2024 წლის 5 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის ისტორიაში რიგით 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდება.
წლევანდელ არჩევნებში ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში მეორე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, ერთადერთი მილიარდერი კანდიდატია. ამერიკული Forbes-ი ტრამპის ქონებას, ბოლო მონაცემებით, $4.8 მილიარდად აფასებს. ამჟამად, ბიზნესმენის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი მის მიერვე დაარსებულ სოციალური მედიის კომპანია Truth Social-ის აქციებზე მოდის.
საინტერესოა, რომ 2017-2021 წლებში, პრეზიდენტობისას, დონალდ ტრამპი ბიზნესსაქმიანობას ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, Forbes-ის ახალი ანგარიშით ირკვევა, რომ ამ პერიოდში მის საკუთრებაში არსებული ბიზნესებიდან ტრამპმა $550 მილიონი გამოიმუშავა.
2016 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ტრამპი, Trump University-თან დაკავშირებული სარჩელის მოსაგვარებლად, $25 მილიონის გადახდას დათანხმდა. საქმე შესაძლო თაღლითობას უკავშირდებოდა. მოსარჩელეების მტკიცებით, Trump University-მა შეცდომაში შეიყვანა სტუდენტები და მათ თანხა გადაახდევინა კურსებში, რომლებიც რეალურად შეთავაზებებს არ აკმაყოფილებდა.
აღნიშნული საქმის შესაჩერებლად $25 მილიონის გადახდაზე დათანხმებით, ორგანიზაციის წლიური მოგება 15%-ით შემცირდა. თუმცა, ანგარიშში ნავარაუდებია, რომ მილიარდერმა მოგების ნახვა ამ შემთხვევაშიც მოახერხა. $25 მილიონის ზარალად გამოცხადებით და ამ თანხის საკუთარ საგადასახადო დეკლარაციაში შეტანით, ტრამპმა ორგანიზაციისთვის იმ წლის დასაბეგრი შემოსავალი შეამცირა. ამით მას შეეძლო დაეზოგა ფული გადასახადებში ან დროთა განმავლობაში შეემცირებინა საგადასახადო ტვირთი.
2018 წელი: ტრამპის გარშემო არსებულმა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, მის ბიზნესგარიგებებზე უარყოფითად იმოქმედა. Forbes-ის შეფასებით, ტრამპმა ამ პერიოდში ბევრი ბიზნესპარტნიორიც დაკარგა. მიუხედავად ამისა, ინვესტიციები სტაბილურად შენარჩუნდა სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში არსებულ საოფისე უძრავი ქონების ბიზნესში.
ამის მიზეზად კი გამოცემა იმ ფაქტს ასახელებს, რომ ეს კონკრეტული ბიზნესები უშუალოდ ტრამპთან ასოცირებული არ ყოფილა – მათ შორის არც მის სახელს შეიცავდა დასახელებაში, როგორც ეს მისი ბევრი სხვა კომპანიის შემთხვევაში ხდებოდა.
ძირითადად სწორედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამ ქონების ტრამპთან პირდაპირი სახით ასოცირება არ ხდებოდა, ბიზნესი პრეზიდენტისთვის შემოსავლის სტაბილურ წყაროდ იქცა. უძრავი ქონების ოფისებში 30%-იანი წილით, მხოლოდ 2018 წელს ტრამპმა $55 მილიონი გამოიმუშავა.
2019 წელი: პრეზიდენტობის შუა წლებში ტრამპის ბიზნესი დასტაბილურდა, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ შეინიშნებოდა – განსაკუთრებით ლიბერალური მიდრეკილებების მქონე ქალაქებში. ნიუ-იორკში შემცირდა Trump Tower-ისა და 40 Wall Street-ის შემოსავლები, ხოლო ჩიკაგოში ტრამპის სასტუმროს მოგება ზარალში გადაიზარდა.
2020 წელი: კოვიდპანდემიის დაწყებისას ტრამპის სასტუმროებმა დაახლოებით 23 მილიონი დოლარი დაკარგეს. თუმცა, 2017-დან 2019 წლამდე პერიოდში ამ ბიზნესიდან ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებით $30 მილიონი გამოიმუშავა. გარდა ამისა, 2017 წლის $29-მილიონიანი შემოსავლიდან, 2020 წელს დაახლოებით $4.5 მილიონამდე შემცირდა ტრამპის ლიცენზირებისა და მენეჯმენტის ბიზნესიც. თუმცა, გამოცემის ანგარიშით, შემოსავლიანობა შეინარჩუნა ტრამპის საოფისე ფართების ბიზნესმა. თანხის დიდ ნაწილს ტრამპი სწორედ საოფისე ფართების მოკლევადიანი გაქირავებებით იღებდა.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გარკვეული დეტალები, პრეზიდენტობისას ტრამპის ბიზნესების საოპერაციო მოგებების შესახებ, კვლავ უცნობია. ამის მიუხედავად, გამოცემამ 4-წლიან პერიოდში ტრამპის მიერ ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები შეაჯამა და დაადგინა, რომ კაბინეტში ყოფნისას ყოფილმა პრეზიდენტმა ძირითადად საოფისე ფართების გაქირავებითა და სასტუმროების ბიზნესით $550 მილიონი გამოიმუშავა – ყველაზე მეტი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა თანამდებობაზე ყოფნისას.