რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თებერვალში, ხორბლის ფასმა 40%-ით იმატა და ბოლო 14 წლის განმავლობაში რეკორდული ზრდა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ხორბლის გლობალური ექსპორტის 30% სწორედ უკრაინასა და რუსეთზე მოდის – მათი ხორბლის მთავარ იმპორტიორებს შორის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ქვეყნები არიან.
ხორბლის ფასების ზრდა ლოგიკური და მოსალოდნელია, რადგან დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების ფონზე, რუსეთის ხორბლის ინდუსტრიაც იზარალებს, ხოლო უკრაინაში, ომის გამო, ხორბლის წარმოება შეჩერებულია, პორტები კი – დაკეტილი.
აღსანიშნავია, რომ ხორბლის ფასის ამგვარი ზრდა უკანასკნელად 2008 წელს დაფიქსირდა, რასაც აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მწვავე პროტესტები მოყვა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნებში, ხორბლის (და ნავთობის) ფასის ზრდა საკვები პროდუქტების ფასების ზრდას გამოიწვევს. „ბოლოს, როცა ხორბალი დაგვიმთავრდა – არაბული გაზაფხული მივიღეთ. ადამიანები ძალიან ბრაზდებიან, პურს რომ ვერ ჭამენ“, – განაცხადა Kilter Investments-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ქალენ განმა FT-სთან საუბრისას.
სოფლის მეურნეობის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ რუსეთ-უკრაინის ომი გაზაფხულის ხვნა-თესვის სეზონამდე არ დასრულდება – მარცვლეულის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ხორბლის გარდა, რუსეთსა და უკრაინაზე მოდის მზესუმზირის ზეთის მსოფლიოს ექსპორტების 80% და სიმინდის – 20%. ამასთანავე, რუსეთი სასუქებისთვის საჭირო შხამ-ქიმიკატების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიც არის, რამაც შესაძლოა, საკვები პროდუქტების გლობალური ფასები კიდევ უფრო გაზარდოს.