რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ამა წლის მარტში, გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საკვების ფასის ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა 159.3 ქულა შეადგინა, რაც 12.6%-ით აღემატება თებერვლის მაჩვენებელს – როცა, ინდექსმა, მისი შექმნის დღიდან, ანუ 1990 წლიდან, ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა. ამასთანავე, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ინდექსი 33.6%-ითაა გაზრდილი.
გაეროს გლობალური ფასების ინდექსი ფართო მოხმარების საკვები პროდუქტების კალათის ფასის ცვლილებას აკვირდება და როგორც ირკვევა, ზემოთ ხსენებული მკვეთრი ზრდა უმეტესწილად ხორბლისა და სიმინდის დეფიციტმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, რუსეთი და უკრაინა გლობალური საექსპორტო ხორბლის 30%-ს, ხოლო გლობალური საექსპორტო სიმინდის 20%-ს ავსებდნენ. გასულ თვეში, ხორბლის გლობალურმა ფასმა 19.7%-ით იმატა, რაც ნაწილობრივ ამერიკული კულტურების მოსავლის შესახებ არსებული წუხილით იყო განპირობებული. რაც შეეხება სიმინდს, მისი გლობალური ფასი თვიდან თვემდე 19.1%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია გაეროს მცენარეული ზეთის ინდექსიც – მზესუმზირის ზეთის მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორის, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ინდექსი 23.2%-ითაა გაზრდილი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მზესუმზირის ზეთისა და ნედლი ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, გაზრდილია პალმის, სოიოსა და რაფსის თესლის ზეთის ფასებიც.
სხვა ყველაფერთან ერთად, გაზრდილია შაქრის, ხორცისა და რძის პროდუქტების გლობალური ფასების ინდექსებიც.