ბოლო წლების განმავლობაში სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ლიდერის სტატუსს ერთმანეთს Samsung-ი და Apple-ი ეცილება. იმისათვის, რომ ბრძოლაში არ ჩამორჩნენ, კომპანიები საკუთარი მოწყობილობების გენერაციული AI-ფუნქციებით გაძლიერებას აქტიურად ცდილობენ.
ამჟამად სმარტფონების ბაზრის უდიდესი წილი სამხრეთკორეულ Samsung-ზე მოდის, რომელიც მსოფლიოს 38 ქვეყანაში ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ამერიკული Apple-ია, რომელიც პირველობას 16 ქვეყანაში ინარჩუნებს.
კერძოდ, Samsung-ი იკავებს პირველ ადგილს სინგაპურში, ტაივანსა და ჰონგ-კონგში – სადაც ადრე Apple-ი დომინირებდა. ის ასევე შეადგენს სმარტფონების ბაზრის 40%-ზე მეტს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია და ჩილე.
მიუხედავად წლების განმავლობაში გლობალური ლიდერობისა, ბოლო ათწლეულში, Samsung-ის წილი ბაზარზე 24.8%-დან 18.9%-მდე შემცირდა. ეს ვარდნა გამოწვეულია როგორც Apple-ის გლობალური გაფართოებით, ასევე სმარტფონების ჩინური მწარმოებლების მხრიდან გაზრდილი კონკურენციით.
2023 წელს Apple-მა პირველად გადაუსწრო Samsung-ს გლობალური ბაზრის წილით. ამერიკულმა კომპანიამ 232 მილიონი iPhone-ი გაყიდა, სამხრეთკორეულმა კომპანიამ კი 227 მილიონი სმარტფონი. თუმცა Apple-მა ლიდერის ტიტული მცირე ხნით შეინარჩუნა და დღეს ის გლობალურად მეორე ადგილზეა. მის მიერ პირველობის დაკარგვა iPhone-ის გაყიდვების შენელებასა და ჩინეთის ბაზარზე სუსტ მოთხოვნას უკავშირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს Apple-მა პირველად დატოვა ჩინეთის სმარტფონების ბაზრის ტოპ-ხუთეული, მას წილით ადგილობრივმა ბრენდებმა გადაუსწრეს.
გლობალურად მესამე ადგილზე სწორედ ჩინური კომპანიაა, კერძოდ, Xiaomi. მისი წილი მსოფლიო სმარტფონების ბაზრის 14.8%-ს შეადგენს. Xiaomi-ს აღნიშნული ინდუსტრიის ორი სხვა ჩინური გიგანტი მოსდევს, vivo და OPPO, რომელთაგან თითოეულმა 2024 წლის მეორე კვარტალში 25 მილიონზე მეტი ერთეული სმარტფონი გაყიდა.
წარმოგიდგენთ სმარტფონების წამყვან კომპანიებს გლობალურად 2024 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით:
კომპანია | მიწოდება 2024 წლის II კვარტალში | ბაზრის წილი | ზრდა წლიურ ჭრილში |
---|---|---|---|
Samsung | 53.9 მილიონი | 18.9% | 0.7% |
Apple | 45.2 მილიონი | 15.8% | 1.5% |
Xiaomi | 42.3 მილიონი | 14.8% | 27.4% |
vivo | 25.9 მილიონი | 9.1% | 21.9% |
OPPO | 25.8 მილიონი | 9.0% | 1.8% |
სხვები | 92.1 მილიონი | 32.3% | 2.3% |
ჯამში | 285.4 მილიონი | 100.0% | 6.5% |