რუსეთის ბანკებიდან დეპოზიტების გადინებაა

რუსეთის ბანკებიდან დეპოზიტების გადინებაა

პანდემიის კრიზისის დროს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ბანკებში სადეპოზიტო პორტფელის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა, რუსეთში პირიქით მოხდა. მოქალაქეებმა ბანკებიდან დეპოზიტების გატანა დაიწყეს. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების პორტფელი ცხრაწლიან მინიმუმზეა. დანაზოგების გადინებაში ლიდერ პოზიციაზე ისეთი მსხვილი ბანკები აღმოჩნდნენ, როგორიცაა სბერბანკი,  VTB და ალფა-ბანკი. აღნიშნულის მიზეზი ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთია. მოქალაქეებმა დანაზოგები მეტად მომგებიანი საშუალებებისკენ მიმართეს.

რუსები აგრძელებენ საბანკო ანგარიშებიდან ფულის გატანას, ამასთან, არა მხოლოდ რუბლის დეპოზიტებიდან, არამედ – უცხოურიდანაც. 2020 წლის ოქტომბრის  შემდეგ, მიმდინარე წლის მარტში მოხდა რუსული ბანკებიდან სავალუტო დეპოზიტების დიდი გადინება – თითქმის, მილიარდი დოლარის ოდენობით. უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები ცამეტჯერ დაეცა, წერს ადგილობრივი მედია (https://iz.ru/1158323/oksana-belkina/utekai-rossiiane-zabiraiut-valiutu-iz-bankov).

რუსეთის ბანკებიდან დეპოზიტების გადინება შარშან დაიწყო. ამის მიზეზი ანგარიშებზე თანხების უსარგებლოდ განთავსება გახდა, რომელთაც შემოსავალი არ მოჰქონდა. უპრეცენდენტოდ დაბალი განაკვეთები იფლაციას ვერ ფარავდა. მხოლოდ გასულ წელს, მომხმარებლებმა საკრედიტო ინსტიტუტებიდან 2.8 ტრილიონ რუბლზე მეტი გაიტანეს – მთლიანი სარეზერვო თანხის 25%.

უკეთესი ვითარება არც უცხოური ვალუტის დეპოზიტების მხრივ არის. მინუს 15 მილიარდი აშშ დოლარი, მხოლოდ შარშან. სავალუტო დეპოზიტების მოცულობა ცხრაწლიან მინიმუმზე დაეცა.

მიმდინარე წლის მარტში, მსხვილი ბანკებიდან, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი გადინება მოხდა უცხოური ვალუტის დეპოზიტების – 946.5 მილიონი აშშ დოლარი.

დეპოზიტების გადინების მხრივ ლიდერები უმსხვილესი ბანკები გახდნენ: სბერბანკი (US$ 635.6 მილიონი), VTB (US$ 82.6 მილიონი) და ალფა-ბანკი (US$ 80.5 მილიონი).

ასევე დაზარალდნენ სხვა მსხვილი საკრედიტო ინსტიტუტები. დეპოზიტების გადინებამ ოტკრიტიედან შეადგინა US$ 68.1 მილიონი, უნიკრედიტიდან – US$ 67.4 მილიონი, რაიფფაიზენბანკიდან –  US$ 18.5 მილიონი, MKB-დან – US$ 12 მილიონი, როსბანკიდან – US$ 9.1 მილიონი, როსსელხოზბანკიდან – US$ 2.3 მილიონი.

„არაფერია იმაში გასაკვირი, რომ მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში არსებული დანაზოგები ბანკებიდან გააქვთ“, – აცხადებს სტატიის ავტორი, რომელიც დასძენს: „რუბლის დეპოზიტებისგან განსხვავებით, უცხოურ ვალუტაში შემოსავალი თითქმის ნულს უდრის და ხშირად, უარყოფითია. მოქალაქეები ეძებენ საშუალებებს, თუ როგორ გაზარდონ დანაზოგის მოცულობა, შესაბამისად მათ აქტიურად დაიწყეს სახსრების საფონდო ბირჟაზე განთავსება“.

„დღეს, თუნდაც 30-40 000 აშშ დოლარის დეპოზიტზე დეპოზიტარი, თითქმის, ვერანაირ სარგებელს ვეღარ იღებს. შესაბამისად, დეპოზიტარები ბანკთან კონტრაქტს აღარ აგრძელებენ და სახსრებს საინვესტიციო პროდუქტებისკენ, უძრავი ქონებისა და სხვა საინვესტიციო საშუალებებისკენ მიმართავენ“, ამბობს ანდრეი არჟანუხინი, Accent Capital-ის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის დირექტორი.

„რამოდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო აშშ დოლარში დეპოზიტის გახსნა, წლიური 1.5-2.5%-ში. დღეს წლიური 0.5% საკმაოდ მიმზიდველ შემოთავაზებად ითვლება. სწორედ ამიტომ აღარ აგრძელებენ მომხმარებლები ბანკთან სადეპოზიტო ხელშეკრულებას და თანხა გააქვთ“, განმარტავს Brobank.ru-ს ანალიტიკოსი.

დეპოზიტარების საფონდო ბირჟებზე გადასვლა გასული წლიდან შეინიშნებოდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, სწორედ შარშან დაფიქსირდა ფიზიკური პირების საფონდო ბირჯებზე ვაჭრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – ინდივიდუალური ინვესტორების წილმა საფონდო ბირჟაზე 47% შეადგინა. 2020 წელს 5.6 მილიონი საბროკერო ანგარიში გაიხსნა, რუსების მიერ.

გარდა საფონდო ბირჟისა, რუსეთში, დანაზოგის სარფიანად ინვესტირების ალტერნატივად  უძრავი ქონებაც გამოირჩა.

უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი მთავარი საშუალება გახდა, მანამდე ბანკებში დეპოზიტებზე განთავსებული „ზედმეტი“ ფულის ინვესტირებისთვის. შარშან, დანაზოგით სახლის ყიდვა ძალიან პოპულარულ სტრატეგიად იქცა. მოთხოვნის სტიმულირება ასევე მოხდა საშეღავათო იპოთეკის პროგრამით, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე ჩაეშვა. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რეალტორების უმრავლესობის პროგნოზი არ გამართლდა და თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობა მილიონს აჭარბებს, უძრავ ქონებაზე ფასებმა ზრდა განაგრძო. გასულ წელს, ბინებზე ფასები 20%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო იპოთეკური სესხები – თითქმის, 50%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *