რომელი მილიარდერების ქონება გაიზარდა 2023 წელს ყველაზე მეტად?

რომელი მილიარდერების ქონება გაიზარდა 2023 წელს ყველაზე მეტად?

2023 წელი პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მსოფლიო მასშტაბით, საფონდო ბირჟების ზრდის გავლენით, კოლექტიურად პლანეტის 2,568 მილიარდერი 2023 წლის მიწურულისთვის უფრო მდიდარია, ვიდრე ამ წლის დასაწყისში იყო – ნაწილმა საკუთარ ქონებას მხოლოდ მილიარდი, ნაწილმა კი ათობით მილიარდი დოლარი შემატა. ერთი მათგანის შემთხვევაში მხოლოდ ერთ წელიწადში ქონების წმინდა ღირებულების $100 მილიარდით ზრდაც დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ მილიარდერს უფრო გაუმართლა, ვიდრე სხვებს. Forbes-მა იმ მილიარდერთა ტოპ-10 გამოავლინა, რომელთა ქონებაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტით გაიზარდა. რეიტინგი 2023 წლის 15 დეკემბრის მონაცემებითაა შედგენილი. საერთო ჯამში, წელს წამყვანმა ათეულმა საკუთარ ქონებას $490 მილიარდი შემატა.

წლევანდელი ათეულიდან შვიდი მილიარდერი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელია. 2023 წელი ტექნოლოგიური სფეროსთვის აღდგენის წელი იყო. ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ Nasdaq Composite-სა და S&P 500-ზე ზრდამ, შესაბამისად, 42% და 23% შეადგინა. გაიზარდა „ბრწყინვალე შვიდეულის“ – Apple-ის, Microsoft-ის, Alphabet-ის, Amazon-ის, Nvidia-ს, Tesla-სა და Meta-ს – აქციათა ფასები, რაც, შესაბამისად, მათ უკან მდგომი მილიარდერების ქონების ზრდაზეც დადებითად აისხა.

თუმცა არავინაა წელს იმაზე მდიდარი, ვიდრე პლანეტის მილიარდერთა რეიტინგის ლიდერი ილონ მასკი. Forbes-ის კატეგორიზაციით, ის საავტომობილო ინდუსტრიის მილიარდერთა რიგებშია, რადგან მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ზე მოდის. მიმდინარე წლის დასაწყისში მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი იყო – $146.5 მილიარდით მას შემდეგ, რაც 2022 წელს რეკორდული რაოდენობის თანხა, $125 მილიარდი დაკარგა.

მიუხედავად გასული წლის ვარდნისა, Tesla-ს აქციებზე ფასების მკვეთრი მატებით, წელს მასკი $108 მილიარდით უფრო მდიდარია და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველობაც დიდი ხანია, დაიბრუნა.

წლევანდელ ათეულში რვა – ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, მხოლოდ ორია გამონაკლისი: ნავთობქიმიური და ენერგეტიკული ინდუსტრიის ინდონეზიელი მაგნატი პრაჯოგო პანგესტუ (წლის ყველაზე დიდი პროცენტული მოგებით – 900%) და მოდის საცალო ვაჭრობის გიგანტ Zara-ს ესპანელი მფლობელი ამანსიო ორტეგა.

რაც შეეხება ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, ტოპ-5-ში ვხვდებით მარკ ცუკერბერგს, ჯეფ ბეზოსსა და ლარი პეიჯს. 15 დეკემბრის მონაცემებით, Facebook-ის აქციათა ფასების 178%-ანი ზრდის შედეგად, ცუკერბერგი $74.8 მილიარდით უფრო მდიდარია, Amazon-ის აქციათა ფასები 2023 წელს 79%-ით უფრო მაღალია, ბეზოსი კი $65 მილიარდით უფრო მდიდარი, ხოლო პეიჯის ქონება $34.4 მილიარდით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Alphabet-ის აქციათა ფასებმა წელს 50%-ით იმატა.

მილიარდერები, რომელთათვისაც 2023 წელი ყველაზე მოგებიანი აღმოჩნდა:

  1. ილონ მასკი, Tesla, SpaceX – ქონება: $254.9 მილიარდი (+$108.4 მლრდ)
  2. მარკ ცუკერბერგი, Facebook – ქონება: $118.6 მილიარდი (+$74.8 მლრდ)
  3. ჯეფ ბეზოსი, Amazon – ქონება: $172.3 მილიარდი (+$65 მლრდ)
  4. პრაჯოგო პანგესტუ, სხვადასხვა – ქონება: $52.8 მილიარდი (+$47.9 მლრდ)
  5. ლარი პეიჯი, Google – ქონება: $111.7 მილიარდი (+$34.4 მლრდ)
  6. ამანსიო ორტეგა, Zara – ქონება: $97.4 მილიარდი (+$33.2 მლრდ)
  7. სერგეი ბრინი, Google – ქონება: $107.3 მილიარდი (+$33 მლრდ)
  8. სტივ ბალმერი, Microsoft – ქონება: $110.9 მილიარდი (+$32.4 მლრდ)
  9. ლარი ელისონი, Oracle – ქონება: $133.2 მილიარდი (+$30.8 მლრდ)
  10. ძენსენ ხუანგი, Nvidia – ქონება: $43.6 მილიარდი ($29.8 მლრდ)