საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო. საკრედიტო-საგარანტიო სქემა “აწარმოე საქართველოში” სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას.
2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.
“საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში, კერძოდ საკრედიტო საგარანტიო სქემა უზრუნველყოფს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას რომელთაც, არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად”, – განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, სქემაში საქართველოში მოქმედი 12 ბანკი ჩაერთო.