რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას აჩერებს მანამ, სანამ ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება, – ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა Twitter-ზე დაწერა.
ამგვარი განცხადების გამოქვეყნებამდე, დმიტრი როგოზინმა რუსული სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის რიგი სუბიექტებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების თაობაზე აშშ-ის, კანადისა და ევროპის კოსმოსურ სააგენტოებს ოფიციალურად მიმართა, მაგრამ მათგან რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო.
„ჩვენი პარტნიორების პოზიცია გასაგებია – სანქციები არ გაუქმდება. ამასთანავე, ეშინიათ რა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თანამშრომლობის მოშლისა, სადაც რუსეთი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სადგურის სიცოცხლისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის, დასავლელი პარტნიორები მიგვანიშნებენ, რომ კოსმოსური სადგურის ფარგლებში სანქციები არ იმოქმედებს.
საქმეთა ამგვარი განვითარება მიუღებლად მიმაჩნია. აშშ-ის, კანადის, ევროკავშირისა და იაპონიის მიერ დაწესებული სანქციები ჩვენი მაღალტექნოლოგიური სუბიექტების ფინანსურ-ეკონომიკურ საქმეთა წარმოების ბლოკირებას ემსახურება. სანქციათა მიზანს რუსეთის ეკონომიკის განადგურება, ჩვენს მოსახლეობაში სასოწარკვეთისა და შიმშილის გაღვივება და ჩვენი ქვეყნის დაჩოქება წარმოადგენს. გასაგებია, რომ მათ ეს არ გამოუვათ, მაგრამ მიზანი ცხადია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის და სხვა ერთობლივი პროექტების ფარგლებში ნორმალური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკანონო სანქციების სრული და უპირობო გაუქმების შემდეგ“, – ვკითხულობთ როგოზინის განცხადებაში.
საინტერესოა, რომ გასულ კვირას, NASA-ს კოსმოსური ოპერაციების ადმინისტრატორმა, კეტი ლუდერსმა განაცხადა, რომ ამერიკულ და რუსულ კოსმოსურ სააგენტოებს შორის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა 2030 წლის შემდეგაც გაგრძელდება – ყოველ შემთხვევაში, ასე სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ისე კი, რუსეთის ფედერაციის ჩართულობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის არსებობისთვის მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ISS-ის პოზიციის დაჭერა და კოსმოსში ორიენტაცია, სწორედაც რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს პრეროგატივაა. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისადმი სანქციების დაწესებას დმიტრი როგოზინი თებერვალშიც გამოეხმაურა, როცა განაცხადა, რომ რუსეთის ჩართულობის გარეშე, საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწაზე ჩამოვარდებოდა.