როგორ იზრდება ეკონომიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

როგორ იზრდება ეკონომიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2017 წლის მესამე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა, რაც გლობალური მასშტაბით გააქტიურებული ინვესტირებით, მზარდი ვაჭრობითა და გაუმჯობესებული განწყობებითაა განპირობებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, განსაკურებით შესამჩნევი იყო ვითარების გაუმჯობესება ევროზონასა და ევროპის მზარდ ეკონომიკებში, ასევე, თურქეთსა და ჩინეთში. ამასთან, შეინიშნებოდა გლობალური ინფლაციის კლება, რაც უმეტესწილად გამოწვეული იყო საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების სისუსტით.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთში მოსალოდნელზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტის გაუმჯობესებით და მნიშვნელოვანი ფისკალური ხარჯებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინა შეფასებასთან შედარებით, თურქეთისთვის 2017 წლის ზრდის პროგნოზი 2-ჯერ გაიზარდა და 5.1% შეადგინა. 2018 წლის პროგნოზი კი 3.5%-ს შეადგენს. მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა ფიქსირდება ინფლაცია, რომელიც წნეხს განიცდის როგორც ლირის გაუფასურებიდან, ისე მზარდი მოთხოვნიდან. არსებული შეფასებით, 2017 წელს სამომხმარებლო ფასები 11%-ით გაიზრდება.

რუსეთის ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2017 წლის მე-2 და მე-3 კვარტალებში, რაც მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა და კერძო მოხმარებამ განაპირობა. ეტაპობრივად გაუმჯობესდა ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები, რაც ნაწილობრივ რუბლის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის სტაბილიზაციამ და ინფლაციის თანმდევმა შემცირებამ განაპირობა. 2-წლიანი რეცესიის შემდგომ, რუსეთის მშპ, სსფ-ის პროგნოზით6 , 1.8%-ით გაიზრდება მიმდინარე წელს, მაგრამ – გამომდინარე ნავთობის დაბალი ფასებიდან და ეკონომიკაში არსებული სტრუქტურული დაბრკოლებებიდან – შედარებით ზომიერად (1.5-1.6%-ის ფარგლებში) მოიმატებს 2018 წელს.

აღმოსავლეთ რეგიონის მიმართ მარტში შემოღებული ბლოკადის შედეგად უკრაინაში ოდნავ შენელდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი, რამაც კომერციული ტვირთების ტრანსპორტირება აკრძალა კონფლიქტური რეგიონიდან ცენტრალურ უკრაინაში. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა კერძო მოხმარება და ინფრასტრუქტურული პროექტების ინტენსივობა. შედეგად, 2017 წელს მშპ ზრდის პროგნოზი 2.0%-ს შეადგენს, ხოლო 2018 წელს კი – 3.5%-ს.

არასანავთობო სექტორის ხარჯზე, უკანასკნელ პერიოდში, აზერბაიჯანის ეკონომიკაში გაჯანსაღების ნიშნები გამოიკვეთა. ამასთან, კერძო მოხმარება ეტაპობრივად იზრდებოდა, ხოლო 2-წლიანი შემცირების შემდგომ პირველად მოიმატა ფიქსირებულმა ინვესტიციებმა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, საბანკო სისტემის სისუსტესთან ერთად, კვლავ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე. მიმდინარე პროგნოზით, ქვეყნის მშპ 2017 წელს შემცირდება 1.0%-ით და მხოლოდ 2018 წელს მოახერხებს გაზრდას 1.3%-ით. ინფლაციის პროგნოზი 2017 წლისთვის მაღალია და 12%-ს შეადგენს.

რუსეთის ეკონომიკის გაჯანსაღების კვალდაკვალ, უმჯობესდება ეკონომიკური აქტივობა სომხეთშიც, სავაჭრო, ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ზრდის ზეგავლენით. არსებული მონაცემებით, მნიშვნელოვნად იზრდება ინდუსტრიული წარმოება, საცალო ვაჭრობა და ექსპორტი, რაც განაპირობებს მშპ-ის 3.5%-იან ზრდის პროგნოზს 2017 წლისთვის. თუმცა, 2018 წელს ზრდა შენელდება 2.9%-მდე9 . 2016 წლის დეფლაციის შემდგომ, 2017 წელს სამომხმარებლო ფასები 1.9%-ით გაიზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.