რუმინეთმა, Midia Gas Development-ის (MGD) საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირი პირველად მიიღო. MGD ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რუმინეთში ოფშორული გაზის განვითარების პირველი პროექტია.
Midia Gas Development-ი Black Sea Oil & Gas-ის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც, თავის მხრივ, გლობალურ საინვესტიციო ფირმა Carlyle International-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის. პროექტი შავ ზღვაში, Ana-სა და Doina-ს ბუნებრივი აირის საბადოებზე ხორციელდება.
Midia Gas Development-ის პროექტი მიმდინარე წელს სავარაუდოდ 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი მოპოვების მაქსიმუმს, წელიწადში ერთ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაღწევს. არსებული გეგმით, პროექტი რუმინეთის გაზის მოხმარების დაახლოებით 10%-ს დააკმაყოფილებს.
უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში, Midia Gas Development-ი რუმინეთის შავი ზღვის კონტინენტურ შელფებზე, ბუნებრივი აირის განვითარების პირველი და ერთადერთი მიმდინარე პროექტია. ის ხუთი ოფშორული საწარმოო ჭაბურღილისგან, ერთი უპილოტო საწარმოო პლატფორმისა და 126-კილომეტრიანი გაზსადენისგან შედგება, რომელიც პლატფორმას სანაპიროსთან და ხმელეთზე არსებულ გაზის გამწმენდ ნაგებობასთან აკავშირებს.