რომელი ქვეყნის ტურისტები არიან ყველაზე ზრდილობიანები და ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს?

რომელი ქვეყნის ტურისტები არიან ყველაზე ზრდილობიანები და ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს?

ფოტო: Shutterstock

 

ონლაინპლატფორმა SafariBookings.com-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იაპონელები მსოფლიოში ყველაზე ზრდილობიან ტურისტებად მიიჩნევიან, ამერიკელები კი მოგზაურობისას ყველაზე მეტს ხარჯავენ და გულუხვობით გამოირჩევიან. ახალი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ თავგადასავლების ძიებაში გერმანელები ლიდერობენ, ხოლო ადგილობრივი სამზარეულოს აღმოჩენით ყველაზე მეტად აზიელი ტურისტები არიან დაინტერესებული.

SafariBookings.com-მა, რომელიც ონლაინპლატფორმაზე აფრიკული საფარის ტურებს აერთიანებს, 192 ტუროპერატორს ხუთი კითხვა დაუსვა: რომელი ქვეყნის ტურისტები არიან ყველაზე ზრდილობიანები, ვინ ტოვებს ყველაზე დიდ „ჩაის“, ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს მოგზაურობისას, ვინ არის ყველაზე აქტიური და თავგადასავლების მოყვარული და რომელი ქვეყნის ტურისტები არიან ყველაზე მეტად დაინტერესებული ადგილობრივი სამზარეულოთი.

ყველაზე ზრდილობიანი ტურისტები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდილობიანობის კატეგორიაში პირველ ადგილზე იაპონელი ტურისტები არიან. გამოკითხვაში მონაწილე ტუროპერატორების 21.1%-მა სწორედ ისინი დაასახელა ყველაზე ზრდილობიან მოგზაურებად.

მეორე და მესამე ადგილები ნორვეგიელმა და შვეიცარიელმა ტურისტებმა დაიკავეს, შესაბამისად, 10.6%-ითა და 10.4%-ით. ხუთეულში ასევე მოხვდნენ კანადელი და ამერიკელი ტურისტები.

ამ კატეგორიის ბოლო ადგილზე იტალიელი ტურისტები აღმოჩნდნენ. ისინი მხოლოდ გამოკითხულთა 1.3%-მა მიიჩნია ყველაზე ზრდილობიან ტურისტებად.

ვინ ტოვებს ყველაზე დიდ „ჩაის“?

გამოკითხვის მიხედვით, „ჩაის“ დატოვების თვალსაზრისით ამერიკელები ლიდერობენ. მათ ამ კატეგორიაში 29.5% მიიღეს, რაც მეორე ადგილზე მყოფ გერმანელ ტურისტებზე (13.1%) ორჯერ მეტია. გერმანიის შემდეგ კი კანადელები და შვეიცარიელები არიან, შესაბამისად, 10%-ითა და 8.6%-ით.

ამერიკელების ლიდერობა შესაძლოა გასაკვირი არც იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში „ჩაის“ დატოვების კულტურა მომსახურების სფეროში ძალიან გავრცელებულია და ხშირად მომსახურების ღირებულების ნაწილად აღიქმება.

ყველაზე დიდი მხარჯველები

კვლევის მიხედვით, მოგზაურობისას ყველაზე დიდი მხარჯველებიც ამერიკელები აღმოჩნდნენ. მათ ამ კატეგორიაში 24% მიიღეს.

მეორე ადგილზე გერმანელი და კანადელი ტურისტები არიან, ორივე 12.8%-ით.

ამრიგად, ამერიკელი ტურისტები გამოკითხვის ორ ფინანსურ კატეგორიაში ლიდერობენ: ისინი როგორც „ჩაის“ ყველაზე გულუხვ დამტოვებლებად, ისე მოგზაურობისას ყველაზე დიდ მხარჯველებად დასახელდნენ.

ყველაზე აქტიური და თავგადასავლების მოყვარული ტურისტები

მოგზაურობისას აქტიურობისა და თავგადასავლების ძიების თვალსაზრისით, ტუროპერატორებმა განსაკუთრებით ევროპელი ტურისტები გამოარჩიეს.

მათ შორის კი პირველ ადგილზე გერმანელები არიან, რომლებმაც ამ კატეგორიაში 21.1% მიიღეს. მეორე ადგილზე ფრანგები მოხვდნენ 17.8%-ით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდელები – 11%-ით.

რეიტინგის ბოლო ნაწილში ბრიტანელი და ინდოელი ტურისტები აღმოჩნდნენ – ორივემ 4.5% მიიღო, ესპანელებმა კი მათზე ნაკლები – 4.3%.

ტურისტები, რომლებიც კულინარიული მიზნით მოგზაურობენ

რაც შეეხება ადგილობრივი სამზარეულოთი დაინტერესებას, რეიტინგის ხუთეულში ძირითადად აზიური ქვეყნების ტურისტები მოხვდნენ. მაგალითად, პირველ ადგილზე ინდოელი ტურისტები არიან, მეორეზე – იაპონელები, ხოლო მეოთხე ადგილზე ჩინელები აღმოჩნდნენ. მესამე პოზიციაზე კი საფრანგეთია – ფრანგმა ტურისტებმა ამ კატეგორიაში 12.4% მიიღეს.

მეხუთე ადგილზე ნიდერლანდები არიან 7.7%-ით, რაც იტალიის მაჩვენებელს მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით აღემატება. შესაბამისად, იტალიელმა ტურისტებმა მეექვსე ადგილი დაიკავეს.