდება CS First Boston იქნება. CSFB-ის აქციები საფონდო ბირჟაზე ცალკე განთავსდება და მას საკუთარი მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭო ეყოლება.

9,000 თანამშრომლის გათავისუფლებისა და ზემოხსენებული ფაქტორების ფონზე, ტრეიდერები პროგნოზირებენ, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში 30%-იანი შანსია იმისა, რომ Credit Suisse-მა ობლიგაციებზე დეფოლტი გამოაცხადოს, ანუ ვალდებულებების მომსახურება ვერ შეძლოს. ამ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ოქტომბრიდან მოყოლებული ბანკის ქონების მართვის დეპარტამენტიდან კლიენტებმა აქტივების 10% გაანაღდეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ბანკს 88 მილიარდი დოლარის გაცემა მოუწია. თავის მხრივ, ეს მოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის იმის რისკებს, რომ Credit Suisse-ი კრიტიკულ სარეზერვო ნიშნულამდეც მივიდეს და ბანკი ლიკვიდობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად არასახარბიელო შედეგებისა და ინვესტორების მიერ ნდობის დაკარგვისა, მაინც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ი არ არის Lehman Brothers-ი. ის სისტემური მნიშვნელობის ბანკია, რომლის ფუნქციონირებაზე შვეიცარიის ეკონომიკა პირდაპირაა დამოკიდებული, შესაბამისად, მის გაკოტრებასა და კოლაფსს შვეიცარიის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *