როგორ გამოიყურება ტოპ-ინვესტორების პორტფელები?

როგორ გამოიყურება ტოპ-ინვესტორების პორტფელები?

Visual Capitalist-მა 2023 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ტოპ-ინვესტორების პორტფელების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. მან შეარჩია სხვადასხვა ზომის ხუთი ფონდი, რომელთაგან თითოეულს ბაზრის უნიკალური ხედვის მქონე, ცნობილი ინვესტორი უძღვება. ისინი ფონდის პორტფელის შესაქმნელად საინტერესო სტრატეგიებს მიმართავენ. შერჩეული პორტფელების შემადგენლობაში არსებული განსხვავებები მათი განმკარგველების საინვესტიციო სტრატეგიების მრავალფეროვნებას ნათლად ასახავენ.

Berkshire Hathaway

Berkshire Hathaway-ს, რომელსაც ლეგენდარული ინვესტორი უორენ ბაფეტი განაგებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული პორტფელი აქვს. 2013 წლიდან დღემდე S&P 500-ის 195%-იანი ზრდის პარალელურად, ამავე პერიოდში, საინვესტიციო ფონდი 260%-ით გაიზარდა. 2023 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 9.7% შეადგინა, პორტფელის ღირებულებამ კი $325.1 მილიარდი.

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი დივერსიფიკაციას უჭერს მხარს, Berkshire-ის პორტფელის თითქმის ნახევარი ბაზრის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია Apple-ის აქციებს უჭირავს. პორტფელის დანარჩენი ნაწილი კი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მოიცავს როგორც საბანკო აქციებს, ასევე სამომხმარებლო პროდუქტების კომპანია Coca-Cola-ს და Kraft-ს, ნავთობისა და გაზის კომპანიებს.

Berkshire Hathaway-ის პორტფელის ტოპ-10 წარმომადგენელი:

Apple 46%

Bank of America 9%

American Express 8%

Coca-Cola 8%

Chevron 7%

Occidental Petroleum Corp. 4%

Kraft Heinz Co 4%

MCO 2%

ATVI 1%

HOQ 1%

სხვა დანარჩენი 10%

Renaissance Technologies

ჯიმ საიმონსის ჰეჯ-ფონდი, Renaissance Technologies-ი, ყველაზე ცნობილია რთული მათემატიკური მოდელებისა და ალგორითმების ინოვაციური გამოყენებით, რაც პიონერული მეთოდი გახდა რაოდენობრივი ინვესტირების პრაქტიკაში. შედეგად, ჰეჯ-ფონდის პორტფელის ჰოლდინგები დივერსიფიკაციის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. მაგალითად, საინვესტიციო ფონდის ყველაზე დიდი ჰოლდინგი, ფარმაცევტული გიგანტი Novo Nordisk-ი პორტფელში 2%-ითაა წარმოდგენილი.

2023 წლის პირველ კვარტალში Renaissance Technologies-ის საინვესტიციო პორტფელის ზრდამ 13.8% შეადგინა, მისმა ღირებულებამ კი $75.4 მილიარდი.

Renaissance Technologies-ის პორტფელის ტოპ-10 წარმომადგენელი:

Novo Nordisk 2%

Amazon 1%

GILD 1%

Tesla 1%

Airbnb 1%

UNH 1%

VRSN 1%

HSY 1%

BA 1%

CVX 1%

სხვა დანარჩენი 89%

Bridgewater Associates

რეი დალიოს Bridgewater Associates-ი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ჰეჯ-ფონდიდან, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი წარმატებით გადალახა.

Bridgewater Associates-ის პორტფელში უმსხვილესი წილი MSCI Emerging Markets ETF-ს, Core S&P 500 ETF-სა და Procter & Gamble Co.-ს უჭირავს. აღსანიშნავია, რომ სხვა ფონდებისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე განვიხილეთ, დალიოს ფონდი ოქროში პირდაპირ ინვესტიციებს ამჯობინებს.

2023 წლის პირველ კვარტალში Bridgewater Associates-ის საინვესტიციო პორტფელის ზრდამ 0.6% შეადგინა, ღირებულება კი $16.4 მილიარდს გაუტოლდა.

Bridgewater Associates-ის პორტფელის ტოპ-10 წარმომადგენელი:

MSCI Emerging Markets ETF 5%

Core S&P 500 ETF 5%

Procter & Gamble Co. 5%

Johnson & Johnson 3%

PepsiCo Inc 3%

Coca-Cola 3%

SPDR S&P 500 ETF Trust 3%

McDonald’s Corp 3%

Costco Wholesale Corp 3%

Walmart 2%

სხვა დანარჩენი 65%

Duquesne Family Office

სტენლი დრაკენმილერი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილია ჯორჯ სოროსის Quantum Fund-იდან. თუმცა, აღნიშნული ფონდიდან მიღებული ანაზღაურების გარდა, მისი შემოსავლის ძირითად წყაროს Duquesne-ი წარმოადგენს.

დრაკენმილერი თავისი მაკროეკონომიკური მიდგომითა და რისკიანი ინვესტიციებით არის სახელგანთქმული. მოცემული დროისთვის მას ყველაზე დიდი ფსონი პორტფელში Coupang Inc-ზე აქვს დადებული, რომელიც სამხრეთ კორეის უდიდესი ონლაინ-ბაზარია. Coupang-თან ერთად, მან ინვესტიცია ჩადო კომპანიებში, როგორიცაა NVIDIA, Microsoft-ი და Alphabet-ი. მათში ინვესტირება, წლევანდელი ტექნოლოგიური ბუმის გათვალისწინებით, სარგებლის მიღების საუკეთესოს გზას წარმოადგენს.

2023 წლის პირველ კვარტალში Duquesne-ის საინვესტიციო პორტფელი 11.6%-ით გაიზარდა და $2.3 მილიარდს მიაღწია.

Duquesne Family Office-ის პორტფელის ტოპ-10 წარმომადგენელი:

Coupang Inc 13%

NVIDIA 10%

Microsoft 9%

Eli Lilly & Co. 9%

Lamb Weston Holdings Inc 9%

Teck Resources 5%

Alphabet 4%

KBR Inc 4%

IQVIA Holdings 4%

Amazon 4%

სხვა დანარჩენი 29%

Scion Asset Management

განხილულ ფონდებს შორის პორტფელის ღირებულებით ყველაზე პატარა მაიკლ ბერის Scion Asset Management-ია. თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფონდია თავისი როლით 2008 წლის ფინანსური კრიზისის ადრეულ ეტაპზე პროგნოზირებაში.

აღსანიშნავია, რომ Scion Asset Management-ის პორტფელის დიდი ნაწილი სხვადასხვა ბანკის აქციებს მოიცავს, რომლებმაც მიმდინარე წლის I კვარტალში, კერძოდ მარტის თვის განმავლობაში, ღირებულების შემცირება განიცადა. შედეგად, მისი საინვესტიციო პორტფელის ღირებულება 2023 წლის პირველ კვარტალში 1.4%-ით შემცირდა და $106.9 მილიონი შეადგინა.

Scion Asset Management-ის პორტფელის ტოპ-10 წარმომადგენელი:

JD.com Inc 10%

Alibaba Group Holding 10%

Signet Jewelers Ltd 9%

Zoom Video Communications 7%

New York Community Bankcorp Inc 7%

Capital One Financial Corp 7%

Sibanye Stillwater Limited 6%

Liberty Latin America Lft 6%

Cigna Group 6%

Coherent Corp 4%

სხვა დანარჩენი 27%