ვინ რამდენს ხარჯავს ბირთვულ იარაღზე? – 2025 წლის ანგარიში

ვინ რამდენს ხარჯავს ბირთვულ იარაღზე? – 2025 წლის ანგარიში

ფოტო: Shutterstock 

 

სამშაბათს „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიამ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც მასშია აღნიშნული, მსოფლიოში ბირთვული იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფოს მიერ არსენალზე დახარჯული თანხები 2025 წელს თითქმის მეხუთედით გაიზარდა და $119 მილიარდი შეადგინა.

ცნობისთვის, „ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია“ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა, რომელიც წლიური ხარჯების მონიტორინგს 2020 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს ბირთვული იარაღის არსენალზე ხარჯების 19%-ით ზრდა კი მონიტორინგის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯგუფი მონიტორინგს უწევს ბირთვული იარაღის მფლობელ ცხრა ქვეყანას: აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აშშ-მა ბირთვული იარაღის არსენალზე $69.2 მილიარდი დახარჯა, რაც ყველა დანარჩენი სახელმწიფოს ჯამურ დანახარჯებს აღემატება. წინა წელთან შედარებით, აშშ-ის დანახარჯის ზრდამ რეკორდული 22% შეადგინა.

ბირთვულ არსენალზე მეორე ყველაზე დიდი ხარჯი ჩინეთმა გასწია. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2025 წელს აზიურმა ქვეყანამ $13.5 მილიარდი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ შარშან ბირთვული არსენალის ხარჯებით დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს გადაასწრო. გაერთიანებული სამეფოს ბირთვული არსენალის ხარჯებმა წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტი, $12.6 მილიარდი შეადგინა. რუსეთის ხარჯები კი ამავე პერიოდში მხოლოდ 6%-ით, $9.5 მილიარდამდე გაიზარდა.

#ქვეყანაწლიური ხარჯი (2025)ზრდა წინა წელთან შედარებით
1აშშ$69.2 მილიარდი22%
2ჩინეთი$13.5 მილიარდი7%
3დიდი ბრიტანეთი$12.6 მილიარდი17%
4რუსეთი$9.5 მილიარდი6%
5საფრანგეთი$7.7 მილიარდი8%
6ინდოეთი$2.8 მილიარდი12%
7პაკისტანი$1.5 მილიარდი18%
8ისრაელი$1.2 მილიარდი2%
9ჩრდილოეთი კორეა$656 მილიონი4%

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.