ზელენსკის თქმით, რუსეთში 50,000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედროს განლაგება იგეგმება

ზელენსკის თქმით, რუსეთში 50,000-მდე ჩრდილოკორეელი სამხედროს განლაგება იგეგმება

ფოტო: Reuters

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში საომრად რუსეთში 50,000-მდე ჩრდილოკორეელ სამხედროს განალაგებენ. ზელენსკი სამხრეთ კორეის მთავრობას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 30,000-დან 50,000-მდე ჩრდილოკორეელი მებრძოლი განათავსონ“, – დაწერა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.

მისივე განმარტებით, უკრაინულმა მხარემ საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული რაკეტების ნარჩენებიც აღმოაჩინა, თუმცა კონკრეტულად სად, არ განუმარტავს.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩრდილოეთი კორეა გააგრძელებს თანამედროვე საომარ ვითარებაში გამოცდილების დაგროვებას და რუსეთის ლიცენზიებსა და ყველა სახის სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს“, – დაწერა ზელენსკიმ.

პარალელურად კი ოფიციალურ სეულს მოუწოდა უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. „უკრაინას ძალიან სურს სამხრეთ კორეისგან მხარდაჭერა იმ სფეროში, სადაც მას დეფიციტი აქვს [იგულისხმება საჰაერო თავდაცვის სისტემები]“ – აღნიშნა მან. ზელენსკის განმარტებით, უკრაინელი დიპლომატები სამხრეთკორეელ კოლეგებთან პოტენციური შეთანხმებების მიღწევაზე აქტიურად მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისში პუტინის ფხენიანში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს. აღნიშნული შეთანხმება გარე აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ვალდებულებასაც ითვალისწინებს.

ჩრდილოეთი კორეა რუსეთში სამხედრო ნაწილების განლაგებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პარტნიორობის ნაწილად მიიჩნევს. 2024 წელს ქვეყანამ რუსეთში, კურსკის რეგიონში, სავარაუდოდ, 14 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რაც მოსკოვს რეგიონში უკრაინის ძალების მიერ მასშტაბური შეჭრის მოგერიებაში ეხმარება.

გასულ თვეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი დასავლეთ რუსეთში განლაგდა და შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმებისთვის 120 ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი გამშვები დანადგარით აღიჭურვა.

უკრაინული და დამოუკიდებელი შეფასებების თანახმად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონობით ერთეული საარტილერიო და ნაღმმტყორცნების ჭურვი, ბალისტიკური რაკეტები, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და MLRS-ტიპის სარაკეტო დანადგარები მიაწოდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.