რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ Telegram-ის არხის დახმარებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მეცნიერები წელს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამ ურთიერთობა ოკუპანტ ქვეყანასა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს შორის აღნიშნულ სფეროშიც დაძაბა.
მინისტრმა ვალერი ფალკოვმა უნივერსიტეტებთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შეჩერდება რუსი მეცნიერების ნაშრომების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ინდექსირება. მეცნიერებს არ ეკრძალებათ კვლევების გამოქვეყნება საერთაშორისო გამოცემებში, რომლებიც ინდექსირებულია მონაცემთა ორ ბაზაში: Web of Science-სა და Scopus-ში, თუმცა არ დაეყრდნობიან მათ, როგორც ნაშრომთა ხარისხის ინდიკატორს.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა კომპანია Clarivate-მა, რომელიც Web of Science-ს მართავს, უკვე დახურა საკუთარი ოფისი რუსეთში. მან ასევე განაცხადა, რომ არ შეაფასებს ახალ ჟურნალებს რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან.
რუს მეცნიერებთან კავშირი გაწყვიტეს სხვა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმაც. მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ, CERN-მა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას აჩერებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესი, რომელიც რუსეთში უნდა ჩატარებულიყო, ივლისში ვირტუალურად გაიმართება.
უკრაინელი მეცნიერები ბოლო კვირების განმავლობაში საერთაშორისო გამოცემებს მოუწოდებენ არ გამოაქვეყნონ რუსი მეცნიერების ნაშრომები. ამის მიუხედავად, ცნობილმა სამეცნიერო ჟურნალმა Nature-მა განაცხადა, რომ ვერ დაბლოკავს შესაძლებლობას, მეცნიერებმა კვლევები ერთმანეთს გაუზიარონ. რამდენიმე გამოცემამ, მათ შორის Journal of Molecular Structure-მა რუსული დაწესებულებებიდან ნაშრომების მიღებაზე უარი თქვა.