რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად, სავარაუდოდ, აზია იქცევა

რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად, სავარაუდოდ, აზია იქცევა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპანტი ქვეყნისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ენერგეტიკული სექტორში გლობალური ტენდენციები მკვეთრად იცვლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობის გასაღების ძირითად ბაზრად აზია იქცევა.

ამჟამად რუსული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნედლი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი ევროკავშირია, რომლის ენერგეტიკული მოთხოვნის თითქმის 45%-ს რუსეთის ფედერაცია აკმაყოფილებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოკუპანტი ქვეყნის ენერგორესურსების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების შეცვლა გამოიწვია – აშშ-მა აკრძალა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, ევროკავშირი კი მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2030 წლამდე რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას ისახავს მიზნად.

გარდა პირდაპირი შეზღუდვებისა, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობიმპორტიორი კომპანიები და მოვაჭრეები თავს იკავებენ რუსული ენერგოპროდუქტების შეძენისგან, მათ შორის საბაზრო ფასზე გაცილებით იაფადაც.

S&P Global-ის ვიცე-თავმჯდომარის, დენ იერგინის განცხადებით, დასავლეთის სანქციები და ბოიკოტი იძლევა ვარაუდის გამოთქმის საფუძველს, რომ რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მაჩვენებლით ევროპას აზია გადაუსწრებს, განსაკუთრებით კი ჩინეთისა და ინდოეთის ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი და ინდოეთი ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის უდიდესი მომხმარებლები არიან, მათი იმპორტის ძირითადი ნაწილი კი ახლო აღმოსავლეთზე მოდის. რუსეთის მიერ საბაზრო ფასზე შედარებით იაფად გამოტანილი ნავთობი კი აღნიშნული სახელმწიფოებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.

ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ თავად რუსეთის ეკონომიკა ყველაზე მეტად ბუნებრივი რესურსებისა და ენერგოპროდუქტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსულ ნავთობსა და გაზზე მოთხოვნას, კრემლი იძულებული გახდება, რომ საწარმოო პროცესი, მიწოდების გზები და პირობები სხვა, შედარებით დიდ ბაზრებს მოარგოს, მათგან ყველაზე გამორჩეული და ხელსაყრელი კი აზიაა.

საგულისხმოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინდოეთს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია, ჩინეთის მთავრობას კი რუსეთის სამხედრო აგრესია ჯერაც არ დაუგმია. აღნიშნული მოცემულობა ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს ქვეყნები, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა და ბოიკოტისა, უარს არ იტყვიან რუსულ ენერგეტიკულ რესურსებზე და, უფრო მეტიც, მათ იმპორტს გაზრდიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *