კარლოს სლიმ ელუ მექსიკის უმდიდრესი ადამიანია. ბოლო მონაცემებით, ის 91 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და სიმდიდრით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს. 2012-2013 წლებში სლიმი მილიარდერების რეიტინგის სათავეშიც კი იყო.
კარლოს სლიმი 1940 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. კარლოსის მამა ჯულიან სლიმ ჰადადი ლიბანიდან მეხიკოში 1902 წელს, 14 წლის ასაკში ჩავიდა. ამ დროს ოტომანების იმპერიას 15 წლის და უფროსი ლიბანელი ბიჭები იძულებით მიჰყავდა ომში. ემიგრაციის მიზეზი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევა იყო. მექსიკაში ცხოვრობდა ჯულიანის უფროსი ძმაც, რომელთან ერთად მან ტანსაცმლის მაღაზია გახსნა. ძმების ბიზნესი წარმატებით განვითარდა და ვაჭრობასთან ერთად ისინი თანდათან უძრავი ქონების ბიზნესშიც შევიდნენ.
როდესაც კარლოს სლიმი დაიბადა, მისი ოჯახი რამდენიმე მილიონის ქონებას ფლობდა. კარლოსს მეწარმეობას მამა ბავშვობიდან ასწავლიდა. კვირაში 5 მექსიკურ პესოს აძლევდა და სთხოვდა, რომ რაში დახარჯავდა, ყველაფერი უბის წიგნაკში ჩაეწერა. ფულს თუ სრულად არ დახარჯავდა, დანაზოგი თავად რჩებოდა. ამ გზით შემოსავლისა და ხარჯვის მართვას ასწავლიდა. პერიოდულად მამა და შვილი ერთად აანალიზებდნენ კარლოსის დანახარჯებს. თუმცა მამა-შვილის ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა. როდესაც კარლოსი 13 წლის იყო, მამა გარდაიცვალა.
კარლოს სლიმი დღემდე უბის წიგნაკში ინიშნავს ყველა მნიშვნელოვან ბიზნესგარიგებას.
პირველი სერიოზული ბიზნესგადაწყვეტილება კარლოს სლიმმა 12 წლის ასაკში მიიღო, როდესაც თავისი დანაზოგით მექსიკის ნაციონალური ბანკის აქციები შეიძინა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი კომპანიის მართვა გადაიბარა და 17 წლის ასაკში უკვე კვირაში 200 პესოს შემოსავალი ჰქონდა. უმაღლესი განათლება მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში მიიღო სამოქალაქო ინჟინერიაში. განსაკუთრებით ალგებრა და წრფივი პროგრამირება აინტერესებდა. შემდეგ ხშირად აღნიშნავდა, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევაში ალგებრის და წრფივი პროგრამირების კარგად ცოდნა მნიშვნელოვნად დაეხმარა. რადგან ეკონომიკა ძალიან აინტერესებდა, ინჟინერიის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ეკონომიკის კურსებს ესწრებოდა ჩილეში.
21 წლის ასაკში, 1961 წლიდან მექსიკაში აქციებით ვაჭრობაში ჩაერთო და 1965 წლისთვის უკვე 400 ათასი დოლარის მოგება მიიღო. 1965 წელს დააფუძნა კონგლომერატი Grupo Carso. სახელი “Carso“ მისი სახელის (Carlos) პირველი სამი ასოსგან და მისი მეუღლის სახელის (Soumaya) პირველი ორი ასოსგან შედგება. “Grupo Carso“-მ გააერთიანა უძრავი ქონების, ფინანსებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიები. 1966 წელს კომპანიის ღირებულება უკვე 40 მლნ დოლარი იყო.
1970-იანი წლების დასაწყისში კარლოს სლიმი ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესშიც შევიდა. თანდათან ფაქტობრივად აღარ დარჩა დარგი, სადაც სლიმი ინვესტიციებს არ ახორციელებდა, ეს იყო: მანქანათმშენებლობა, ქაღალდის, ქიმიური ნივთიერებების, ცემენტის, სიგარეტის, ალკოჰოლის წარმოება, ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება და ა.შ.
1982 წელს მექსიკაში ეკონომიკური კრიზისი იყო და ბევრ კომპანიას გაუჭირდა. ამ პერიოდში კარლოს სლიმი აქტიურად ყიდულობდა სხვადასხვა დიდ კომპანიებს.
1990-იანი წლების დასაწყისში მექსიკის მთავრობამ სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია დაიწყო. ამან კარლოს სლიმს საშუალება მისცა, სახელმწიფოსგან შეეძინა იმ დროისთვის მონოპოლისტი ტელეკომუნიკაციების კომპანია „ტელმექსი“. 2006 წლისთვის „ტელმექსს“ ეკუთვნოდა მექსიკაში არსებული სატელეფონო ხაზებისა და აბონენტების 90%, ხოლო მის შვილობილ კომპანიას, „ტელსელს“ ეკუთვნოდა მობილური ტელეფონით მოსარგებლე აბონენტების 80%. 1999 წლიდან კარლოს სლიმმა ინვესტიციების განხორციელება დაიწყო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და აშშ-ში.
2000-იან წლებში სლიმმა წილები იყიდა ისეთ დიდ ამერიკულ კომპანიებში, როგორიცაა: Barnes & Noble-ი, OfficeMax-ი, Office Depot, Circuit City, Borders-ი და CompUSA. ამ პერიოდში მექსიკაში ასე ხუმრობდნენ: მექსიკაში აღარაფერი დარჩა საყიდელი და აშშ-ში წავიდაო. შესყიდვების პარალელურად, აშშ-ში დააარსა „ტელმექსის“ შვილობილი კომპანია „თრექფოუნი“. სლიმმა წილები იყიდა არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიის და სხვა სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში. 2007 წელს სლიმის კომპანიების საერთო ღირებულება 150 მილიარდ დოლარს აღწევდა. პირადად სლიმის ქონებამ კი 53 მილიარდი დოლარი შეადგინა და სიმდიდრით მხოლოდ ბილ გეიტსს ჩამორჩებოდა.
ამჟამად კარლოს სლიმის უმსხვილესი კომპანია América Móvil-ია, რომელიც „ტელმექსს“ და ძირითადად ლათინურ ამერიკაში მომუშავე სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აერთიანებს. América Móvil-ის წლიური შემოსავალი 55 მილიარდ დოლარამდეა. კარლოს სლიმის კომპანიების მისამართით, განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციებში, ხშირად გაისმის კრიტიკა, რომ ისინი ბაზარზე მონოპოლიურ ძალაუფლებას ფლობენ.