სადაზღვევო კომპანიების მოგება 21.5 მლნ ლარით გაიზარდა

სადაზღვევო კომპანიების მოგება 21.5 მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის 9 თვეში, საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 34.6 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 21.5 მლნ ლარით აღემატება.

გაზრდილია კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის მოცულობაც (პირდაპირი დაზღვევის სახეობებიდან) და ის 417.1 მლნ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის 345.7 მლნ ლარისა.

გაიზარდა ინდუსტრიის აქტივების მოცულობაც და მან 30 სექტემბრის მდგომარეობით 712.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 115 მლნ ლარით აღემატება. 

რაც შეეხება კომპნიების ჯამურ კაპიტალს, ის 200 მლნ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით, 47.6 მლნ ლარით აღემატება.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პრემია კომპანია ჯიპიაიმ მიიზიდა და მან 87.9 მლნ ლარი შეადგინა – ზრდა წინა წელთან შედარებით 4.7 მლნ ლარია. მეორე ადგილზე მოზიდული პრემიის მიხედვით ალდაგია, რომელმაც 62.1 მლნ ლარის პრემია მიიზიდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ალდაგის მიერ მიზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა 9 მლნ ლარით შემცირდა. მესამე პოზიციაზე იმედი L-ია, 51.3 მლნ ლარით, რაც წინა წელთან შედარებით, 7.5 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მეოთხე პოზიციაზე თიბისი დაზღვევაა 44.5 მლნ ლარით. კომპანიამ ერთ წელში მიზიდული პრემიის მოცულობა გააორმაგა (2017 წლის 9 თვეში 19.5 მლნ ლარი). ხუთეულს უნისონი ასრულებს 33 მლნ ლარით, – ზრდა წინა წელთან შედარებით 20.2 მლნ ლარია. მნიშვნელოვნად შეუმცირდა მიზიდული პრემიის მოცულობა პსპ-საც და თუკი გასული წლის 9 თვეში ის 29 მლნ ლარს შეადგენდა, წელს 15.5 მლნ ლარამდე შემცირდა. 

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ყველაზე მეტი ზარალი ჯიპიაიმ აანაზღაურა – 55.6 მლნ ლარის, მას მოსდევს უნისონი 30.3 მლნ ლარით და იმედი L 29.5 მლნ ლარით. 

საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *