რომელი მილიარდერები დაესწრებიან ტრამპის ინაუგურაციას?

რომელი მილიარდერები დაესწრებიან ტრამპის ინაუგურაციას?

20 იანვარს, ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიება ფიცის დადებისა და ხელმოწერის ცერემონიას, საინაუგურაციო ლანჩს, მსვლელობას, აღლუმსა და სხვა პროცედურებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციას კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა წევრმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათგან განსხვავებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტთან ურთიერთობის გამყარების შანსს ხელიდან არ უშვებენ ამერიკისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები.

ამერიკულმა Forbes-მა ის მილიარდერები დაასახელა, რომლებიც მომავალ კვირას დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის იქნება ამ დროისთვის მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანი: Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, $237.1 მილიარდია; Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც $213.3 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს; Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომლის სიმდიდრე 434.9 მილიარდს უტოლდება.

მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და არჩეული პრეზიდენტის აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც მეოთხედზე მეტი მილიარდი დოლარი გაიღო, რათა ტრამპს ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა. Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ეს მხარდაჭერა დაუფასდა და მას აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“ ჩააბარა.

მათ გარდა, დიდი ალბათობით, ინაუგურაციას დაესწრება OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ოლტმენი ($1.1 მილიარდი), რომელმაც ცერემონიისთვის დონაციაც გაიღო.

როგორც ცნობილია, მარკ ცუკერბერგი ტრამპის ინაუგურაციის წინ გამართულ მიღებას უმასპინძლებს. მიღების თანამასპინძლები იქნებიან მილიარდერი მირიამ ადელსონი ($31.8 მილიარდი), ტილმან ფერტიტა ($10.2 მილიარდი) და ტოდ რიკეტსი, რომლის მამის,  ჯ. ჯო რიკეტსისა და ოჯახის ქონება დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა სიაში ირიცხება თავად დონალდ ტრამპიც, რომლის ქონებაც $6.8 მილიარდად არის შეფასებული. ტრამპის სიმდიდრის წყაროს სოციალურ მედიაპლატფორმა Truth Social-ის მშობელ კომპანიაში მისი წილი, უძრავი ქონების ინვესტიციები და სხვა აქტივები წარმოადგენს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია.

Bloomberg-ის ცნობით, ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე მიწვეულია Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი ($11.9 მილიარდი), თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა იგი ცერემონიას.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე კიდევ რამდენიმე მილიარდერი მიიწვიეს, თუმცა მათი ღონისძიებაზე დასწრება ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ესენი არიან სტივენ ფაინბერგი (5 მილიარდი დოლარი), უორენ სტეფენსი (3,3 მილიარდი დოლარი), ჯარედ აიზეკმენი (1.7 მილიარდი დოლარი), ჰოვარდ ლუტნიკი (1.5 მილიარდი დოლარი), ვივეკ რამასვამი (1 მილიარდი დოლარი), სტივ ვიტკოფი (1 მილიარდი დოლარი), ლინდა მაკმაჰონი (ქმარი ვინს მაკმაჰონი, 3 მილიარდი დოლარი) და კელი ლოფლერი (ქმარი ჯეფ სპრეჩერი, 1 მილიარდი დოლარი).

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ($2.3 მილიარდი) ტრამპის ინაუგურაციას 1 მილიონი დოლარი შესწირა, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა ის ღონისძიებას. ათობით სხვა მილიარდერმა ასევე მხარი დაუჭირა ტრამპს პრეზიდენტობის მეორე ვადის გზაზე, რომელთა ღონისძიებაზე დასწრებაც ჯერჯერობით არ დადასტურებულა. მათ შორის არიან: რობერტ „ვუდი“ ჯონსონი (3.3 მილიარდი დოლარი), როჯერ პენსკე (6.4 მილიარდი დოლარი) და ტიმოთი მელონი (ოჯახი $14.1 მილიარდი).

აღსანიშნავია, რომ ინაუგურაციის ფონდს სემ ოლტმენისა და ტიმ კუკის მსგავსად 1 მილიონი დოლარი შესწირეს მარკ ცუკერბერგმა და ჯეფ ბეზოსმა. ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად კი Las Vegas Sands-ის აღმასრულებელი დირექტორის, შელდონ ადელსონის ქვრივმა, მირიამ ადელსონმა $100 მილიონი გაიღო.